სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძე Facebook-ის მეგობრებს სადილზე ეპატიჟება

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სოციალურ ქსელ Facebook-ის მზარდი პოპულარობის ფონზე, არანაკლებ მზარდია ქსელში ქართველ პოლიტიკოსთა აქტივობა. უკვე თითქმის ყველა სამინისტროს საკუთარი გვერდი აქვს გახსნილი, თუმცა აქტიურობით ყველა არ გამოირჩევა. აქტიურები სოციალური პლატფორმის ათვისებას სხვადასხვა წამახალისებელი თამაშებითა თუ ვიქტორინებით ცდილობენ. ასევე, ანთავსებენ ინფორმაციას სამინისტროს ღონისძიებების შესახებ, რითაც პარალელურად, სამინისტროების საიტების პოპულარობის ზრდას ცდილობენ.

დღეის მდგომარეობით, სამინისტროებს შორის მოწონებებით (Like) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ლიდერობს. სამინისტროს გვერდი 18 135 მომხმარებელს მოსწონს. მეორე ადგილზე კი 16 911 ლაიქით კულტურის სამინისტროა.

Facebook-ის აუდსაიდერები კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და რეგიონალური განვითარების სამინისტრო არიან. მათი აუდსაიდერობა სოციალურ ქსელში მათი პასიურობის დამსახურებაა.

გარდა სახელმწიფო უწყებებისა, ასევე, თითქმის ყველა პოლიტიკოსს აქვს საკუთარი პერსონალური გვერდი - მათი უმრავლესობა ბოლო პერიოდში გაიხსნა რეკლამირება კი დღემდე გრძელდება.

ჯერჯერობით, ქართველ პოლიტიკოსთა და Facebook-ის მომხმარებელთა „მეგობრობა“ ვირტუალურ სამყაროს არ სცდება. აქტიურობის განსხვავებულ ფორმას, ცოტა ხნის წინ, მხოლოდ თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიმართა და მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული Facebook-კონფერენცია მოაწყო, სადაც „მეგობრების“ კითხვებს უპასუხა. აღნიშნული ღონისძიების ტელერეკლამირებამ უგულავას გვერდის რეიტინგზე დადებითად იმოქმედა.

უგულავას შემდეგ, როგორც ცნობილი ხდება, კოლეგებისგან განსხვავებულს გეგმავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

დავით ბაქრაძის Facebook-ის პერსონალური გვერდის ინფორმაციით, ბაქრაძე საკუთარი „რჩეული მეგობრებისთვის“ საზეიმო სადილს აწყობს და პარლამენტში ექსკურსიაზეც უმასპინძლებს.

საკუთარი გვერდის პოპულარობის ზრდისთვის გადადგმული ეს უპრეცენდენტო ნაბიჯი, დავით ბაქრაძემ, მიმდინარე თვის დასაწყისში გაახმიანა.

8 ივლისი დავით ბაქრაძის სტატუსი:

„მეგობრებო! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისათვის. თქვენი აქტივობის დაფასებისა და კომუნიკაციის გააქტიურების მიზნით, მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა: როცა ჩემი გვერდის მეგობრების რაოდენობა მიაღწევს 10,000 ადამიანს, მათგან შემთხვევითი წესით შევარჩევთ 10 მეგობარს, დავპატიჟებთ პარლამენტში, მოვუწყობთ გაცნობით ტურს და შემდეგ, ყველანი ერთად წავალთ სადილზე. მისაღებია ასეთი იდეა? :) “

აღნიშნული იდეა იმაზე მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი გვერდის ადმინისტრატორები წარმოიდგენდნენ.

სტატუსმა არც მეტი, არც ნაკლები 412 like და 161 კომენტარი დააგროვა. იდეა ყველამ ერთხმად მოიწონა, ასევე გაჩნდა ახალი იდეებიც - ანალოგიური შეხვედრის ქუთაისის პარლამენტში ჩატარების შესახებ. უცნობია რამდენ ადამიანს მოსწონდა მაშინ ბაქრაძის გვერდი, თუმცა სულ რაღაც ორ კვირაში სასურველი ციფრიც დადგა და მომდევნო სტატუსმაც არ დააყოვნა.

24 ივლისი დავით ბაქრაძის სტატუსი:

„მეგობრებო! დიდი მადლობა ყველას შეხვედრის შესახებ ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. უკვე 10,131 მეგობარი მყავს და შესაბამისად, დადგა ჩემი პირობის შესრულების დრო. :) პირველ რიგში, ვითვალისწინებ ბევრი თქვენგანის თხოვნას და გარდა იმ ათეულისა, რომელზეც უკვე შევთანხმდით, დამატებით შევარჩევთ კიდევ 10 მეგობარს, რომელთათვისაც მოეწყობა პარლამენტის გაცნობითი ტური და გადაეცემათ სამახსოვრო სუვენირები.“

პარლამენტის თავმჯდომარის მეორე სტატუსს არანაკლები აქტიურობა მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, დავით ბაქრაძესთან შეხვედრა ბევრს სურს. თარიღი დაითქვა და ორ დღეში სიაც გამოქვეყნდა. ვინც საკუთარი თავი სიაში ვერ აღმოაჩინა დაინტერესდა თუ რა კრიტერიუმებით არჩევს მეგობრებს ბაქრაძე. კითხვას საპასუხო სტატუსი მოჰყვა.

28 ივლისი დავით ბაქრაძის სტატუსი:

„ბევრ თქვენგანს ისევ აინტერესებს, თუ როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: ნაწილი შეირჩევა სრულიად შემთხვევითი წესით, like-ის რიგითი ნომრის მიხედვით. ნაწილს კი არჩევენ ადმინისტრატორები თავიანთი სპეციფიური კრიტერიუმებით (აქტივობა, პოსტების რაოდენობა, კომენტირების სიხშირე, და სხვა). მე შეგნებულად არ ვერევი არჩევანში, რომ ობიექტური იყოს და ვინმეს არ ეწყინოს. :)“

პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ „მეგობრებს“ 9 აგვისტოს უმასპინძლებს და Facebook-ზე პირობას დებს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მის გვერდის გულშემატკივართა რაოდენობა 20 000-ს გადააჭარბებს.

და ბოლოს...

29 ივლისი დავით ბაქრაძის სტატუსი:

„პარლამენტში მომსვლელებმა შეგიძლიათ ფოტოაპარატები წამოიღოთ და რამდენიც გინდათ, იმდენი სურათი გადაიღოთ. :)“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100