სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერიკ ფურნიე: „ჟურნალისტის შეკითხვაზე პროვოკაციული პასუხის გაცემა მომინდა...“

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ერიკ ფურნიეს განცხადებებიდან, რომელიც მან გუშინ, ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ ფრანგი დიპლომატი იმ არაერთგავროვან რეაქციაზე საუბრობს, რომელიც ჟურნალ „თბილისელებში“ დაბეჭდილ მის ინტერვიუს მოჰყვა. ერიკ ფურნიე ამ ინტერვიუს გარდა, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.

შეგახსენებთ ჟურნალში დაბეჭდილ იმ კითხვა–პასუხს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა:

"გრძნობს თუ არა ელჩი პასუხისმგებლობას 2008 წლის 8 აგვისტოს ომისა და იმის გამო, რომ ბუქარესტში საქართველოსთვის "მაპ"-ის მინიჭება გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა?" – ამ კითხვის პასუხად ერიკ ფურნიემ განაცხადა:

"ვინ წამოიწყო ომი, პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას".

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, „დრონი.ჯი“ აცხადებს, რომ ელჩის ქვემოთმოყვანილი, გუშინ ნათქვამი სიტყვები ციტატის სიზუსტითაა აღებული მისივე პირადი თარჯიმნის მიერ პირდაპირ ეთერში თარგმნილი სინქრონიდან. „დრონი.ჯი“ ციტატებს რედაქციის კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

„პირველ რიგში, უნდა განვაცხადო, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც მე გამოვთქვი ინტერვიუს დროს, არ გამოხატავს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას და ჩემი პირადი აზრია. ამასთან, მინდა დავამატო, რომ ყველა ჟურნალისტი კარგი პროფესიონალი ვერ არის და ნათქვამი ზოგჯერ არასწორი ინტერპრეტაციით მიდის მკითხველამდე...“

„...ჯერ ერთი, ის შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა დამისვა, საკმაოდ გამაღიზიანებლად იყო ფორმულირებული და ასე ჟღერდა: „გრძნობს თუ არა საფრანგეთი პასუხისმგებლობას იმ ომის გამო, რომელიც 2008 წელს მიმდინარეობდა?“. ამ შეკითხვამ ჩემში ძლიერი ემოცია გამოიწვია და სურვილიც კი გამიჩნდა, ერთგვარი პროვოკაციული პასუხი გამეცა – მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ერთ–ერთი ქვეყანა, ვინც იმ დღეებში საქართველოს გვერდზე დაუდგა, საფრანგეთი იყო, რომელიც, იმ პერიოდში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახლდათ. აქედან გამომდინარე, ჩემი პასუხი საკმაოდ ემოციური გახლდათ.“

"ისტორიულ ფაქტებზე დებატებში ჩაბმა არ მსურს, ვინაიდან ისტორიკოსი არ ვარ. ჩემი ემოციური განცხადებისთვის ბოდიშს ვიხდი, თუმცა მინდა, განვმარტო, რომ წარსულის გახსენების მოტივი არა ფაქტების შეფასება, არამედ მშვიდობიანი მოწოდება იყო. ჩემი პასუხით მსურდა, ადამიანებისთვის ძველი წყენის დავიწყებისკენ მომეწოდებინა და მეთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარსულის ქექვას დავიწყებთ, აუცილებლად ვიპოვით ისეთ ფაქტებს, რომელიც ერთმანეთზე ხელახლა გაბრაზების მიზეზი გახდება"

„ერთი პოზიტიური ნიშანი ის არის, რომ ჟურნალისტები კარგად გრძნობენ სიტუაციის გაუმჯობესების, გამოსწორების აუცილებლობას. დღევანდელ ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობა ასე მესახება: არსებობენ ოპოზიციური არხები, რომლებიც იძლევიან არაგლობალურ ინფორმაცია, ანუ, აშუქებენ თემებს, რომლებიც მათთვის უფრო საინტერესოა და არსებობს, ასე ვთქვათ, უმრავლესობის არხები, რომლებიც ასევე მთლიან, გლობალურ სურათს არ აშუქებენ და არ აძლევენ ოპოზიციას ეთერში გამოსვლის საკმარის საშუალებას. ორივე ასეთი ტიპის მედიასაშუალება არის პოლიტიკურად მოტივირებული არხები...“

„... საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ – ევროკავშირმა და აშშ–მ მოვინდომეთ, რომ ქართულმა მედიამ როგორმე მოახერხოს დამოუკიდებელი მიდგომის სემუშავება პოლიტიკური მოვლენების მიმართ. რა თქმა უნდა, მაყურებელს სჭირდება ობიექტური ინფორმაცია და იმისთვის, რომ ქართულმა ჟურნალისტიკამ ასეთი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ევროკავშირმა არ დაიშურა თანხა და გარკვეული რაოდენობის ფული გამოყო ჟურნალისტიკის ტრენინგისათვის. მაგრამ ბევრი ადამიანი ამ ტრენინგების შედეგებით ჯერჯერობით მაინც იმედგაცრუებულია, რადგან სიტუაცია რეალურად არ შეცვლილა. რაც შეეხება ჩემი გამოსვლების დამახინჯებას, ამასთან დაკავშირებით მე მომიწია ტელევიზიებში მისვლა და თქმა – არა, იცით, მე ასე არ მითქვამს...“

„მე ოთხი წელია, საქართველოში ვიმყოფები და ვიტყოდი, რომ მედიის მხრივ საქართველოში სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, რადგან ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100