სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფერეიდანული ოცნება საქართველოზე“

ცისარტყელის ქვეშ თუ გაძვრებით საქართველოში დაბრუნდებითო ბებო გვეუბნებოდა... იქ ტყუილები არ არსებობსო. ტყუილს საერთოდ არ იძახიანო... ოცნებად გვქონდა მთელი ბვავშვობა ფერეიდნელ ბავშვებს რომ ზღაპრულ საქართველოს დავბრუნებოდით...“

ასე ნატვრაში გავიდა წლები, დღეს კი სოფი ონიკაშვილი საქართველოში ცხოვრობს. ის ფერეიდანიდან 10 წელია რაც ჩამოვიდა, საქართველოში გათხოვდა და მეორე შვილს ელოდება. ამბობს, რომ წინაპრების ოცნება აასრულა და საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

„8 დედმამიშვილი ვართ, მაშინ ბევრ შვილს აჩენდნენ, სკოლაში სანამ შევიდოდით სულ ქართულად ვსაუბრობდით, ეზოშიც გოგო-ბიჭი სულ ერთად ვთამაშობდით, რაც იქ ირანელებს აკრძალული ჰქონდათ. ირანელი გოგო-ბიჭი ერთად ვერ ითამაშებდა, ამიტომ, სულ უკვიდრდათ ჩვენი, იქაურ ბავშვებს.

სკოლაში სწავლება სპარსულ ენაზე მიდიოდა, რაც თავიდან ქართველ ბავშვებს ძალიან გაგვიჭირდა, ასევე აუცილებელი იყო თავსაბურავის ტარება, თავზე უნდა გვფარებოდა. იქ აუცილებელია რომ ყველა მუსულმანი იყოს, თუმცა ჩუმად მაინც ვინათლებოდით მართლმადიდებლებად, ეს რა თქმა უნდა იქაურებმა არ იციან, რადგან სასტიკად აკრძალუალია, თუმცა ბევრი ქართველია მონათლული და ბევრი მართლმადიდებელია.

მე პირადად საქართველოშ ჩამოსვლის შემდეგ მოვინათლე, აქ რა თქმა უნდა თავსაბურავს არ ვატარებ, ქმარიც ფერეიდანელი ქართველი მყავს. ექიმობა იყო ჩემი ოცნება, იქ სამედიცინოზე ჩაბარება რთულია, ამიტომ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ჩვენთან ჩამოსული, ის დაგვპირდა რომ დაგვეხმარებოდა იქაურ ახალგაზრდებს უნივერსიტეტში მოწყობაში და მართლაც ასე მოხდა.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, გადმოვედი საქართველოში, მერე გავთხოვდი და აქედან წაქსვლას არ ვაპირებ. ფერეიდანში მყავს ოჯახი, სადაც ზაფხულობით ჩავდივარ, ჩემს დებსაც უნდათ აქეთ წამოსვლა და აქეთ სწვალა. საერთოდ ბევრს უნდა ფერეიდანიდან საქართველოში დაბრუნება, ისინი ხომ საქართველოზე ოცნებაში გაიზარდნენ.“

სოფი ონიკაშვილი 33 წლის - ფერეიდნელი ქართველი...

ნიკა რამიშვილი უკვე ერთი წელია საქართველოშია, ის მეგორებთან ერთად ჩამოვიდა ნანატრ საქართველოში, მუშაობაც დაიწყო და საერთოდ აღარ ფიქრობს ირანში დაბრუნებაზე. ნიკა ამბობს, რომ ფერეიდანში გადასახლებულ მის წინაპრებს სისხლში ჰქონდათ ქართველობა და იქ ააშენეს მათ თავიანთი საქართველო, თუმცა ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე არასოდეს შუეწყვეტიათ.

სწორედ ამ სიყვარულმა ჩამოიყვანა ის თბილისში, სწორედ ამ სიყვარულმა მიატოვებინა კარგი სამსახური ირანში და ამ სიყვარულით აპირებს დამკვიდრებას წინაპართა მიწა-წყალზე.

ნიკა აქ თავს ბევრად თავისუფლად გრძნობს, ასევე ამბობს, რომ აქაური ქართველი გოგონები ბევრად ნორმალურ და კარგ პირობებში იზრდებიან. „იქ გოგოს ვაჟთან დალაპარაკების საშუალებაც კი არ აქვს, მათთან მიახლოებაც კი რთულია, ეს კი ვფიქრობ ძალიან ცუდია. იქ სხვა წესებია, რომელიც მე არ მომწონს, რთულია ქალისთვის ისე ცხოვრება, როგორც ირანში ცხოვრობენ“

ნიკა რამიშვილი, 27 წლის ფერეიდანელი ქართველი...

