სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ბანკები, რომლებიც „გვძარცვავენ“ და მათი გადაწვის მსურველი მომხმარებლები

ხშირად მოისმენთ ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ განცხადებებს, როგორც სტატიებზე კომენტარებში, ასევე მათივე ფეისბუქ გვერდებზე, აღარაფერს ვამბობ პირად საუბრებზე, თუ სატელეფონო ზარებზე:

თქვენ კიდევ არ გაკოტრდით?ხალხის გასამწარებლად ხართ შექმნილი, მეზიზღებით.რამხელა ჯარიმებს გვაკისრებთ გადაცილებებზე, ან რა საშინელი პროცენტი გაქვთ?საქართველოში ყველაფერი ასე საშინლად როგორ უნდა იყოს, ევროპაში და ამერიკაში ასეთ რამეს ვეღარსად ნახავთ!დასახურია ყველა ბანკი და დასაჭერი მათი ყველა თანამშრომელი;და კიდევ, წყევლის და გინების უამრავი ნაირსახეობა.

დიდი ხანია მინდა, ამ თემაზე დავწერო და თავს ვიკავებ, თუმცა ვფიქრობ – დროა. ასევე, დროა საზოგადოების კომენტარებიც მოვისმინო ჩემს არგუმენტებზე:

როცა საქართველოში ბანკების „საშინელ მდგომარეობაზე/პირობებზე“ საუბრობთ, იცით სხვა ქვეყნების ბანკების პირობები? იცით, რომ ვიზუალურად, კომფორტის კუთხით, ხელმისაწვდომობით, მომსახურებითაც – ქართული ბანკები ბევრი სხვა ქვეყნის ბანკებზე უკეთესია? სესხების პირობებს თუ ადარებთ, იქნებ დეპოზიტებიც შეადაროთ?წარმოგიდგენიათ რომელიმე ქვეყნის ბანკი, რომელსაც არ დაუბრუნებთ თანხას და თავზე ხელს გადაგისვამთ? იგივე თქვენ, მეზობელი ციცოსთვის რომ 500 ლარი გესესხებინათ, შემდეგ ციცო გაქცეულიყო თქვენი თანხიანად, არ გამოიყენებდით თანხის ამოღების ყველა შესაძლო გზას? ნუ მეტყვით, რომ თქვენ დაბალ შემოსავლიანი ადამიანი ხართ და ბანკი მდიდარი, თუ მილიონ ადამიანს 1000 ლარიან სესხებს ვაპატიებთ, გადაამრავლეთ და ნახეთ, რა თანხაზეა საუბარი, ამის შემდეგ – უკან წაიღეთ თქვენი კომენტარი: ბანკს ფულის მეტი რა აქვს.ჯარიმები – ბანკი, როცა გაძლევთ თანხას, ძირითად შემთხვევაში ეს თანხა აქვს ნასესხები სხვებისგან, მარტივი მაგალითი განვიხილოთ: თქვენივე დეპოზიტისგან, თქვენს მიერ სესხის დაგვიანება, პირდაპირ კავშირშია დეპოზიტებთან, წარმოიდგინეთ, რომ მიხვედით ბანკში ანაბრის გამოსატანად და გეუბნებიან, რომ არ აქვთ ფული და დღეს ვერ გიბრუნებენ ანაბარს, როგორ სკანდალს მოაწყობდით? და მთავარი, ამ ჯარიმებზე თქვენ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებთ თანხმობას, ჰოდა თუ არ გაწყობთ ეს პირობა მიბრძანდით სამოთხეში და იპოვეთ ბანკი, რომელიც ვადაგადაცილებაზე ჯარიმას არ გაკისრებთ, არც თანხას გთხოვთ, არც გიჩივით, ა.შ.მანქანის/უძრავი ქონების ჩამორთმევა – თქვენც იგივეს გააკეთებდით, იპოთეკით დატვირთული კერძო სესხი რომ გქონოდათ და სხვა გზას არ გიტოვებდნენ. როცა თანხას იღებთ, ბინას დებთ, ხელს აწერთ იპოთეკის ხელშეკრულებას და თანხმობას აცხადებთ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაშიმოხდეს უძრავი ქონების ლიკვიდაცია – მერე რატომ არის გასაოცარი ეს ყველაფერი? ბანკის მიზანია ამოიღოს სესხი სტანდარტული ფორმით და არცერთ ბანკს არ უხარია, როცა უძრავი ქონების ლიკვიდაციას ახდენს, მერე მის გაყიდვაზე უწევს შრომის გაწევა და ა.შ.„დახურეთ ბანკები, ცხოვრება გაგვიმწარეს!