ბრეივიკზე თავდამსხმელმა ჩეჩენმა ბიჭებმა, შესაძლოა, კადიროვის ჯილდოზე უარი თქვან

16 წლის რუსტამ დაუდოვმა და 17 წლის მოვსარ ჯამაევმა, რომლებიც კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკს დაესხნენ თავს და მისთვის ხელის შეშლით 23 მოზარდის სიცოცხლე იხსნეს, შესაძლოა, უარი შეუთვალონ ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს და მისგან ჯილდო პროტესტის ნიშნად არ მიიღონ, – ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიაში მცხოვრები ბიჭების მეზობელი, საკუთარ ბლოგზე ავრცელებს.

„მე ისეთი შათაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსტამს და მოვსარს სულაც ფეხებზე ჰკიდიათ კადიროვიც და მისი ჯილდოც, რადგან ისინი რუსებს ვერ იტანენ, კადიროვი კი რუსი არ არის, მაგრამ ჩეჩნეთში კრემლის პოლიტიკას ატარებს. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ უწოდებდნენ ისინი კადიროვს მონას“, – წერს ბლოგერი.

მართალია, თვითონ ბიჭები და მათი ოჯახის წევრები ამ დრომდე არანაირ განცხადებას არ აკეთებენ, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ნორვეგიულ გაზეთთან ინტერვიუს დროს ბიჭებმა რუს სამხედროებს ოკუპანტები უწოდეს, მათი ოჯახის წევრები კი სწორედ რუსების მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებული ომის შედეგად გახდნენ ლტოლვილები, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჩეჩნეთში კადიროვთან ჩასვლაზე უარიც თქვან.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩენ ბიჭებთან ნორვეგიულ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ (ქართულ ენაზე ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ „დრონი.ჯი“–ს ამ ბმულზე), სადაც დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ შეუშალეს ხელი ბიჭებმა ბრეივიკს და როგორ გადაარჩინეს ახალგაზრდები, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩეჩენი ბიჭები ოფიციალურად მიიწვიოს ჩეჩნეთში. რამზან კადიროვის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი აპირებს, დაუდოვსა და ჯამაევს „საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭოს.

კომენტარი