სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ნატახტარი“ და “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს ადვოკატობას გაუწევენ

კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, მაია მგელიაშვილმა და კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ღონისძიებას კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“ და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს.

“საქართველოში ბევრი მოწყვლადი ახალგაზრდა, რომელთაც, ხშირად, ჯერ კიდევ არ აქვთ გადალახული იმ ბავშვობისდროინდელი გამოცდილებით მიღებული ტრავმა, რომლის გამოც ისინი ზრუნვის სისტემაში მოხვდნენ, ამ სისტემიდან კი ისე გადიან, რომ მომავლისთვის სათანადოდ არ არიან შემზადებულნი, როგორც ემოციურად, ასევე, ფინანსურად. შესაბამისად, ეს ახალგაზრდები 18 წლის ზემოთ საკუთარი თავის იმედად რჩებიან და ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების წინაშე. კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების უმთავრეს მიზანს სწორედ ამ ახალგარდების პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, რაც ასეთი წერტილოვანი ინიციატივების მეშვეობით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს და რასაც სამთავრობო დონეზე ადვოკატობა სჭირდება. სწორედ ამ საკითხებს დაარეგულირებს აღნიშნული კამპანია“, - აღნიშნა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, მაია მგელიაშვილმა.

კომპანის „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილის თქმით, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარების პროგრამების არსებობა მხოლოდ კერძო ინიციატივებს არ უნდა ეფუძნებოდეს.

“მემორანდუმის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების გაძლიერება წარმოადგენს. “ფონდი ნატახტარი“ ამ კუთხით მუშაობას 2011 წლიდან ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში დახმარება გაუწია 307 ბენეფიციარს, რისთვისც საერთო ჯამში დაიხარჯა 750 ათას ლარამდე. დღეიდან ჩვენი ფონდი და “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ამ მიმართულებით ერთობლივად იმუშავებს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტი რესურსის მოძიება მოხდეს და ამ კეთილ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაც მოხდეს. ასე ჩვენი ადვოკატობა მომავალში უფრო მეტ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 747 857 ლარი და 300-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

რაც შეეხება “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ეს გახლავთ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი 41 ორგანიზაციის გაერთიანება, რომლის მიზანს ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგნეს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100