სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უკვე ისიც კი ვიცი როგორ არ უნდა დამცინცლონ ფული" - მარიამ საჯაია ინდოეთის შესახებ საინტერესო ამბებს ყვება

ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია რამდენიმე კვირაა ინდოეთში იმყოფება და პერიოდულად სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს ეგზოტიკური ქვეყნიდან. მარიამმა ახლა მთელს ემოციებს თავი მოუყარა და პატარა ჩანახატის მეშვეობით სოციალურ ქსელში მეგობრებს თავისი ამბავი უამბო:

"20 აგვისტო. ბოლო დღე.

პირველ დღეს, როცა ინდოეთში ფეხი დავდგი, ბომბეის აურზაურში ავტობუსს შევახტი და პირველ მეტროგაჩერებაზე ადამიანების ვაგონში შეძეძგვის ცერემონიას ვუცქირე ბაქანის კიბეებიდან, აღმომხდა ეს კითხვა:
- და არის ამაში ესთეტიკა?

სარი. სარი არის ესთეტიკა და იდეური მსგავსება.
ინდუსი ქალის სარივით ჭრელია, გადახლართულია, ერთი შეხედვით მოუწესრიგებელი, მაგრამ დალაგებული თანწყობა და ქვეწყობაა. თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ, მაგრამ შენს წილ თვალშევლებულს გარკვეული ერთიანობის ფორმა რომ აქვს.
ეს უშველებელი ნაჭერი, ფერადი, მრავალშრიანი, ბევრი დატვირთვით, ინტიმურიდან საჯარომდე წრიულად რომ მოძრაობს. თან ინდივიდუალურია - ერთი სარი ყველას განსხვავებულად მოერგება, ერთი ინდოეთი ყველას სხვადასხვა გამოცდილებას დაუტოვებს.

ინდოეთი - ეს ერთობლივი, კრებითი ცნება ახალია. ისტორიაში სულ ორჯერ იყო ინდოეთი ერთიანი. ეს ჩვენი წარმოსახვითი ცნება კი რეალურად უმცირესი, უგანსხვავებულესი ნაწილაკების ერთობაა. ეს ნაწილაკები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა დამოუკიდებლად და ამასთანავე ერთმანეთის გავლენით. ყოველ ახალ რეგიონში, ყოველ სხვა ქალაქში, ყოველ მომდევნო სოფელში წააწყდები განსხვავებულს და მაინც ინდუისტური კულტურისთვის დამახასიათებელს.
ერთ ქალაქში წააწყდები ინდურად მდიდარ-დიდებულს და ინდურად მაძუნგარა-ღატაკს.
აქვე იგრძნობ სურნელოვანი ჯოხების გამაბრუებელ სურნელს და განავლის თუ ნაგვის სუნს თანაბრად.
აქ გაიგებ, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული წყლების სამეულში შემავალი განგი იყოს წმინდა. და რომ მიუხედავად სიწმინდისა, შეიძლება ყველა სახის ნაგავი ყარო შიგ.

პარადოქსები. კონტრასტები. ეს არის ინდური გამოცდილება. თავგადასავალი. როგორც ჩემი ერთი ვარანასული საღამო.

საღამოს პუჯა. ხალხი განგის პირას. ხალხი განგში. ხალხი განგზე ნავებში.
განგში მცურავი მანათობელი სანთლები.
- ფორ გუდ კარმა
- მანი ფლიზ

უკვე ისიც კი ვიცი როგორ არ უნდა დამცინცლონ ფული. ისიც, როგორ არ გადამახდევინონ ზედმეტი
- დონთ გივ მი ტურისტ ფრაის, გივ მი ინდიან ფრაის! - ვეუბნები და თავს გვერდებში ვაკანტურებ.
ეს "ვიღაც ჩვენზე უფრო გაქექილი" გავხდი ამ თვენახევარში.

ხმაური, აურზაური, მოძრაობა. უკვე ბუნებრივად ქცეული რიტმი. ისეა, როგორც აქ უნდა იყოს. ეს არის აქაურობა. ნორმალურობა. ის კულტურული განსხვავება, რაც ყველას გვსმენია.

