სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისელი მძღოლების 12 პრობლემა

ალბათ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც საგზაო წესების დაუცველობას აფიქსირებს და ეს არამხოლოდ წესების დარღვევას ეხება, არამედ საფრთხესაც წარმოადგენს, როგორც სხვა მძღოლებისთვის, ასევე ქვეითებისთვის.

ჩამოვთვალოთ რამდენიმე, კლასიკური ნიმუში და შემდეგ ერთად მოვძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები:

საცობის დროს „პროწივზე“ გამოვარდნილი მანქანები, როცა ეს საპირისპირო ზოლი შედარებით თავისუფალია. მერე ვხვდები წინ, ხელით მანიშნებს, რომ დავაცადო, ან გავატარო, რა თქმა უნდა ვდგავარ და არ ვატარებ, თუმცა არც არაფერი, ბოლოს ვიღაც ატარებს და მაინც დროულად მიდის დანიშნულების ადგილზე.

ზებრებზე სწრაფად მოსიარულე მანქანები, ბოლო კვირაში, უკვე სამჯერ ჩამიქროლა მანქანამ, რომელმაც მანქანის ნახევარი მხარე ამაცალა ლამის, გამიკვირდა, მხოლოდ ჩემს დანახვაზე ხომ არ აუჩქარებდა მოძრაობას, ანუ აქამდეც ასე მოვიდა და ნეტა სად იყო ასეთ დროს პატრული?sacobi

მანქანა გავაჩერე რესპუბლიკურთან, პარკინგზე. გამოვდივარ და უკან პატარა ნისან მარჩი მიდგას, რომელიც გამოსასვლელს მიკეტავს. ჯერ ხელით შევეჭიდე – გადავდგამმეთქი, მაგრამ ვეღარ მოვერიე… თან ლექციაზე მაგვიანდებოდა. დავრეკე პატრულში, რომ მანქანა გადაეყვანათ და გამოსვლა შემძლებოდა… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნახევარ საათში ისევ ნისან მარჩის მძღოლი გამოვიდა, ჩემი „ტკბილი საუბრის“ ფონზე მანქანა დაძრა და ბოდიშებით გაეშურა, ხოლო შუა ლექციის დროს, გამოძახებიდან საათ ნახევრის შემდეგ, პატრულმა დამირეკა და „მოვედით და სად ბრძანდებითო“ ჩამძახა ტელეფონში. მადლობა პატრულს, იქამდე ალბათ ყელსაც გამომღადრავდნენ, თან ბლაგვი დანით, რა ეჩქარებოდათ, მოკლედ…

ზებრებზე წვიმაში, საათობით რომ დგახარ ფეხით, ვიღაც პირუტყვი ჩათბილული რომ ზის ჯიპში და ოდნავაც ვერ იაზრებს, რომ გაგატაროს, რომ შენთვის უფრო მნიშვნელოვანია დროული გადასვლა და საერთოდ, ეს რომ წესია… საბოლოოდ, ან უნდა ჩაუხტე მანქანებს და იძულებით გაატარებინო თავი, ან იდგე და ელოდო… და ვინც ვატარებთ, ისინიც ვიჩაგრებით, უკნიდან ასი მანქანა ერთად რომ გისიგნალებს, რა დროს გატარებაა, იარეო.

თუმცა ამაზე არც ისე კარგი შემთხვევაც მქონდა, როცა იოსებიძეზე ქალს გავუჩერე და ხელი დავუქნიე გადადითქო. არ ვიცი, რატომ აღიქვა ჩემი ხელის მოძრაობა „ჩაჯექი-დ“ და გატარების პროცესი მისი, როგორც „ბოზის“ აგდების პროცესად, მაგრამ იმდენი მწყევლა, ახლაც მახსოვს სიტყვა-სიტყვით. ვირო მადლიო…

სწრაფი ტარება – არ ვიცი, ვისთვის არის პრესტიჟული, მაგარ ბიჭობა/გოგოობა და ა.შ., მაგრამ როცა მძღოლს ეუბნები, რომ არსად გეჩქარება და ნელა იაროს და მაინც, ირონიული ღიმილით „რისი გეშინია ტოო“ ფრაზით აგრძელებს გზას, ამოუხსნელი ფენომენია ფაქტობრივად. ერთხელ ტაქსიდან ჩამოვედი ამ მიზეზით, იარეთ როგორც გინდათ, როცა მარტო ხართ, მაგრამ როცა მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც გიზით – კეთილი ინებეთ და გაუწიეთ ანგარიში. მარტო ყოფნისას კიდევ, ყველა თავისუფალია, გნებავთ ბოძზე აღმოჩნდებით, გნებავთ მტკვარში, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ტელეფონზე საუბარი და ზიგზაგებით სიარული. შე დალოცვილო, თუ გადაუდებელი საქმეა, „ლაუდსფიქერის“ თაობაზე გსმენია? ან იმის, რომ შეგიძლია მანდვე გაჩერდე სადმე და ავარიულები ჩართო? საცობია, გეჩქარება, ვიღაც კიდევ ან მიბობღავს 20-ით, ან კიდევ მანევრებით დადის და ხან შენს ზოლში იჭრება, ხან სხვისაში, უსიგნალებ და მაინც არ ესმის, მივდივართ იგივე, აწ უკვე საუკუნის შეკითხვაზე: სად ჯანდაბაშია პატრული?!

