ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან. სწავლების ძირითადი თემებია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა.

რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ტრენინგს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სწავლება თბილისში დაიწყო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. აღნიშნულ ტრენინგში 25 მონაწილეა ჩართული.

17 სექტემბერს საარჩევნო საკითხებზე რეგიონული მედიის ჟურნალისტები უკვე ქუთაისში გაივლიან ტრენინგებს, ხოლო 18 სექტემბერს - ბათუმში.

სამდღიან სწავლებაში სულ 75 რეგიონული მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარი