სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აფბა“ ქართული მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორიგნს იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს იწყებს.

მედიკამენტებზე არსებული ფასები, დღეს მუდმივი მსჯელობის საგანია. ორგანიზაციამ შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი, სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ფასებზე დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდეს, თუ როგორ იცვლება ფასები მედიკამენტების ბაზარზე.

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ერთ–ერთია იმ სფეროთაგან, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რამდენადაც მუდმივად ისმის უკმაყოფილება და კითხვები, მედიკამენტების ბაზრის სიძვირესთან დაკავშირებით. ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესასწავლად „აფბა“–ს ვრცელი კვლევა უკვე ჩატარებული აქვს, ბაზრისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტენდენციები უკვე გამოიკვეთა. პირველ რიგში, ეს არის ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ მოგების მაღალი მარჟით ოპერირება.

„ფაქტია, რომ ამ სფეროს დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მილიონ ნახევარს აჭარბებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა პრაქტიკულად ნახევრისთვის მედიკამენტებზე არსებული ფასები მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვფლობდეთ რეალურ ინფორმაციას, იზრდება თუ მცირდება ფასები ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და რა პროცესები და ფაქტორები იწვევს ამ ცვლილებებს. „ფანასკერტელის ინდექსი“ სწორედ ამის საშუალებას იძლევა“, - განმარტავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ორგანიზაციის მიერ შესწავლის ფინალურ ფაზაშია ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი 200 დასახელების მედიკამენტი, რომლის საფუძველზეც დაიანგარიშება ინდექსი. ფასების დადგენა მოხდა სააფთიაქო ქსელებში ინკოგნიტოდ გამოკითხვისა და სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. „აფბა“ თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს, რათა „ფანასკერტელის ინდექსზე“ ორგანიზაციის მუშაობა იყოს სრულიად გამჭვირვალე და რეალური ვითარების ასახვაზე ორიენტირებული.

„აფბა“ აცხადებს, რომ რამდენიმე კონკრეტული მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტების შემდეგ „ფანასკერტელის ინდექსის“ ციფრობრივ და პროცენტულ გამოხატულებას უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.

რატომ ფანასკერტელი?

ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილი – მე–15–ე საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი–კარაბადინი“. ზაზა ფანასკერტელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი ქართული მედიცინის ისტორიაში. ის ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა სამკურნალო წიგნზე და ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს. შესაბამისად, ინდექსის სახელწოდებაზე მუშაობისას, მთავარი ინსპირაცია სწორედ ქართული მედიცინის განვითარებაში მისი დამსახურება და ღვაწლი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100