ზოლში შემოვარდნები და ჩაჭრები – გავიგე, რომ ყველას გვეჩქარება, მაგრამ რა უბედურებაა, როცა უჭრი მანქანას გზას, წინ უხტები და მის კეთილ ნებაზე ხართ დამოკიდებული, ანუ უბრალოდ აიძულებთ დაგითმოთ, იქნებ გეთხოვათ და დაეთმოთ?

წითელზე გავლა – თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ესეც ძალიან აქტუალური ტენდენციაა და რაც ყველაზე ცუდია, ამას სამარშრუტო ტაქსებიც აკეთებენ, რომლებსაც 20-მდე მგზავრი უზით და მათ შორის ბავშვებიც. გასაგებია, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავთ, მაგრამ როცა ამდენ ადამიანზე ვართ პასუხისმგებელი, იქნებ ვინმემ მიხედოს ამ მძღოლებს?

ავტობუსების, „მარშუტკების“ და ტაქსების მიერ გზის ჩაჭრა. წარმოიდგინეთ, რომ მიდიან მესამე ზოლში და უცებ ვიღაც ხელს უქნევს ტაქსის, ან „მარშუტკის“ მგზავრი სთხოვს გაჩერებას, მომენტალურად რომ გივარდებიან ჯერ მეორე და ეგრევე პირველ ზოლში და შენც თუ უცებ არ დაამუხრუჭე, ვინ იცის რა ბედი გეწევათ, შენც და მათაც?!

გზაზე გადამბრბენი გზააბნეული ქვეითები, აი ლამის საბურავებში რომ გივარდებიან… იქნებ ასეთი ქვეითებისთვისაც დაწესდეს შესაბამისი ჯარიმები? სამი ლარი საკმარისია იმისთვის, ერთი ასეთი წინ რომ გადაგვიხტეს და არიდების მიზნით გვერდით მანქანას შევასკდეთ?

რომ გაუჩერებ, გადაატარებ და ზლაზვნით რომ მიბობღავენ და შენც რომ ელოდები უსასრულოდ, ასეთ დროს საერთოდ მეკარგება სურვილი ხალხის გატარების…

სიგნალი – გინახავთ სადმე, თბილისის გარდა ასეთი ისტერიული „დაპიპინებები“? არის საცობი, იცი, რომ შენს წინ მდგომი მანქანა, ასევე მის წინ მდგომს ვერ გადაახტება და მაინც უსიგნალებ, ანუ ამით რას ვშველით? თუ ერთმანეთის დასტრესვა, ისედაც სტრესულ გარემოში, როცა სადღაც გვაგვიანდება – დეფიციტურ სექსუალურ კმაყოფილებას გვივსებს?!

და ბოლოს, ისევ და ისევ საუკუნის შეკითხვა: სად არის ამ დროს პატრული?! ერთხელაც ვერ გამოვლია საღამოსკენ ჩამქრალი ფარებით, საკმარისია დამავიწყდეს (ლოგიკურია, როცა ქალაქი განათებულია), რომ მომენტალურად ამედევნებიან და ჯარიმას მიწერენ, მერე გაივლი, ვიღაც წითელზე გაიჭრება და გვერდით პატრული მშვიდად მოძრაობს, პრიორიტეტების პრობლემაა, თუ უბრალოდ ვერ ერკვევიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებში?

ან ვის შეუძლია დაგვეხმაროს?

მაინტერესებს, თუ დავინახავთ წითელზე გაჭრილ მანქანას/სამარშრუტო ტაქსის, ან ტროტუარზე დაპარკინგებულს, რომელიც ქვეითებს უშლის მოძრაობაში ხელს, ან ვინმეს, ვინც „პროწივზე“ მიჰქრის საცობებისგან თავის ასარიდებლად, შემდეგ გადავუღებთ ფოტოს და საპატრულოს გვერდზე, სადმე ავტვირთავთ, ვინმე მიაქცევს ყურადღებას? არ დაიწყოთ ახლა, რომ უღირსი საქციელია, ვისაც გინდათ მოკვდით ან დასახიჩრდით „ღირსეულად“, მე ვითხოვ კანონის დაცვას და უსაფრთხო გადაადგილებას და თუ ამას ვერ ახერხებს პატრული, იქნებ თავად მოვახერხოთ რამე ფორმით?!

მინიმუმ, მე ვდგამ პირველ ნაბიჯს და ველი თქვენგან მსგავსი კანონდარღვევების ამსახველ ფოტო მასალას, რომელსაც გამოვაქვეყნებ ჩემს გვერდებზე, იქნებ „სირცხვილის კორიდორმა“ გვიშველოს ოდნავ მაინც, ან ძვირფასმა პატრულმა გამოიბერტყოს ყურები?

წყარო: გურამ შეროზიას ბლოგი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100