სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიჭო ნიჭიერები თუ ნიჭიერი უნიჭოები?

აგერ უკვე თვეზე მეტია, „რუსთავი 2“-ის ეთერში გადის ტელეპროექტი „ნიჭიერი“.
ამ პროექტში გამოვლენილ ნიჭსა და უნიჭობაზე, საერთოდ პროექტის ნიჭიერებაზე, მოდით, ქვემოთ ვრცლად ვისაუბროთ, მანამდე კი მთავარს მოგახსენებთ – ამ პროექტმა ნიჭიერად დახატა ჩვენი საზოგადოების სურათი. და ეს სურათი დაიხატა პროექტის მონაწილეების გამოსვლებშიც, ჟიურის ქმედებებშიც და დამსწრე მაყურებლის რეაქციებშიც.

მაყურებელი მართლაც რომ გაგაოგნებდათ – ლამის ერთნაირად რეაგირებდა მართლაც უბადლო ნიჭიერების გამოვლინების დროსაც და სრული კოშმარის დროსაც. გაგიკვირდებოდა ასე ერთსულოვნად რანაირად მოსწონდა მაყურებლის ერთსა და იმავე შემადგენლობას ერთიც და მეორეც.

ხშირ შემთხვევაში გაგაოგნებდათ თავად ჟიურიც (ნიკა მემანიშვილი, მაია ასათიანი, გეგა ფალავანდიშვილი). ჟიური რიგ შემთხვევაში აბსოლუტურად ადეკვატურად რეაგირებს, ხან კი ისეთ რამეს იწონებს, თმები რომ არ გქონდეს, ამოგივა და ყალყზე დაგიდგება.

რა იწვევს ამ ყველაფერს? მყარი გემოვნების არქონა? ქაოსი ღირებულებათა სისტემაში? თანამედროვეობის სენი – ზედაპირულობა? ალბათ ყველაფერი ერთად.

ეს პრეტენზიები ალბათ მაინც ყველაზე უფრო ნაკლებად ნიკა მემანიშვილს ეხება. როცა საქმე მუსიკას, სიმღერას ეხება, ის მართლაც რომ შეუვალი და უკომპრომისოა. მის გულს იშვიათად იგებენ იაფფასიანი სენტიმენტებით, იმ სენტიმენტებით, რომელზეც წარმატებულად რეაგირებს მაია ასათიანი. მაგალითად, მისი გული მომბალია, როდესაც ვინცხა მისი გულიზა მიდის პროექტში – მომწონხარო. ვიღაც თავის ბაბუას ახსენებს და მისი გული მონადირებულია.

ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ მაშინ, როდესაც ვინმე თეთრშარვლიანმა ირაკლი ძამუკაშვილმა თვალთ სათვალე გაიკეთა და დაკარგულ სიყვარულზე აბღავლდა, ჟიურიში აშკარა კონფლიქტი გაჩაღდა.

მემანიშვილმა თეთრშარვლიან უნიჭოს წითელი აუნთო, მაგრამ რა გინდა, ასათიანიც და ფალავანდიშვილიც ნეტარების მორევში ცურავდნენ - კარგიაო. მემანიშვილი აიჯაგრა, რა იყო კარგი? მუსიკა? შესრულება? თქვენ ცუდი მუსიკის პროპაგანდას ეწევითო. ასათიანმა თავი იმართლა, კი არ იყო კარგი მუსიკა, არ იყო კარგი შესრულება, მაგრამ ვიხალისეთ, რას ერჩი, კაცი მოვიდა თეთრი შარვლითო. სახალისოდ მივიდნენ თუ ნიჭიერთა გამოსავლენად?

მემანიშვილი მართლაც შედარებით უკომპრომისოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მუსიკასა და სიმღერას ეხება, თუმცა კი, ერთიორი იაღლიში მანაც გააპარა ამ სექტორშიც – კერძოდ, როცა ნატა მესხი ალა პუგაჩოვას სტილში ამღერდა და ასათიანმა და ფალავანდიშვილმა „დაბრაკეს“, მემანიშვილმა მოიწონა და თავი იმით იმართლა, რომ მესხს ქარიზმა ვულგარული, მაგრამ მაინც ქარიზმა ჰქონდაო...

