სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ უგუნურს მამა გაბრიელისთვის უთქვამს, ეკლესიაშიც ვიყავი, სანთელიც დავანთე, მაგრამ ღმერთის მაინც არ მწამსო - ნახეთ, რა უპასუხია ბერს

ნაწყვეტი ლაზარე ზაქარიაძესთან ინტერვიუდან ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილის) შესახებ:
- რჩება შთაბეჭდილება, რომ მამა გაბრიელმა ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე გამოარჩია პატარა ნარიმანი. ბერი ნიკოლოზი იხსენებს: ”ბავშვი რომ ვიყავი, მამა გაბრიელი ბევრჯერ შემხვედრია და დამლაპარაკებია კიდევაც. მორჩილების დროს ყველა ის სიტუაცია დეტალურად გამახსენა და გაკვირვებული ვუსმენდი”... ცხადია, ეს შემთხვევითობა არ იქნებოდა. თქვენი კომენტარი..
- ეს ისეთი ფაქიზი თემაა, ვერ შევეხები - ზუსტად არ ვიცი და იმიტომ.. ბერმა ნიკოლოზმა მითხრა ერთხელ, რომ ბერმა გაბრიელმა ბაბინასავით დამიტრიალაო მთელი ცხოვრება უკან უდიდესი სისწრაფით, კასეტასავით და მთელი წარსული ცხოვრება გამახსენაო, მათ შორის უხსოვარი მეხსიერებისგან გამომდინარე.. ეს ის სფეროა, ალბათ, ის დაფარული განზომილება - სრულიად სხვა - წმინდა სამებისგან გამომდინარე. ერთმა ქალბატონმა ჩვენთან საუბარში ერთი უაღრესად საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა ამ ორ დიდ ბერთან ურთიერთობის ამსახველი: შევეკითხეო ბერ გაბრიელს, რატომაა ნიკოლოზი ასე (ის ტანჯვა ჰქონდა მხედველობაში, რომელსაც ბერი ნიკოლოზი გადიოდა ბერ გაბრიელთან მორჩილებაში)? უცებ ვხედავ, რომ ბერი გაბრიელის სენაკი შეიცვალაო თითქოს და მასში მდგომი ნებისმიერი საგნის ისტორია დავინახეო უსასრულოდ, თანაც შეგრძნების დონეზე: აი, მაგალითად, მაგიდის უკან ხეა, ხის უკან ტყე. ტყის უკან, ადგილი, სადაც ის ხე იდგა და ასე უსასრულოდ.. ყველა საგანი ასე ამოძრავდა და ალაპარაკდაო, დიდი თუ პატარა, ბერის სენაკში, თანაც ერთდროულად.. ტვინი ამიდუღდაო. მერე ვხედავ, ბერი გაბრიელი ქრისტეა და ცეცხლის რკალში დგას, თანაც სხეულით კი არა მთლიანად, მხოლოდ სახით. მეუბნება - ”ხუთჯერ ხუთი რამდენია ქეთევან? მიუმატე ოთხი, დააკელი ორი”, - ანუ ტვინის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა, ნორმალური, ჩვეულებრივი მდგომარეობისკენ. დიდმა ბერმა ამით მიანიშნა იმ ქალბატონს, თანაც უპასუხა, თუ სინამდვილეში რა დღეში იყო ბერი ნიკოლოზი, რას გადიოდა ბერის მორჩილებაში მისი გული და გონება. ”ამის მერე კითხვები აღარ გამჩენიაო ნიკოლოზის თაობაზე,” - ის ქალბატონი იხსენებდა. ეს ყველაფერი რწმენის საგანია, პრატიკის, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი გადიოდა, თუ გადის თავისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპსა თუ მონაკვეთში. ბერი გაბრიელის ერთი ძალიან სასაცილო ხუმრობაც მინდა გავიხსენო.. შეიძლება, მთლად ჩვენი საუბრის კონტექსტში არ ზის, მაგრამ მაინც: ერთმა თურმე - უგუნურმა - ”გაბრიელ, აი, ეკლესიაშიც ვიყავი, სანთელიც დავანთე, მაგრამ ღმერთის მაინც არ მწამს,” - მიმართა ბერს, შეუთამამდა. იმან თურმე ერთი შეხედა და ”ამ ჩემ ფეხებს და თუ არ გწამსო”, - უპასუხა თავის სტილში, გაბრიელურად, სალოსურად. ჩვენ, მართალია, ვერ გავკადნიერდებით და წმინდა ბერს ზედმიწევნით ვერ მივბაძავთ, მის სიტყვებს ვერ გავიმეორებთ, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვიტყვი: ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში და თავისი საქმე იცის, მათ შორის ჩვენაც - ბერ ნიკოლოზის დამფასებლებმა და მიმდევრებმა. შემფასებლებმაო ვერ ვიტყვი, ენა არ მომიბრუნდება. (ნაწყვეტი ლაზარე ზაქარიაძესთან ინტერვიუდან, ფენომენი, აპრილი, 2016 წ.).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100