სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დავიწყე მუშაობა ცირკთან, ვისაც ბიჭები მოწონდა, ბევრი ფული ჰქონდათ" - ტრანსგენდერი ნატას ისტორია

ისტორია ტრანსგენდერ ნატაზე.

"გადასარევად! სუ ამ სიმაღლეზე არ დავდივარ! უბრალოდ, ახლები როა, ფეხზე მიჭერს.

ასე ვიყავი სოფელშიც, ეხლა, რამდენიმე დღის წინ. პირველად წავედი კაბით, ჩემ ბიჭთან ერთად.

დიდი სოფელია ჩვენი, უბნებადაა დაყოფილი. გვერდზე უბნელებს ვეღარც ვცნობ. ეგ კი არა, წლებია, მეზობლები არ მინახავს. ისე ჩავდიოდი, ეზოს გარეთ არც ვიხედებოდი.

სკოლამდე რასაც ქვია, ბედნიერი ბავშვი ვიყავი, სანამ გავიგებდი, რა იყო გოგო და ბიჭი.

შვიდი წლის შევედი პირველ კლასში. ოჯახს არ ქონდა საშუალება, წიგნები და ტანსაცმელი რო ეყიდათ. მაგიტო დავაგვიანე. ერთ წელიწადში მამიდაჩემი გათხოვდა და ბიძაჩემი დაგვეხმარა, მაგის წყალობით შევედი სკოლაში.

მაშინ, იცით, როგორი მერხები იდგა? ზემოდან გადასაწევი რო ქონდა. გვერდზე ბიჭი მეჯდა. მომწონდა მასთან ახლოს ჯდომა. ვერ ვშორდებოდი.

დედაჩემი სოკოს მოიტანდა ხოლმე. ჩვენ ფეჩთან ველოდებოდით. მახსოვს, ერთი დღე გავატარეთ მარტო ჩაიზე. ჩაინიკი გვქონდა ძველი, თეთრი, ნახვრეტებით. მე და ჩემ დას გვეგონა, დედა საჭმლის ჭამას გვიშლიდა. სახლიდან გავიდოდა თუ არა, დავდგამდით ფეჩზე ჩაინიკს და ჩქარ-ჩქარა ვსვამდით ჩაის – გვეშინოდა, არ შემოესწრო. ახლა კი ვაცნობიერებ: საჭმელს ვინ დაგვიშლიდა, არაფერი გვქონდა უბრალოდ სახლში.

დედაჩემი ისევ სოკოებზეა, მახსოვს. დაბრუნდა სახლში და ბაბუა წაეკამათა. უცბად გავიხედე და ბაბუაჩემი ცელით არ გამოუდგა (მამაჩემი ამ დროს სად მიწაშია, არ ვიცი). დედაჩემი ვაჟკაცი ქალია, ცელი მოიგერია, მარა მეორე დღეს კი წავიდა სახლიდან.

სკოლიდან რო დავბრუნდი, აღარ დამხვდა. ჩემი დაც დატოვა თუ წაიყვანა, აღარ მახსოვს. არა, დატოვა თავიდან.

ერთი განიერი ფანჯრის რაფა გვქონდა, ყანყალებდა, რო დაეყრდნობოდი. მივიდოდი, დავაყრდნობდი იდაყვებს და დედაჩემის ნაცვლად, ფანჯრის წინ ვაშლის ხეს ველაპარაკებოდი. ვეუბნებოდი, დედი, აი, ამ ვაშლს რო მოგიკრეფ და ჩამოგიტან, ხანდახან ამეტირებოდა ხოლმე.

არასდროს მიკითხავს, რატო წავიდა. არ ვიცი, რატო არ ვკითხულობდი. თავისი მშობლების სახლში დაბრუნდა. მანქანით ორი საათის სავალზე იყო ჩვენგან, მარა ისეთი გზები იყო, რო გეგონებოდა ჭურში ჩავარდი. 6 წელი არ გვინახავს ერთმანეთი. ქუჩაში რო შემხვედროდა, ვერ ვიცნობდი.

დიდად არ მიგრძვნია უდედობა. ბებია მყავდა ძალიან მაგარი, ყველაფერი იყო ჩემთვის. ახლა დედაჩემი რამეს რო იტყვის ხოლმე მასზე, ისე ვღიზიანდები...

არც ისე დიდი ვიყავი, მწყემსაობა რო დავიწყე. დილის ექვს საათიდან გამყავდა ცხვარი და საღამოს ვბრუნდებოდი.