- ფუუ ძროხის მძღნერი
- ფუუ მძღნერის სუნი
- ფუუ ტალახი
- ფუუ ადამიანის ფერფლი
ყველაფერ ამის ერთობლიობა არის აქაური ყოველდღიურობა. ან ეჩვევი და იღებ ამას მოცემულობად, ან გეზიზღება ინდოეთი, თავის ხალხიან ძროხისგანავლიანად. ასე ცხოვრობენ, ეს უნახავთ, ასე უცხოვრიათ. არ არის ეს გაწკრიალებული ევროპა. სხვა შინაგანი კულტურის ხალხია. ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტთან უფრო ახლოს. და ამასთანავე ამყოფიერებაზე ნაკლებად მზრუნავი.

სახლები განგის პირას - ბრაჰმანთა, მღვდელმსახურთა კლასის საცხოვრებელი. ერთი ხაზით უკან ვაჭართა და ხელოსანთა კლასი. დრო გაყინულია. აქ ადამიანები რეალურ საქმეს, "სერვისს" ასრულებენ. იქ მეწაღე, აქ აფთიაქარი, დალაქი, მცხობელი. მღვდელმსახურებაც პროფესიაა.

სწრაფი ნაბიჯით მივდივართ ბნელ, ვიწრო და კლაკნილ შუკებში.
- იუ ჰევ თუ ლუქ სიქს დაირექშენ.
წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ქვემოთ, ზემოთ.
მიზეზები? მაიმუნი, მოტოციკლი, ძროხა, რიქშა, განავალი, წვიმა.
- აი გოთ ე შით - მეუბნება და მთელი საღამონათრევ გიტარაზე მანიშნებს ხესუსი
- ნაუ აი გოტ ე შით. რიალ უან - ვეუბნები და იმწამს მძღნერში ჩადგმულ ფეხზე ვანიშნებ
-ბი ქეაფუკ ვიდ დი ქაუ, მკიდებს ხელს და გვერდზე მწევს, ქუჩაზე მორბენალმა ძროხამ რომ არ მირქინოს.

და ასე ექვსი მიმართულებით ცქერით, ჩქარი არამწყობრი ნაბიჯით ჩამოვსხედით განგის პირას. გვერდზე ცეცხლი ანთია.
- იცი რა იწვის? - მეკითხება შაში.
- იე, ჰუმან...
სრულიად აუღელვებლად ვპასუხობ. აუღელვებლად და უდრტვინველად ვამბობ, რომ კი, ვიცი, ადამიანი იწვის. აქ სიკვდილის აღქმა გაცილებით მსუბუქია. ეს ციკლია. დჰარმა. ყველა გარდავიცვლებით. ან ნირვანაში ან რეინკარნაციით. მერე რა მოგვივა, უფრო სწორედ - ჩვენს სხეულს რა მოუვა, განა რა სადარდებელია. ამ მალფუჭებად, ხელახალი გამოყენებისთვის უვარგის ჭურჭელს რა მოუვა რა სადარდებელია.

და მაინც რა არის განსხვავება და რატომაა აქაურობა ასე ძირეულად განსხვავებული...
ჰარდკორია. ყველაფერი ჰარდკორია. სიბნელე. შავი. სიჩუმე. ხმაური. სიხარული. სიგიჟე.

დღეს ბოლო დღეა. თვენახევარი გასულა.
მე ვერასდროს ვეტყვი ვინმეს ეყვარება თუ ეძულება ინდოეთი. შორიდან ვერც ვერავინ იტყვის უყვარს თუ არა. ჩანასახშივე მცდარი იქნება გადაწყვეტილება საკუთარ ტყავზე გამოცდის გარეშე მისი საუკეთესოდან მის უკანასკნელამდე. მე ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა. როცა ვინმე ამ ყველაფერს გამოცდის, დამოკიდებულიბის უკიდურესობა ჩამოუყალიბდება - ან ეყვარება, ან ეძულება. ეყვარება ან ეძულება მთებიანად, ტროპიკული მცენარეთა საფარიანად, ბრინჯის ბრტყელი ყანებიანად, ჭაობებიანად, ჩალით ან ფიქალით დახურული სახლებიანად, ქაოსიანად, ხმაურიან-მძვინვარებიანად.და ხალხით...ისეთივე ჭრელით, როგორიც სარი ინდოეთი. და ექნება მისი წილი ინდოეთი როგორც გამოცდილება. თუ როგორი იქნება ეს გამოცდილება, ეს ინდივიდუალურია.
მე ჩემი წილი ინდოეთი მაქვს. მე ჩემი წილი ინდოეთი მიყვარს ჩემში და ჩემი თავი მიყვარს ჩემს წილ ინდოეთში.

ფოტოები: ვარანასის დილა, დილის 4 საათი - განგიდან მზის ამოსვლა"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100