კომპრომისი დაუშვა მაშინაც, როცა სცენაზე პატარა ბიჭი იდგა – თავის დაწერილ მუსიკას უკრავდა და თან მღეროდა – მაინც კომპოზიტორიაო. თავის ბავშვობა გაახსენდა... მაგრამ, არა მგონია, ის დავიწყებოდა, თვითონ ასე მწყრალად რომ არ იყო მუსიკასთან არასოდეს.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, მემანიშვილი ამგვარ კომპრომისებზე მხოლოდ იმ დროს მიდიოდა და მაშინ ამბობდა „კის“, როცა მისი „კი“ არაფერს ცვლიდა.

ჟიურის არათანმიმდევრულობამ გაკვირვება-შეცხადებაშიც იჩინა თავი. ძალიან გაიკვირვეს, ერთი მთიული რომ ოპერის სცენაზე ხინკლით გამოძღა, ალბათ ლოზუნგით „ჭამაშია ნიჭიერება“, გაიკვირვეს, ოპერის სცენაზე ხინკალი არავის უჭამიაო. აბა რა, ოპერაში ხინკალს ვინ ჭამს, არც „შემოიხედე გენაცვალეა“ და არც „პროფილი“...

ძალიან გაიკვირვეს კახელი ბიჭის აწყობილი ტრაქტორის გამოჩენა ოპერის სცენაზე, ტრაქტორი ოპერის სცენაზე პირველად დგასო.

ეს ყველაფერი ძაან გაიკვირვეს, მაგრამ არავის გაჰკვირვებია, როცა სცენაზე შავ „სეტკაში“ გამოკვართული ტიტლიკანა გოგო გამოვარდა და სტრიპტიზი მოაწყო – ის „სეტკაც“ გაიძრო და "რუბენას ქალივით" ძუძუები გადმოყარა ოპერის სცენაზე.

არ გაჰკვირვებიათ – ძუძუთა და დუნდულების თამთამი ნიჭიერაბადაც შერაცხეს და შემდეგ ტურში გაუშვეს. არ გაჰკვირვებიათ, გეგონება ამ სცენაზე ოდესმე ან მაყვალა ქასრაშვილს მოეწყოს სტრიპტიზი, ან ვერა წიგნაძეს, ან ნინო ანანიაშვილს...

ჟიურის სასარგებლოდ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა – ის სხვა საქმეა, ვინც შემდეგ ტურში გაუშვეს, რამდენად არიან ნიჭიერნი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ვინც მათ "დაბრაკეს", მართლაც რომ "დასაბრაკები" იყვნენ. შესარჩევი ტურის კვალობაზე, ეს კი არცთუ ისე ცუდია.

რაც შეეხება თავად მონაწილეებს... მათი ხილვისას ვერ დარჩები ნელთბილი ემოციების და მშრალი შეფასებების ამარა, მაგალითად ასეთის – „კარგი“, „ცუდი“, „ნიჭიერი“, „ნაკლებნიჭიერი“, „უნიჭო“...

გაგაკვირვებს ამ ხალხის ამბიციურობა, წარმოდგენა ნიჭიერებაზე იმდენად, რომ შეიძლება ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც ჩაიხედო, რას ნიშნავს ცნება „ნიჭიერი“.

14 წლის გოგონამ გაიქანა და მუშტი შეიდო პირში – დამინახეთ, ნიჭი მაქვსო. კი უთხრეს, მაგი ნიჭი არააო და გაუშვეს, მაგრამ მაინცდამაინც ჟიურიმ უნდა უთხრას ეს გოგონას, რომ მუშტის პირში შეტენვა ნიჭი კი არა, ჭიჭინაა?

