სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის პრესსპიკერის პირველი კომენტარი გუშინდელ დაკავებებზე

ნინო მესხი, "პრესა.ჯი"

გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავს იკავებდა კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა, დღის ბოლოს, „პრესა.ჯი“-მ მოახერხა დაკავშირებოდა პრეზიდენტის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს. „პრესა.ჯი“-ს კითხვაზე, თუ როგორ აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდარ ფაქტს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ასეთი პასუხი გასცა:

მანანა მანჯგალაძე: მე არ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ მეტად მგრძნობიარე საქმის თაობაზე, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოვფინო: საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე.

ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის. მათ ბრალი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენეს. კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი. მე მხოლოდ ბრალდებაზე ვსაუბრობ და ცხადია, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

მათგან ორი იყო საჯარო მოხელე, ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან. შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც, საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა.

მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში - ვერც მხარდამჭერს და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ - რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში.

ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100