სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლებს

10 აგვისტოს, 19:00 საათზე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში (მის: ჭავჭავაძის გამზირი #37) ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიცკი ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფის პატივსაცემად სპეციალურ მიღებას გამართავს.

ფილმი წელს ჩეხეთში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. გუშინ, 9 აგვისტოს კი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ იგი საქართველოს კანდიდატ ფილმად შეარჩია ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.

კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად.

მიღებას დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და კინემატოგრაფისტები დაესწრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100