"ავერსი" ფეინთბოლის ტურნირის გამარჯვებულია

ივლისის დასაწყისში, ჟურნალ "არსენალის" ინიციატივით, გაიმართა ტურნირი ფეინთბოლში კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების გუნდებს შორის. მოასპარეზენი აეროპორტის დასახლების მახლობლად, საგანგებოდ მოწყობილ, სანგრებითა და ბარიერებით აღჭურვილ ბრძოლის ველზე შეხვდნენ ერთმანეთს. ფინალური შეხვედრა 10 ივლისს შედგა. გამარჯვება კომპანია "ავერსს" ხვდა წილად. გამარჯვებულმა გუნდმა "სილქნეტისა" და "ფრეგოსგან" "არსენალის" თასი და სპეციალური პრიზები მიიღო.

ტურნირის წესების თანახმად, გამარჯვებულად ცხადდებოდა გუნდი, რომელიც ორ მოგებას მიითვლიდა. "ავერსი" ხუთ გუნდს დაუპირისპირდა. პირველად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აჯობა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მერე კი პროექტის სპონსორი – იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელი კომპანია "ოში" დაამარცხა. შემდეგ ნახევარფინალი მოიგო, რომელშიც მასთან ერთად "ქებული" და "თეგეტა" მონაწილეობდნენ, დაბოლოს, ფინალურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ სძლია "ქებულს".

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, რომ ტურნირის იდეა "პალიტრა მედიას" ეკუთვნის:

– "არსენალი" 2004 წლიდან გამოდის. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება და ცხოვრების ჯანსაღი სტილის პოპულარიზაციაა. ფეინთბოლი კი ერთგვარი იმიტაციაა იმ საომარი მოქმედებებისა, რომლებშიც ადამიანის მებრძოლი სული იწრთობა. ჟურნალისტობის ოცდახუთი წლის განმავლობაში შვიდი ომის გაშუქება მომიწია, მაგრამ ერთია, როდესაც ჟურნალისტის სტატუსით ხარ ფრონტის ხაზზე და მეორე – როდესაც თავადაც მონაწილეობ ბრძოლაში.

ტურნირის დადებითი მხარეა ისიც, რომ ასეთი ღონისძიებები არათუ ადამიანებს, არამედ მთელ კომპანიებსაც კი აახლოებს. კომპანიებს შორის კარგი ურთიერთობა, თავის მხრივ, ქმნის მტკიცე საფუძველს თანამშრომლობისთვის, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის და, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის სიკეთე მოაქვს.

კობა სებუა ავერსელთა ღირსებას იცავდა.

– ვფიქრობ, ტურნირი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, – გვითხრა მან, – როდესაც გუნდს ვაყალიბებდით, დროის სიმცირის გამო აქცენტი სწრაფ და ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებზე დავსვით, ამიტომ ისე გამოვიდა, რომ ჩემი თანაგუნდელების უმეტესობა "ავერსის" მინიფეხბურთის გუნდის წევრია. მათ გარდა, გუნდის შემადგენლობაში არიან კალათბურთელი დავით კალანდაძე და ნიკა სავანელი. გუნდში სულ შვიდი მოთამაშეა – ხუთი ძირითადი და ორი სათადარიგო. ტურნირის ორგანიზატორებმაც აღნიშნეს, რომ განსხვავებული ტაქტიკა გვქონდა – ვიყავით აქტიურები, მაგრამ ამავე დროს ფრთხილები და სწრაფები. უკანა პოზიციიდან შესანიშნავად გვაზღვევდნენ შოთა ლომიძე და დავით კალანდაძე. ნიკა გვაზავა და დავით გითოლენდია ბევრს მოძრაობდნენ და მანევრირებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე. ყოველივე ამის სინთეზმა, ასევე – აქტიური გულშემატკივრების თავდადებამ და ყიჟინამ საბოლოოდ გამარჯვება მოგვიტანა. ყველას დიდი მადლობა შესანიშნავი ღონისძიებისთვის. ფეინთბოლი მართლაც ძალიან აზარტულია და იმედს გამოვთქვამთ, ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობით მომავალშიც არაერთხელ ვასახელებთ ჩვენს კომპანიას.

– საკმაოდ რთული შეხვედრები გავმართეთ, – დასძინა შოთა ლომიძემ, – თითოეული გამარჯვება დიდი სიხარული იყო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს სპორტული შეჯიბრება, გასართობი ღონისძიება გახლდათ, მაგრამ რეალურად სპორტიც ბრძოლაა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შეჯიბრებაში მონაწილეობის გამოცდილება არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია. გადაგვარჩინა ორგანიზებულობამ, ერთსულოვნებამ, ბრძოლის ჟინმა და სპორტის სიყვარულმა. სპორტი და, საზოგადოდ, ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია.

"ავერსი" მუდმივად მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებებში, რომლებიც კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების მონაწილეობით იმართება. "ავერსის" მინიფეხბურთისა და კალათბურთის გუნდების ისტორიაში უკვე არაერთი გამარჯვება ჩაიწერა.

ავერსელები პირადი მაგალითითაც უწევენ პოპულარიზაციას ცხოვრების ჯანსაღ წესს და თითოეულ თქვენგანს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს უსურვებენ.

კომენტარი