ვიღაც ზრდასრულმა კაცმა აკვარიუმით „ნაყვარება“ თევზი მიიყვანა და მერე გადაყლაპვა მოუნდომა, ვიღაცამ გალიით ჩიტები მოიყვანა, მინდია ვარ, ყველა ფრინველის ენა მესმისო. არც ის გააკავა ვინმემ, „ნიჭიერში“ რომ მიდიოდა.

ვინმე უჩა ჯოხარიძემ გიტარას ჰკრა და თავის დაწერილი სიმღერა დაამღერა, მისგან გაქცეულ ლალიზე, „ქამან, ქამან ლალიო“, ესაო, ისაო და „გასწავლიდი ჯირითობას გაჭენებულ ცხენზეო“. არც ის გააკავა ვინმე შინაურმა, რომ მაინცდამაინც ოპერაში არ გამოეჭენებინა თავის თავი. აი, მაყვალა კარტოზიამ ყელი მოიღერა, ოპერაშიც მიმღერია, კონსერვატორიაშიც და ფილარმონიაშიცო. მადონა და ბრიტნი სპირსი ჰყვარებია, მერე რა, რომ ისევ რეზო ლაღიძის „თბილისო“-ს მიადგა და ტაოტგამშრალ „ტაჩკასავით“ აჭრიალდა...

ვიღაც კი, წურწუმიას კლონივით გამოეცხადა საზოგადოებას... აი, 61 წლის საკინა (როგორც თავად გვითხრა: „მოჟნა საბრინა“) სახლიდან თავის ვაჟს გამოჰპარვია, წინააღმდეგი იყოო. გამარჯვებას არც ლამობდა, ბოლოდან პირველიც რომ ვიყო, მერე რა, „ზატო ყველა მიყურებსო“, პირველად ვმღერი, ეტა ბილა მაია მეჩტაო. ოცნების ასრულება აცალეს, ოპერის სცენაზე ამღერეს და გაუშვეს.

ასე ბევრმა აიხდინა ოპერის სცენაზე სიმღერის ოცნება. ლუკმა მიუგდო დამშეულ ამბიციას.

ვიღაც იკლაკნებოდა და ეგონა, ცეკვის ნიჭი ჰქონდა, ვიღაც ჩხაოდა და თავი მარია კალასი ეგონა. როცა „ბრაკავდნენ“, უმეტესობა ისეთი სახით ტოვებდა დარბაზს, რომ ჟურნალისტურ წრეებში ლეგენდადქცეული ერთი ამბავი გამახსენდა. „ახკომში“ ერთ გიჟპოეტა ქალს ლექსების დაბეჭდვაზე უარი უთხრეს, იმ ქალმა კარი გაიხურა, მერე ისევ გააღო – ისტერიულად წამოიძახა – „ასე მოკლეს ვაჟა-ფშაველაცა“ - და კარი გაიჯახუნა...

მეტწილად დარბაზიც ხალისობდა, ჟიურიც, მაგრამ ხანდახან, მართლაც, რომ სატირლად იყო საქმე რეალურად...

მოდი და გული ნუ დაგეწვება, 87 წლის ბაბუა რომ გამოვა, ახალგაზრდობაში ვმღეროდი, ახლა ვიფიქრე, ახალგაზრდობას გავიხსენებ-მეთქი...

ან 83 წლის ბაბუა რომ გამოვა თავის მეწყვილესთან ერთად და სამეჯლისო ცეკვას იცეკვებს და შემდეგ ტურშიც გავა. ამ შემთხვევაში ფალავანდიშვილმა მართლა სწორად დააფორმულირა მისი ნიჭი – ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების ნიჭი...

მოდი და გული ნუ შეგიწუხდება, პატარა გოგო სამუხლეებს რომ გაიკეთებს, სცენაზე ბოდიალს რომ დაიწყებს, რომ ვერ გაიგებ რისთვის უნდოდა ის სამუხლეები და ბოლოს თავს რომ იმართლებს, მერე ვაპირებდი მუხლებზე დადგომასო. აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა მოვაო. ვიღაცამ ქოჩორი დაივარცხნა და სავარცხლით „ყვავილების ქვეყანა“ დაგვიგუგუნა. ვიღაცამ თავის შეყვარებულის წერილები დაგვახია თავზე, მერე წაიცეკვა, წაიფერფორმანსა და შემდეგ ტურში გავიდა.