ხო იცით, ცხვარს და საქონელს თავ-თავისი მწყემსი ყავთ. სოფლის გზას ერთად გავივლიდით და მერე ვიშლებოდით ხოლმე. უკანაც ასე, გამოივლიდა, დამიძახებდა, წამოვრეკავდი ფარას და ერთად ვბრუნდებოდით. თან ვეხმარებოდით ერთმანეთს, ხან მე მოვატრიალებდი მის სამწყემსს, ხან ის ჩემსას.

საძოვარზე არ ვარგა ცხვარი და საქონელი ერთად. საქონელმა რომ არ გადათელოს ახალდაბადებული ბატკნები. მერე კიდევ, საქონელმა ბუზობა იცის. ვინც მორიგედ მომხვდებოდა, ყველა მეკითხებოდა: რა ამბავია ამხელა ჩანთა, რად გინდა ამდენი საჭმელიო?

ხომ არ ვეტყოდი, შიგნით ფარდა და კუკლია მიდევს-თქო. ვუღიმოდი შტერივით. და იქ როგორაა, იცი? აუჰ, მთელი მინდორი შენია! კაციშვილი არ გიყურებს არსაიდან. თუ მეორე ნახირმა გაიარა, ისიც მოშორებით იქნება. ახლოს არ მოვა. მარტო ხარ, რა. ამ ტრიალ მინდორზე, სუ მარტო. ჰოდა, რო ამოვაფრიალებდი ამ ფარდას, შემოვიხვევდი ტანზე და დავქროდი ხან ზევით, ხან ქვევით, ხან ვინ ვიყავი და ხან ვინ. ავირბენდი აღმართზე, დავეშვებოდი ფრიალ-ფრიალით. სერიალი გადიოდა მაშინ „გვადალუპე“ და იმას ვთამაშობდი.

დროდადრო საათს ვუყურებდი, ასე, ფარდით ხო არ დავხვდებოდი მეორე მწყემსს, რო გამოივლიდა.

სკოლაში საშინლად ვსწავლობდი. შვიდი კლასი ისე დავამთავრე, წესიერად წერა-კითხვაც არ ვიცოდი. მივაშტერდებოდი ჩემ შეყვარებულს და ვიჯექი მთელი დღე, სხვა არაფერი მესმოდა. მეშვიდეში „აი, ია“ და ასეთი, ყველაზე ელემენტარული რაღაცეები ვიცოდი (თორემ აბა, ახლა შემეჯიბროს ვინმე წერა-კითხვაში!). კლასელებმა კი, იცოცხლე, ისე კითხულობდნენ, სუ სხლავდნენ.

ვეცოდებოდი მასწავლებლებს და ალაგ-ალაგ სამებსაც მიწერდნენ. მაშინ სამი და ოთხი იყო, მერე მოვიდა ეს რვა და ცხრა.

დასვენებაზე სერიალობანას ვთამაშობდით. ძაან მიყვარდა სერიალის გოგოების როლის თამაში. მაღალი ტანის ვიყავი, ჭიანჭველებივით დამდევდნენ ჩემი კლასელები. სკოლის სპექტაკლებშიც ქალების როლს მაძლევდნენ. მაგარი მსახიობი ვიყავი. ისე წამივიდოდა გული, ვერავინ მიხვდებოდა. რეპეტიციები მიყვარდა ძალიან. ბევრი მთავარი როლიც მქონდა. ამ თამაშებში იყო ერთადერთი, კაბა თავისუფლად რო მეცვა ხოლმე.

იმ დათომ (სახელი შეცვლილია) როგორ არა, თავიდანვე იცოდა ყველაფერი. გრძნობდა, ხვდებოდა. ლექსებს ვუწერდი და ვუგზავნიდი ხოლმე, მარა არ გვილაპარაკია ამაზე. ბავშვებიც მახელებდნენ ხოლმე: აი, დათო მოდის, დათიკო, დათა (ათას სახელს უგონებდნენ), ეგ მოდისო. ვითომ მწყინდა, არადა მომწონდა, მაგიჟებდა ეს ხუმრობა. ისე, გრძელი ენა მქონდა. ყველაფერს ვუმხელდი გოგოებს. მეგონა, ისინი ჩემები იყვნენ და არ გამთქვამდნენ. მარა, მეშვიდე კლასს ვამთავრებდით, რო მთელ უბანში გაბაზრდა ჩემი ეს „უცნაური სიყვარულის“ ამბავი.

