სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს

კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს. ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვება ვიცე-პრემიერს არჩევნებში მონაწილეობის გამო უწევს. როგორც ცნობილი გახდა, კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება.

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება, ხოლო “საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობები შემდეგია: საქართველოს პრეზიდენტი; მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები; ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ცესკო-ს მიერ საარჩევნოდ განსაზღვრულ ღონისძიებათა გრაფიკითაა გაწერილი, „საარჩევნო კოდექსის“ 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი ან/და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი) პირების დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების ბოლო ვადა 10 სექტემბერია. შესაბამისად, კალაძეს თანამდებობის დატოვება სწორედ 10 სექტემბრამდე მოუწევს. მის გარდა არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით მინისტრთა კაბინეტი უნდა დატოვოს მთავრობის კიდევ ერთმა წევრმა - სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც, ასევე „ქართულმა ოცნებამ“ მარტვილისა და აბაშის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას, ათეული ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. პარტიის ათეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100