მოდი და გული ნუ დაგეშანთება, როცა გამოვა სცენაზე ზუგდიდელი 65 წლის გადაპრანჭულ-აბრჭყვიალებული ქალი და ფანდურზე დაახრიალებს „ოშანტე, გული ნუ დამიშანთე...“.

ან მაშინ როგორ არ უნდა შეძრწუნდე, როცა სცენაზე გამოვა ახალგაზრდა ქალი, პედაგოგი, ბავშვებთან რომ აქვს საქმე, და საქმიანად გამოაცხადებს, ამ ბოლო დროს თეატრალური ნიჭი აღმოვაჩინე საკუთარ თავში და გასაქანი მინდა მივცეო. ცხოველებს ვასახიერებო და ახლა თევზსა და ქარს განვასახიერებო. ეტიუდს გავაკეთებო.

თუ არ გინახავთ, იტყვით, რა ქნას თუ აღმოაჩნდაო. და რა აღმოჩნდა? გაკუნტრუშ-გამოკუნტრუშტა, კუნტრუშს ტექსტ-კომენტარი შეაშველა, ტუჩებიც ყვლიპა თევზივით, მერე წყალი დაშრაო, თევზი კვდებაო და იატაკზე გაგორდა. მერე საიდანღაც ღაღანა წითელი ლასკუტი დააძრო, ცეცხლი, ცეცხლი, ხეები იწვისო და ისე დაიწყო ამ წითელი ბაირაღით სირბილი, გეგონება, ოპერაში კი არა, კორიდაზე იყო და გეგონება, ჟიურიში მემანიშვილ-ასათიან-ფალავანდიშვილი კი არა, ხარები ისხდნენ.

მერე ისევ ტექსტი შემოგვაშველა და ქარია, ქარიო, ფალავანდიშვილმა „დაასტოპა“, მაგრამ რაფავამ მაინც მოასწრო მარაოს გაშლა...

მართლა სატირალია ეს ყველაფერი, მაშინ, როცა ამ ყველაფერზე „კი“ თქვა სწორედ იმ მემანიშვილმა, რომლის უკომპრომისობაზე ბევრი ვისაუბრე, როცა საქმე მუსიკას, სიმღერას ეხება.

ერთადერთი კითხვა გამიჩნდა, ასეთი ნიჭის პატრონი მუსიკისა და დრამის თეატრს რომ მიადგეს და ესეთი ნომრები მემანიშვილის კაბინეტში ჩაატაროს, მემანიშვილი მას გაუწევს რეკომენდაციას დოიაშვილთან – თეატრში აიყვანეო? და რომ ააყვანინოს, მერე ამ ნიჭის პატრონებით დადგამს „დოი“ „მაკბეტს“? გული მარტო ამ ვაი-ვუი ნიჭიერების შემთხვევაში არ დაგეწვებოდა ადამიანს.

„რუსთავი 2“-მა ცაგერელი ქალბატონი, სამი შვილის დედა მაშინ დააფიქსირა, მოშიებული ხაჭაპურით გულს რომ იბრუნებდა. გამოვიდა ეს ქალბატონი, ყველა აშკარად ალმაცერად უყურებდა, მაგრამ... მაგრამ ის, რომ მან მართლაც გასაოცრად იმღერა „ჰერიო ბიჭებო“. ალალად მოყვა, შვილებს ვუვლი, მეურნეობა მაქვს, პირუტყვს ვუვლიო... მე კიდე გული დამწყდა, ეს ქალი ძროხას წველის, ვიღაცები კიდე ჩვენს ესტრადაზე დატინგიცობენ... ეს ის შემთხვევაა, ნიჭი რომ სადღაც მართლა იფერფლება.