"დრონი.ჯი" შეეცადა თქვენთვის, საქაართველოში მცხოვრები ფერეიდნელების ნაამბობი გადმოეცა იქაურ ქართველობაზე, იქაურ ადათ-წესებზე და სამშობლოში დაბრუნების ოცნებაზე, რომელიც მათ გულში დღემდე არ განელებულა.

ახლა კი დრონი.ჯი გთავაზობთ ნათია ქიმაძის ფერეიდანში მოგზაურობის ამბებს. ნათია ის ერთ-ერთი ქართველია, რომელმაც მარტყოფში ქართული წიგნები ჩაიტანა 20 კაციან ჯგუფთან ერთად, რომლებმაც ფერეიდანში ქართული ბიბლიოთეკა დააარსეს. ნათია თავად მოგიყვებათ საქართველოდან ფერეიდანამდე განვლილი გზისა და იქაური მოგზაურობის ამბებს:

„მეც ქართველი ვარ, ფერზანე მქვიაო და დასტურად მარცხენა ხელისგული გაშალა, სადაც ფლომასტერით ქართული ასოებით დაეწერა თავისი სახელი.

ფერზანე ფერეიდნელი გოგონა აღმოჩნდა, გვარად ასფანანი (ასფანაშვილი)… რომელსაც პაწია ხელისგულზე თავისი სახელი კი არ დაეწერა – საქართველო დაეხატა”.

2016 წლის სექტემბერში ვესტუმრეთ ფერეიდანს,150 წიგნის ჩატანა მოვახერხეთ. შევადგინეთ 20 კაციანი ჯგუფი, ჯგუფის წევრები გახლდნენ, მეცნიერები, ისტორიკოსები, მოცეკვავეები, მომღერლები ,ხელოვნებადმცოდნეები. პირველი ემოცია ჩემთვის ყველაზე წარუშლელი დარჩება.

35 საათი ვიმგზავრეთ თბილისიდან მარტყოფამდე (ფერეიდუნშაჰრი) ღამის სამი საათი იყო მარტყოფში როცა ჩავედით, წინასწარ იცოდნენ ჩვენი ჩასვლის შესახებ და ჩვენც ვიცოდით რომ იქ გველოდნენ.

მარტყოფის ცენტრში გაჩერდა ჩვენი ავტობუსი, სრული სიწყნარე იყო,არც არავინ ჩანდა ქუჩაში, ვხედავდით მხოლოდ გაჩერებულ მანქანებს, ცოტა შევშფოთდით, უცებ მანქანების კარი გაიღო და უამრავმა ადამიანმა მოიყარა ჩვენს ირგვლივ თავი, ისეთი ქართული ჟრიამული ატყდა სიტყვებით გადმოცემა მართლაც შეუძლებელია, გვესმოდა სხვადასხვა შეძახილები:

,,გამარჯობა, როგორახართ? ხომ არ დაშრით ( ხომ არ დაიღალეთ) ,,როგორ არიან ჩვენს სამშობლოში“? და ა.შ. შემდეგ გადავნაწილდით სხვადასხვა ოჯახში 3,4,5, კაციან ჯგუფებად. არნახული მასპინძლობა გაგვიწიეს, საქართველოდან ჩასულ სტუმარს რომ სტუმართმასპინძლობა გაგიკვირდება.

ჩვენმა მასპინძლებმა გვითხრეს რომ დილას უბრალოდ გავსულიყავით მარტყოფის ქუჩებში და გვესეირნა, მართლაც, გათენება არც ვაცადეთ გავედით ქუჩაში, აბსოლუტურად ყველა გამვლელი ქართულად საუბრობდა, აბსოლუტურად ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა, მათთვის დიდი პატივია როდესაც მის ოჯახს დედა სამშობლოდან ჩამოსული გურჯი სტუმრობს.

რა თქმა უნდა, ყველასთან სტუმრობას ვერ ვახერხებდით. ყველა გვეხვეოდა და გულში გვიკრავდა, მთელმა პროვინციამ იცოდა რომ საქართველოდან ქართველები ჩავედით და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენს სანახავად.

გვეკითხებოდნენ საქართველოს შესახებ, როგორ გამოიყურებოდა, რა წეს-ჩვეულებები გვაქვს, საქართველო საფიცრად აქვთ, რაც ქვეყნად წმინდა და სათნოა, ყველაფერ იმას ადარებენ საქართველოს. მათთვის ყველა ქართველი კეთილია და საქართველო სამოთხედ წარმოუდგენიათ. აინტერესებდათ რატომ დაგვივიწყეს საქართველოში, საქართველო და იქაური ძმები ჩვენ 400 წლის მანძილზე ხომ არ დაგვიწყებიაო.

გამორჩეულად დამამახსოვრდა ჩემი მეგობრის, ნიკა რამიშვილის პაპა, მელიქ ონიკაშვილი, სამშობლოზე შეყვარებული 83 წლის მოხუცი, რომელსაც საქართველოში დაბრუნების იმედი დღემდე არ დაუკარგავს. ნიკასგან ხშირად მესმოდა, რომ პაპის მთელი ცხოვრების ოცნება საქართველოში დაბრუნება იყო.

შვილისშვილები სწორედ პაპამ აღზარდა ჭეშმარიტ ქართველებად, ნიკა ერთი წელია რაც დაუბრუნდა საკუთარ ფესვებს და ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც აიხდინა ბატონმა მელიქმა თავისი ოცნება. ბატონი მელიქი პირველი ფერეიდნელი ქართველია რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა ფერეიდანში.

ყველა ქართულ დასახლებებში,მ ანქანებზე, ჰიპერმარკეტებზე სხვადასხვა დაწესებულებებზე ყველგან ქართული წარწერებია: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ . ,,გაუმარჯოს სამშობლოს“ ,, დიდება ქართველსა“ ,,დედის ენის დამვიწყებელს დამმარხელი არა ჰყავს“ და ა.შ.

ემოციური შეხვედრები გვქონდა თორელ ქართველებთან,სოფელ აღჩიას მოსახლეობა სიხარულის ცრემლითა და ქართული მასპინძლობით დაგვხვდა.

იქაც გვესმოდა ქართული შეძახილები გურჯები ჩამოსულან“, „მოდით ჩონთანა (ჩვენთან)“, „გაუმარჯოს ჩონ (ჩვენს) გურჯებსა!“ „ჩონი წინაპრებიც გურჯები იყვნენ“.

იქ გავეცანით სოფლის მეურნეობას, ტრადიციას და მათ კულტურას, რომელიც სპარსულ-ქართული კულტურის სინთეზს წარმოადგენს. იქაურ ქართველებს გაშენებული აქვთ ვაზი... აღჩიაში მოყვანილი კიტრი და პომიდორიც ისეთივე გემრიელია, როგორიც საქართველოში.

სოფელში საინტერესო ადგილი ვნახეთ: ხრიოკი ადგილებია (სადაც ქართველები ცხოვრობენ, ის ადგილები გამწვანებულია). მინდორში ქვების გროვა ვნახეთ. იქაურმა ქართველმა აგვიხსნა, რომ წინათ, აქ მართლმადიდებლური ეკლესია ყოფილა, რომელიც ხელისუფლებამ დაანგრია.

დარჩენილ ქვებს ქართელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ, რომ არ გადაუყარონ. ბევრმა ქართველმა წმინდა ქვები სახლში წაიღო და გადამალა იმ მიდამოებში წყლის პრობლემა ყოფილა. როდესაც ეკლესია აუგიათ, მიწიდან წმინდა წყარო ამოსულა. ის წყალი ახლაც მოედინება. ბავშვებსაც იმ წყაროზე ნათლავდნენ ქრისტიანულად. მართალია, ახლა ქართველები მუსლიმანები არიან, მაგრამ ის ადგილი ახლაც წმინდად მიაჩნიათ...

თორელში ყოფნისას ძმებმა ხოსროშვილებმა ოჯახში მიგვიპატიჟეს. ეს ის ძმები არიან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ, ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. ძმებმა გვიამბეს, რომ როგორც ყველა ფერედანელმა, მათაც ბავშვობიდანვე იცოდნენ, რომ ქართველები იყვნენ და არსებობდა ,,დიდი დედა საქართველო" (იქაურები ჩვენს ქვეყანას ასე უწოდებენ).

ძმები საქართველოში წამოსასვლელად სულ ემზადებოდნენ. სიმბოლურად, ფეხით ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, როცა ჩვენი წინაპრები ფერეიდანში გადაასახლეს, ფეხით მიდიოდნენ. ცხადია, წინაპრები უფრო ცუდ პირობებში იყვნენ...

