სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველადი რგოლი დაავადების დიაგნოსტირებას და მკურნალობას ჩანასახშივე იწყებს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმაზე საუბრისას პედიატრი ირინე გორგიშელი არნიშნავს, რომ ცალსახად მისასალმებელი, თუ რეფორმის ფარგლებში ექიმების კვალიფიკაცია გაიზრდება, მოიმატებს მათი ანაზრაურება და გარემონტდება და სატანადოდ აღიჭურვება პოლიკნინიკები და ამბულატორიები.

„კომუნისტების დროს იყო დისპანსერიზაცია. ეს ნიშნავდა, რომ ადამიანს თუ დაავადება აღმოჩნდებოდა, მას უმკურნალებდნენ და შემდეგ გადაიყვანდნენ დისპანსერულ მკურნალობაზე. ეს გრძელდებოდა, სანამ ბოლომდე არ განიკურნებოდა პაციენტი. მსგავსი დისპანსერიზაცია ყველგან არ იყო, ვგულისხმობ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. დღეს ჩვენთან ეს სისტემა აღარ არის, მოიშალა და ეს ფუნქცია შეითავსა ჯანდაცვის პირველადმა რგოლმა. ჯანდაცვის პირველად რგოლს, სადაც ხდება ადრეულ სტადიაზე დაავადების აღმოჩენა და დიაგნოსტიკა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იქ ჩანასახშივე იწყება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა. არც ერთ სხვა სამსახურს არ აქვს პროფილაქტიკური დანიშნულება, ამიტომ, ამ რგოლის გამართული ფუნქციონირება აუცილებელია. არ არის აუცილებელი, რომ პაციენტმა ყოველთვის სტაციონარს მიმართოს. არის უამრავი დაავადება, რომელიც პირველად რგოლშივე გვარდება. ვფიქრობ, ის პუნქტები, რომელსაც ითვალისწინებს რეფორმა, ვგულისხმობ ექიმების გადამზადებას, მათი ანაზღაურების მატებას, პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების რემონტს და აღჭურვას, მნიშვნელოვნად დაეხმარება არა მხოლოდ პირველად რგოლს, არამედ მთლიანად ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა ირინე გორგიშელმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე მუშაობა დაიწყო. რეფორმაზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100