სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უძრავ ქონებაზე ფასები მცირდება

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ოქტომბრის თვის 5000-მდე ტრანზაქცია. 2016 წლის ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირდა 3199 ტრანზაქცია, რაც წინა თვესთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ბაზრის აქტივობის მცირე კლების მიუხედავად, ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. უმნიშვნელოდ შემცირდა თბილისის წილი (0.2%-ით) ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდ­ვებში. დედაქალაქში ოქტომბერში ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე დაფიქსირდა (675 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%). გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგი­ლებს შესაბამისად ვაკე (559 ერთეული, 17.5%) და სამგორი (352 ერთეული, 11.0%) ინაწილე­ბენ. ა.წ. იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულე­ბული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე. 10-თვიან პერიოდში ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 53.6%-ით გაიზარდა და 605 ერთეული შეადგინა (480 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 125 კომერციული უძრავი ქონება). ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 74.2%-ით გაიზარდა და 1 202 828 კვ.მ შეადგინა (990 129 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 212 699 კვ.მ კომერციული უძრავი ქონება). ოქტომბერში შემცირდა საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის (-3.3% წინა წელთან შედარებით) და ქირის ფასის (-4.9% წინა წელთან შედარებით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 877 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქირის საშუალო ფასმა - 7.41 აშშ დოლარი. ოქტომბერში მთაწმინდა იყო ყველაზე ძვირი რაიონი როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 048 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.63 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი კი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (520 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით - გლდანი (4.13 აშშ დოლარი). ამავე თვეში შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (-11.1% წინა წელთან შედარებით) და იჯარის ფასის ინდექსებიც (-13.7% წინა წელთან შედარებით). ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 133 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი - 10.22 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია ISET- ის ვებგვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100