ერთ დღესაც, ძმები საქართველოსკენ გამოემართნენ. გზაში უამრავი სირთულე გადაიტანეს, ერთ-ერთი ძმა ავად გამხდარა და გარკვეულ მანძილზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. ზოგჯერ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - მორჩა, ვეღარ შევძლებთო, მაგრამ წინაპრების ტკივილი და განსაცდელი ახსენდებოდათ და გზას აგრძელებდნენ... ძმებმა საქართველოში 2 თვეში ჩამოაღწიესეს და ცოტა ხნით იცხორეს.

ყველამ იცოდა, რომ წიგნები ჩავიტანეთ და გვთხოვდნენ, იქნებ, ერთი "დედა ენა" გვაჩუქოთო. ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი წიგნების გარდა, ტურისტებს სხვა ქართული წიგნებიც ჰქონდათ და შეძლებისდაგვარად, მოსახლეობას დავურიგეთ.

ფერეიდნელი ქართველები ქუჩაში რაიმე ქართულის ღიად გამოჩენას ერიდებიან. მარტყოფიდან ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა: ჩემი მეგობრის დეიდისთვის უნდა გადამეცა ,,დედა ენა“ ისე მოხდა რომ მთელი დღე ვერ მოვახერხე მისი ნახვა,გვიან საღამოს შემთხვევით ქუჩაში შემხვდა, მეც ავიღე ბედად დარჩენილი ,,დედა ენა“ და გადავეცი, ქალბატონი ჰიჯაბმოხვეული იყო, წიგნი აიღო და ჰიჯაბში დამალა, ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის (ამ სიტუაციის ფოტოც მაქვს და მოგაწვდით).

ყველა ბავშვი ლაპარაკს ქართულად იწყებს. ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა ახალი თაობა უფრო მეტად მოწადინებულია, რომ თანამედროვე ქართული ენა და ტრადიციები ისწავლოსო. ქუჩაში რომ მივდიოდით, ზუსტად იმ დროს, სკოლაში გაკვეთილი დასრულდა და ქართველი მოსწავლეები გარეთ გამოვიდნენ. მაშინვე მიხვდნენ, ვინც ვიყავით. სიხარულით შემოგვეგებნენ, ქართულად ჩვეულებრივ საუბრობენ, უამრავი ლექსი იციან.

ერთი დღე ქალაქ ისპაჰანში გავატარეთ, იქაც უამრავი ქართველი ცხოვრობს, ფერეიდანიდან გადასახლებული, რომლებიც ისევე ქართველობენ როგორც ფერეიდანში მცხოვრები ქართველები.

ქართველების ოჯახმა გვიმასპინძლა. იქ ერთ-ერთ ბარს - "ქართული კაფე" აწერია. ის ფერეიდანელ ქართველებს ეკუთვნის. ერთერთი მფლობელი ირანში ცნობილი რეპერი ანდრია იოსელიანი გახლავთ. კაფეს გარედანაც და შიგნითაც ქართული წარწერები აქვს, მენიუში ქართული კერძებიც არის და ქართული სიმღერებიც ჟღერს...

ქალაქ ისპაჰანში, მოედანზე სეირნობისას გვერდით რამდენიმე ქალმა ჩაგვიარა, უცებ მესმის ქართულად ნათქვამი: „ნახე, გურჯი ყორები (გოგოები) მოსულან, (ჩამოვიდნენ) ჩონი (ჩვენი) დიდი საქართველოდან“.

ემოცია არ მყოფნის ის სითბო და სიხარული გამოვხატო, რაც იქ განვიცადე. წამოსვლისას მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოსული და ხელის აწევითა და შეძახილებით გვემშვიდობებოდა: „ღმერთს ებარებოდეთ!“ „გვიყვარხართ“, „მალე ჩამოდით ჩონთანა“…

ამ დრომდე ფერეიდანში საქართველოზე მხოლოდ ზღაპრები არსებობდა. მოხუცები ბავშვებს უყვებოდნენ ზღაპარს ცისარტყელაზე – ციცისკიბეს ერთი ფეხი საქართველოში აქვს, მეორე კი ფერეიდანშიო. ვინც ცისარტყელაში გაძვრება საქართველოში აღმოჩნდებაო. ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ ცისარტყელას, რათა დადევნებოდნენ მას და ოცნებას, რომელსაც საქართველო ერქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100