რიგ შემთხვევაში, ცოტა ეჭვი შეგეპარება, რას ვარქმევთ ნიჭს, და საერთოდ რის ნიჭეს ვეძებთ?

აი, პეტრე ჩილინგარაშვილმა, იგივე გირომ პარიზში მცხოვრებ შვილიშვილებს მოუწყო სიურპრიზი – ნახეთ, პაპა ფორმაშიაო – ბოთლებზე სკამით შეხტა და მძიმე გირები სულ ბატიბუტივით იქნია, მერე ლურსმნები წნა და მეორე ტურში გასვლაც გაინაღდა.

სურამელმა პატრულმა კი ყურებით ასწია 48 კილო გირები. ბოლოს დასძინა, ყურები მტკივა, მაგრამ სასიამოვნოდო. ხაშურელი ვასილ ხაჩიძე დამტვრეულ შუშაზე გაწვა, გულზე ლოდი დაიდო და დაალეწეს, მერმე ფიცრები დაილაგა გულზე და მანქანა გადაატარეს, ვიღაცამ კბილებით გაათრია „მარშუტკა“, მერე იმ „მარშუტკიდან“ მთელი ჯალაბი გადმოლაგდა, საბარგულიდან გაშლილი სუფრაც გადმოიღო – ისიც კბილებით...

უშუისტმა კორნელი მაისაშვილმა ჯერ წვივებზე გადაამტვრევინა ფიცრები, მერე მკლავებზე, მერე თავში კომბალი სდრუზეს და გადაატეხეს, მერე თავზე სამი აგური დაიდო, ჩაქუჩი ჩაარტყეს და გადაამტვრიეს. ბოლოს საიდუმლოც გაგვიმხილა – კახელი ვარ, ვიტანო.

ერთმა პაწია ბიჭუნამ კი, არც მეტი არც ნაკლები, მთელი ოჯახი გაასეირნა ველოსიპედით – გაითრია და გააკატავა...

ეს წარმატებული ნომრები იყო, ვიღაცას კი მარცხი მოუვიდა – თავი გაუტყდა, ვიღაცამ კი ლეწა კრამიტები, მაგრამ დაბრაკეს. ასეა, ზოგის კრამიტი კრამიტია, ზოგისა კიდე არა.

საერთოდ გაუგებარია, ამგვარი თუნდაც წარმატებული და საოცარი ნომრები ნიჭის რა კატეგორიაში გადის?

ეს კითხვა რამდენჯერმე ნიკა მემანიშვილსაც გაუჩნდა, კაი, მომეწონა, მაგრამ რამდენად არის ეს ის ნიჭიერება, რომლის გამოვლენასაც ჩვენ ვცდილობთო? ეს კითხვა მემანიშვილს მაშინ გაუჩნდა, როცა ვიღაცამ ცეცხლები და ხანჯლები ყლაპა...

ხანჯალ-შამფურ-„ვილკების“ ყრის გარეშე, კი, რამდენიმე ხალასი ნიჭი მარგალიტივით მართლაც გამოერია ამდენ ფუნაში. მაგალითად, 14 წლის მარიამ კახელიშვილი, 9 წლის ტყუპი დები, ასევე 9 წლის პაწია ავთო თავის ძმაკაცებთან ერთად – თავისი შოკისმომგვრელი „სალტოებით“, პატარა ბიჭი ბურთს რომ კენწლავდა, ბათუმელების ცეცხლოვანი შოუ, აკა-გვანცას ლათინოამერიკული ცეკვა თუ ელენე ჩიხლაძე – თავზეშანდალდადგმული რომ ცეკვავდა არაბულ ცეკვას.
მოკლედ, ავკარგიანი პროექტია. ასეთი რამ არასოდეს არაა დაზღვეული შეცდომებისგან, იაღლიშებისგან – არაა ნიჭის პოვნა იოლი რამე. ნიჭის პოვნა კიდე ცალკე ნიჭია – ნიჭთა ნიჭი. კოტე უნდა იყო მარჯანიშვილი, უშეცდომოდ რომ ამოიცნო ნიჭი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100