მაშინ იყო ისიც... კლასში წერილებს რო ისვრიან ბავშვები, ხო იცით? დათოს მივწერე „მიყვარხარ“. დავარდა ძირს ეს ფურცელი და სხვებმაც ნახეს. დასკდნენ ბავშვები სიცილით.

რო წამოიზარდნენ და დაიწყეს კაცობა, მერე გამიფუჭდა მაგათთან ურთიერთობა. შემეტყო ლაპარაკზე, სიარულის მანერაზე, რო არ ვგავდი სხვა ბიჭებს, გოგოებზე წვრილი ხმა მქონდა. მეგობრებთან არასდროს არ მილაპარაკია ჩემ თემაზე. მაშინ ჯერ ვერ აცნობიერებდნენ ჩემი კლასელები, რა იყო გეი (სოფელში იცოდნენ სიტყვა ცისფერი). ისე მიგდებდნენ მასხრად, დამცინოდნენ. კი, ხანდახან მწყინდა.

დავკარგე ბევრი მეგობარი სკოლაში. დავკარგე რა, იმას კი არ ვიძახი, გამარჯობას არ ვეუბნებოდით ერთმანეთს-თქო, დამცინოდნენ ზურგს უკან.

ვიჩხუბეთ მერე მე და დათომაც და აღარასოდეს დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.

იცი, რას ვნანობ? ასეა დღეს, რო მე სახელი გავუტეხე. არა, რა იქნებოდა, ურთიერთობა რო გვქონოდა, მივსალმებოდით მაინც ერთმანეთს. დიდი კაცია, თავისი ოჯახი ყავს, მე კიდე სუ სხვა ვარ, სხვა სახელი მქვია, რაღა გვაქ გასაყოფი.

სკოლის დირექტორი იყო არაჩვეულებრივი კაცი, ოჯახის ახლობელი, გვერდზე უბანში ცხოვრობდა. წერილის ამბავზე დამიბარა და გამაფრთხილა, მეტი ასეთი რამე აღარ გააკეთოო. რაღას ამოვიღებდი ხმას. ერთადერთი ის მინდოდა, მეცხოვრა ისე, რო აღარავის ვეცემე.

მაგარი ხალხი იყო დირექტორი და კლასის დამრიგებელი, ისე. მაგათ გამიკეთეს დაბადების მოწმობა მეცხრე კლასში, ჩემებს მაგის თავი სად ქონდათ. დედაჩემმა სახლში იმშობიარა. მამაჩემთან ხელიც არ ქონდა მოწერილი.

ხო გახსოვთ, მამა გაბრიელის დღე რო იყო ამ ოთხი წლის წინ? გადაძეძგილი მარშუტკებით მიდიოდა სოფლებიდან ხალხი მცხეთაში. ერთს მეც წავყევი.

თბილისიდან უკან აღარ დავბრუნებულვარ. ვიცოდი, რო ქალაქში გავიკვლევდი გზას. ოთხი წელია აქ ვარ. თექვსმეტის ვხდებოდი, რო ჩამოვედი.

ტრანსგენდერი რა ვიცოდი მაშინ! თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი, ბიჭივით გამოვიყურებოდი (კაბა რო ჩამეცვა სოფელში, ბიძაჩემი იმ დღესვე გამასვენებდა სახლიდან. აბა! მინდოდა რომელია.).

არც ჩემ დასთან მაქვს ურთიერთობა. 16 წლისაა და ერთი შვილი ყავს. ორი წლის წინ გათხოვდა. ბავშვი არც მინახავს.

ერთადერთი იყო, ვისთანაც ვლაპარაკობდი. მისი თავი ყველაფერს მერჩივნა. საჩხერეში, რესტორანში, მიმტანად რო ვმუშაობდი, ეგ მედგა სუ თვალწინ, სანამ ჩვენთან იყო, რამე რო არ მოკლებოდა (რა მოსაწონია სოფლის რესტორანში მუშაობა? კაპიკებს გიხდიან!). დედამთილ-მამამთილს უფრთხილდებაო, დედაჩემი ამბობს. რას იტყვიან იმათი ნათესავები, იმას დარდობს. მაგიტო არ მელაპარაკება. დაბადების დღე მივულოცე და გამითიშა.

ის კი არა, დედაჩემიც ცოტა ხნის წინ შემოვირიგე, 2 წელი არც ის მცემდა ხმას.

მამიდაშვილებთან კი მაქვს ურთიერთობა. ჩამოდიან ჩემთან, რჩებიან.

