სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ პუტინმა ტაფის ხელით გადაღუნვა ვერ შესძლო, თავით კი არ უცდია

გაზეთი The Christian Science Monitor–ი წერს, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი ცნობილია თავისი ათლეტური შესაძლებლობებითა და საკუთარი სხეულის აფიშირებით. როგორც გაზეთის ჟურნალისტი წერს, პუტინმა თავის ფანებს იმედები არც ახალგაზრდულ ფორუმ „Селигер-2011“–ზე გაუცრუა, სადაც საკუთარ კუნთების რეკლამა გაუკეთა.

გამომცემლობამ პუტინის ცხოვრების რვა ყველაზე ცნობილი „ნათელი“ მომენტი გამოყო, როდესაც პრემიერი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჩადიოდა და საკუთარი ძალების დემონსტრირებას სხვადასხვა ფორმით ახდენდა.

1. სალიგარის ახალგაზრდების ბანაკში, პუტინმა თავისი ფიზიკური ძალის დემონსტრირება მოახდინა. Moscow Times–ის ცნობით, მან დაზღვევის გარეშე დალაშქრა ალპინისტების სავარჯიშო კედელი. მან, ასევე, მოინდომა შიშველი ხელებით ტაფის გადაღუნვა, თუმცა, ვერ მოახერხა და ,,უძლეველი“ ვალოდია ახალგაზრდების წინაშე შერცხვა.

2. 2010 წლის დეკემბერში, პუტინმა საკუთარი თავი უფრო მუსიკალური მხარით „წარმოაჩინა.“ ის სანკტ–პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, როიალს მთვრალი მიუჯდა. პრემიერი უკრავდა და თან მღეროდა. პუტინმა ისე იმღერა, რომ გეგონებოდათ ,,სპილომ ყურზე“. დამსწრე საზოგადოება როიალის ,,ცოდვით იწვოდა.“

3. 2010 წლის ნოემბერში, პუტინმა ,,ფორმულა 1“–ს ყვითელი ,,რენოთი“ გაინავარდა. მას ისე მოეწონა ეს სპორტი, რომ 2014 წლის ,,ფორმულა 1“–ს გრან–პრის ჩატარება რუსეთში მოითხოვა.

4. ხშირ შემთხვევაში, პუტინი საკუთარი კუნთების დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა 2010 წლის აგვისტოში მან თბილად ჩაიცვა და იაპონიის ზღვისკენ აიღო გეზი, რათა ვეშაპებს დაკვირვებოდა. არსებობს ფოტოც, სადაც რუსეთის პრემიერი გასაბერ ნავში ზის და ვეშაპებს ფოტოებს უღებს. გავრცელებულია ცნობით, პუტინს კინაღამ ნავი გადაუყირავდა. ბეწვზე გადარჩა ,,კუნთმაგარი“ ვალოდია, თორემ საკუთარი სხეულის დემონსტრირება ვეშაპის კუჭში მოუწევდა.

5. 2010 წლის ივლისში, როდესაც რუსეთი 600–მდე ტყის ხანძარმა მოიცვა, პუტინი ტელევიზიებში პირველ ადგილს იკავებდა. დღეში რამდენიმეჯერ აჩვენებდნენ პუტინს, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას ამშვიდებდა და ასევე ცოტა ხნით ხანძარჩამქრობი ვერტმფრენის მეორე პილოტად მუშაობდა.

6. პუტინს სურს საკუთარ ხალხს დაანახოს, რომ მას ამ ქვეყნად არაფრის და არავისი ეშინია. მას არ ეშინია, ლომების, ვეფხვებისა და დათვებისაც კი. მან ტელევიზიების თანდასწრებით ლომს იარაღიდან ესროლა, რომელიც დამამშვიდებელი ნემსებით იყო დატენილი, გალიიდან ლეოპარდი გამოუშვა და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე დიდ დათვს ხელი ჩამოართვა.

7. რუსეთის პრემიერი ასევე ,,ძიუდოს დიპლომატიას“ ფლობს. ის შავი ქამრის მფლობელია. მან ერთხელ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ძიუდო არის ფილოსოფია, რომელიც პარტნიორის პატივისცემას გასწავლის, თუმცა, ძალიან დასწყდებოდა გული, როცა მისი საყვარელი ჟიუდოისტი ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე „აბურთავა“.

8. პუტინს უყვარს საკუთარი კუნთების დემონსტრირება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგანაც მან 2007 წელს გადაიღო ფოტო, სადაც ტანსზემოთ შიშველია და თევზსაჭერი ანკესი უჭირავს. გაზეთმა ,,გარდიანმა“ ამ ფოტოზე მინაწერი გააკეთა, რომ ,,პუტინი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მე ძლიერი ვარ და რუსეთის მეზობელ ყველა ქვეყანას თევზივით დავიჭერო.“

როგორც ცნობილია, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ვლადიმერ პუტინი არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. რუსეთის პრემიერს მოუწევს იმაზე ფიქრი, საკუთარი ,,ცნობილი“ კუნთები როგორ და რა ფორმით ,,გააპიაროს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100