სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კინოფირების საცავების შესწავლა-შეფასება იწყება

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იწყებს თბილისში არსებული კინოფირების საცავების მონახულებას და მათი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას.
30 ივნისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დოკუმენტური ფილმების კინოსტუდია "მემატიანეს", კინოსტუდია "ქართული ფილმის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის საცავებს სტუმრობდნენ.
პირველ ეტაპზე, ქართული კინოკლასიკის გადასარჩენად იგეგმება ამ ფირების გაწმენდა-დახარისხება, ახალ ყუთებში გადატანა და რესტავრირება, ასევე, რუსეთის სახელმწიფო არქივში დაცული ქართული ფილმების დაბრუნება, ეტაპობრივად მათი ციფრულ ფორმატში გადატანა და თანამედროვე სტანდარტების საცავში განთავსება.
ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, შარშან თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი, რომელმაც მოინახულა და აღწერა ქართული კინომემკვიდრეობა. ბეატრის დე პასტრმა ამ თემაზე ქართული მხარისთვის ანგარიშიც დაწერა, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომავალში ქართული კინოფირების აღდგენა-შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოები წარიმართება.
საქართველოში დაცული სხვადასხვა ტიპის ფირის სრული რაოდენობა დაახლოებით 120 000-მდე კოლოფია. უნიკალური კინოფირების დიდი რაოდენობა დღემდე რამდენიმე ენთუზიასტი პროფესიონალის წყალობით შენარჩუნდა. ბევრი მათგანი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მომხდარი ხანძრის დროს განადგურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100