ოდნოკლასნიკებზე ყველა ჩემი ბიჭობისდროინდელი ფოტო გავაქრე. აი, მამიდაჩემს უდევს, იმას გაჩვენებთ.

ერთი ჩემი მეგობარი გოგო თბილისში გადავიდა სასწავლებლად, თავისმა მეგობარმა შეიფარა, სახლი ქონდა გლდანში, მარტო ცხოვრობდნენ, დედამისი საბერძნეთში იყო, სამუშაოდ. მეც ამ გოგოსთან მივედი. ექვსი თუ შვიდი თვე მაცხოვრებდნენ. ტანსაცმელი იმათ ნაცნობმა ბიჭმა მაჩუქა. ხო იცი, მერე ეს სახლის პატრონი და ის ბიჭი დაქორწინდნენ, ისე მიხაროდა! შვილი ყავთ ეხლა. კარგად არიან. ვნახულობ ხშირად (ვემასხრები, მოგკლავთ, დაგახრჩობთ, ზუკას ნუ მეძახით-მეთქი და არ ესმით, იცინიან).

ჰოდა, ცხოვრებაში არ მენახა კომპიუტერი. იმას ქონდა სახლში და რო დავჯდებოდი დილას, მეორე დილამდე ვერ ამაგდებდი იქიდან. ყველაფერი ჩემით ვისწავლე.

ეს ჩემი მასპინძელი გოგო მეგობრებს ეუბნებოდა, რო გეი ვიყავი, მაგრამ გარეთ რო გავდიოდით, მაინც მაფრთხილებდა, ცოტა „ისე“ მოიქეცი, თავდაჭერილადო. მარტო დედამისს უმალავდა, იქ რო ვცხოვრობდი.

სულ მაგათთან ხო არ ვიქნებოდი. რო წამოვედი ქალაქში, იმდენი სიმწარე ვნახე. სკოლა არ მქონდა დამთავრებული, სწავლით, რა უნდა მესწავლა, მაგის ფული საიდან. არაფრის კეთება მე არ ვიცოდი. მიმტანადაც არ გამოვიდა. ურთიერთობას ვეძებდი და კიდევ სამუშაოს. ჰოდა, დავიწყე მუშაობა ცირკთან. ხო იცით, შენი გულისას ყველგან იპოვნიო. რა მაქ დასამალი. მალე შევეჩვიე. დავინახე ფული. ვისაც ბიჭები მოწონდა, ბევრი ფული ქონდათ. მერე ნუკი გავიცანი. მაგან შეცვალა ჩემი ცხოვრება. თავისთან წამიყვანა სახლში, მანამდე ქუჩაში მეძინა. ნუკი ტრანსგენდერია. ყველაფერი მასწავლა – მაკიაჟის კეთება, საზოგადოებაში მოქცევა. ერთხელ, მახსოვს, მაღაზიაში გამგზავნა და ხურდად 5 ლარი მოვუტანე. შენი იყოსო, მითხრა. მაშინ ჩემთვის ხუთი ლარი მილიონი იყო. არ მჯეროდა, მართლა მეუბნებითქო ვეკითხებოდი. ტირილი დაიწყო და ჩამეხუტა. ორი წელი ვცხოვრობდი მასთან. ძმაც ჰყავს, ნატურალი. ბოლოს ისე ვიყავით, დედამისი რო ჩამოვიდა სამუშაოდან, რაც თავისი შვილებისთვის ჩამოიტანა, ის ჩამომიტანა მეც. როგორ არ იცოდა ვინ ვიყავი! ჰოდა, ნუკის გაცნობის მერე, მალე ტრანსობა დავიწყე.

არ იყო თავიდან ადვილი. ვის უნდოდა ახალი კონკურენტი, მასისხლიანებდნენ ისე მცემდნენ ტრანსები. თვალებში გაზიც შემასხეს ერთხელ. ამ ჩემ იაფიან, მბზინავ პარიკს მომაძრობდნენ და ნაგავში მიგდებდნენ. წავიდოდი მერე და ისევ ახალს ვყიდულობდი. რა მექნა, აბა, სხვაგან სად წავიდოდი? ბოლოს შემეჩვივნენ. ახლა ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

რამდენი მიფიქრია, სად არი ჩემი ადგილი, სხვაგან სად გამიშვებენ ერთი, კაი რა. ბავშვების მომვლელობაზე ვოცნებობ, ჰა, რა ვქნა მერე?

ძიძობა კი არა, ხანდახან ქუჩაში ისე მოგაძახებენ, სუსტი გული თუ გაქ, იქვე გაგისკდება. როგორ არ არის აგრესია. სახლში ცოცხალი მოვალ თუ მკვდარი დღესაც არ ვიცი. ორი წლის წინ, მაღაზიის კიბეზე დამაგორეს და ხელი მომტეხეს. ოპერაცია დამჭირდა.

სხვათაშორის, რამდენიმე წლის წინ, პატრული უფრო ჩვენს მხარეს იყო. დიახ, შეგინებაზეც კი ვიძახებდით. ეხლა ღადაობ? უნდა ეკაჩაო, თორემ გადაგივლიან წიხლებით. ელექტროშოკი დაარტყეს ჩემ მეგობარს იმის გამო, რომ კაცი ცემდა და ხელი შეუბრუნა. ამ დროს, აქეთ ზის მეორე პატრული და მესიჯობს. სასამართლოში ვუჩივლეთ. ყველანი ერთად დავდექით, მაგარი ადვოკატი გვყავს, ისიც ტრანსგენდერია. ეშინიათ მაგის, ძაან ჭკვიანია.

კინაღამ ცოლი მოვიყვანე მეც ზუსტად მასე, ვიფიქრე, ხალხს გავაჩუმებ-მეთქი. წამომყვა და წამოვიყვანე ჩემთან, სოფელში. იმ დღესვე დააბრუნეს სახლში. პაპაჩემის გულისთვის უფრო გავაკეთე ეს, მეცოდებოდა.

არ ვიცი, ბაბუაჩემმა პირველად ასე რო მნახა ელასტიკებში და გრძელ თმაში, ჯერ შეიჭერიო, დაიჩემა, მერე რო დავიძინე, თავზე ხის საღებავი წამისვა. ხო, რო შემეჭრა. მაგიტომ მაქვს ახლა დაგრძელება გაკეთებული. შევიჭერი, აბა, დათხიპნილი ხო არ ვივლიდი.

რა არ ვიცი, იცი? რა უნდა ვქნა ასაკში. მაგაზე რო ვფიქრობ, ვნანობ ხოლმე რაღაცეებს. ვნანობ თუ მეშინია, არ ვიცი.

ჩემი სოფელი და ჩემი სახლი მენატრება. ჩემი პაპა. მამიდები. ჩავდივარ, მარა ასე, სტუმარივით. იქ მინდა ცხოვრება. რო შემეძლოს, თბილისში სულ არ ჩამოვიდოდი. რო მითხრა – ჯანდაბას, გეცვას ეს შენი კაბები, მარა უსიყვარულოდ იცხოვრე და სოფელში იყავიო, წავიდოდი. ოღონდ ჩემ ხალხთან ვიყო. სად რო შენ სოფელში გაივლი შენებურად და სად რო ზიხარ სახლში და გარეთ ვერ გადიხარ. ეზოს გარეთ ბოლო დრომდე არ გავსულვარ. არ მინდოდა დავნახვებოდი სოფელს. არ მინდა გარეუბანმა გაიგოს. პაპაჩემს წამოაძახებენ რამეს. ისედაც ძლივს გადაიტანა, პირველად რო გაიგო, გულმა დაარტყა. ისე შემეშინდა, რამე არ მოსვლოდა... მე ჩემით არასდროს ვეტყოდი. მამიდებმა კი, სუ იცოდნენ, გიჟი გოგო რო ვიყავი.

წინა კვირას ვიყავი სოფელში, ხო ვთქვი უკვე? ვნახე ბიცოლაჩემი, ბაბუაჩემის ბიძაშვილი. სკოლაში შევედი ასე, ელასტიკებით, მაკიაჟით, ძაან უცნაური იყო, ვიჯექი მერხთან. მე, ჩემი ბიჭი და მეგობრები ჩავედით. მოვატარე უბანი. ვერ მცნობდნენ, სანამ არ ვეტყოდი ვინ ვიყავი. უი, გაგიჟდნენ! ზოგმა იტირა. ნათესავები ვნახე, ძველი კლასელები. მეც ვიტირე.

ძაან მაგარი დრო ვატარეთ. მერე ბუნებაში ვიკოტრიალეთ და წამოვედით. შეცვლილები მომეჩვენნენ. არ მეგონა, ასე თუ შემხვდებოდნენ. მართლა გაუხარდათ ჩემი დანახვა. პაპაც კი სხვანაირი მომეჩვენა, რა ვიცი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100