ნიკოლოზობაზე „ჰუმანითი საქართველომ“ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მოზარდ პაციენტებს საჩუქრები გადასცა

ნიკოლოზობის დღესასწაულზე კომპანია „ჰუმანითი–საქართველოსგან“ განსაკუთრებული საჩუქრები მიიღეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) პაციენტებმა. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღის და მოახლოებული საახალწლო და საშობაო დღესასწაულების აღსანიშნად ცენტრის 16–ივე პაციენტს „ჰუმანითი საქართველომ“ პერსონალური კომპიუტერები (ლეპტოპები) გადასცა.

უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) დირექტორმა მამუკა მახათაძემ და „ინოვა ჰელსქეარის“ საოპერაციო დირექტორმა – ლიკა ჭუმბურიძემ ანიმატორების მოწვევითა და საზეიმო განწყობის შექმნით კიდევ უფრო ლამაზი გახადეს წლევანდელი ნიკოლოზობა მოზარდი პაციენტებისთვის.

„ჰუმანითი – საქართველოს“ გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას თქმით, „ჰუმანითის“ თანამშრომლები მოხარულნი არიან, რომ ნიკოლოზობაზე, საქართველოსთვის ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულზე, საშუალება მიეცათ და კომპანიის სახელით გადაცემული ამ მოკრძალებული საჩუქრით სამედიცინო ცენტრის უკლებლივ ყველა პაციენტს სიხარული მიანიჭეს.

„ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა თანამედროვე მედიცინას მძიმე დაავადებათა უმრავლესობის დაძლევა შეუძლია. მაგრამ სრულად განკურნებისთვის აუცილებელია მშობლების და რაც მთავარია, პატარა პაციენტების რწმენა, რომ აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან. მე იმედი მაქვს, რომ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს მათთვის გადაცემული ეს საჩუქრები და ლეპტოპებში დაინსტალირებული მათი ასაკის შესაბამისი კომპიუტერული თამაშები, პატარებს გაახალისებს. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა ღვნიშნო, რომ ჩვენ ვნახეთ, თუ რა მაღალ დონეზეა ორგანიზებული აქ, ამ კლინიკაში პაციენტების მოვლა და მათზე ზრუნვა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო იმ ზრუნვისთვის, რასაც ისინი პატარა პაციენტების მიმართ იჩენენ“, – განაცხადა ანდრეი კუზმამ.

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მამუკა მახათაძის თქმით, „ჰუმანითის“ მიერ ნიკოლოზობას მოწყობილმა სიურპრიზმა მათი პაციენტების ერთ–ერთი ყველაზე სანუკვარი ოცნება აასრულა. „ახალ წელს და შობას ჩვენი პატარები პირადი ლეპტოპებით და ძალიან დადებითი ემოციებით ეგებებიან და, უნდა გითხრათ, რომ მათი ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მახათაძემ

„ინოვა ჰელსქეარის“ საოპერაციო დირექტორის ლიკა ჭუმბურიძის განცხადებით, ონკო–ცენტრის პატარებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან „ჰუმანითი – საქართველომ“ მათი სურვილი აასრულა და წინასაახალწლო დღეები მათთვის ძალიან ლამაზად დაიწყო. ლიკა ჭუმბურიძემ პაციენტებისა და მათი მშობლების სახელით დიდი მადლიერება გამოხატა იმ პოზიტიური ემოციებისთვის, რაც კომპანიის მათთან სტუმრობამ გამოიწვია.

კომენტარი