“ – სრული აბსურდი, ცხოვრება თავად „გაიმწარეთ“, ვინმემ დაგაბათ და იარაღის მუქარით გაიძულათ სესხი აგეღოთ? როცა თანხა გჭირდებათ, მიბრძანდებით სამოგზაუროდ, იხდით 1000 კაციან ქორწილს სეფაში მეზობლების გულის გასახეთქად, ყიდულობთ განვადებით აიფონ 6-ს და რეალურად სელფების გადაღების და სმს-ების გაგზავნის მეტი არაფერი იცით, როცა ანახლებთ მანქანას, ყიდულობთ ბინას, აკეთებთ რემონტს – მაშინ ხომ არის ბანკი თქვენი მეგობარი? მაშინ ხომ ელაქუცებით საკრედიტო ექსპერტს და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სესხი დაგიმტკიცდეთ? აი შემდეგ კი, თუ თქვენივე პრობლემის, ფინანსების ცუდი განაწილების, ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო – არღვევთ ბანკთან დადებულ ხელშეკრულებას, ვიმეორებ – თქვენ არღვევთ, რატომ არის მძარცველი და საშინელი ორგანიზაცია მაინც ბანკი?!მაღალი პროცენტები – იცით, როგორ ხდება სესხზე ფასწარმოქმნა? იცით, რომ ფულის ღირებულების და რისკიანობის პროპორციულია? ერკვევით ქართულ ფინანსურ სფეროში არსებულ საკრედიტო რისკებში? როცა წუწუნებთ იმაზე, რომ ევროპაში უფრო დაბალი პროცენტია სესხებზე, მაშინ ისიც აღნიშნეთ, რომ ამავე ევროპაზე გაცილებით მაღალი პროცენტები გვაქვს ანაბრებზე, თუ მხოლოდ „ცუდით“ აპელირებაა სასიამოვნო?!კრიტიკა სწრაფი ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების მისამართით, რომლებსაც ბანკზე მაღალი პროცენტი აქვთ და დღედაღამე მათი ლანძღვა, ვინმემ გაიძულათ სესხის აღება ამ კომპანიებისგან? თუგინდათ სესხი 15 წუთში, სახლიდან გაუსვლელად, დოკუმენტაციის გარეშე და სხვა მრავალი კომფორტით, მაშინ რატომ წუწუნებთ მეტის გადახდაზე და თან სესხის აღების შემდეგ, ეს ინფო წინასწარ არ გქონდათ, როცა ბედნიერებისგან ანთებული თვალებით სესხის განაცხადს ავსებდით? ან როგორ ადარებთ იპოთეკურ სესხს, რომელიც მაგ: ათ წლიანია და ბინით არის უზრუნველყოფილი და რომელისაც ამდენ დღიანი პროცედურა აქვს – 15 წუთში დამტკიცებულ ონლაინ სესხს? ან 15 წლიანი გარანტირებული პროცენტი და 1 თვიანი პროცენტი რომ ფასით განსხვავებული იქნება, რატომ არის აღმოჩენა? მაგალითისთვის: დარეკეთ რომელიმე სარეკლამო კომპანიაში და გაარკვიეთ განსხვავება ფასებს შორის 1 თვიან თანამშრომლობასა და 3 წლიან თანამშრომლობას შორის, განსხვავებას მარტივად დაინახავთ.„ბანკები ჩვენს დასაქცევადაა შექმნილი და მხოლოდ თავის მოგებაზე ფიქრობენ“ – საინტერესოა, ვის გაქვთ ილუზია, რომ ბანკი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და არ უნდა ფიქრობეს მოგებაზე. თქვენც, როცა მუშაობთ კონკრეტულ სამსახურში, ორგანიზაციის „აყვავების“ პარალელურად, აუცილებლად ფიქრობთ ფინანსურ მხარეზე. თქვენს დასაქცევად შექმნას კიდევ რაც შეეხება, პირიქით, რაც უფრო მეტი შემოსავლიანი და კარგი გადამხდელი მომხმარებელი ეყოლებათ, მით უფრო მეტად გაიზრდებიან და განვითარდებიან თქვენი საძულველი ბანკები, შესაბამისად, არავის „დაქცევა“ მათ ინტერესებში არ შედის.ბანკები უმიზეზოდ გვაშავებენ/შევყავართ შავ სიაში“! – ბანკი უმიზეზოდ არ “გაშავებთ”, 30 დღიანი ვადაგადაცილება საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ნეგატიურ გადამხდელთა ბაზაში მოხვდეთ. ესეც თქვენს სასიკეთოდ, სხვა ბანკები ნახავენ, რომ არ ღირს თქვენთვის სესხის მოცემა, ან უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან თქვენს შემოსავლებს, რომ თავიდან აგარიდოთ მორიგი გაპრობლემებული სესხი.„არ შემახსენეს, რომ თანხა მქონდა გადასახდელი“ – სესხის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ პარალელურად პირად „შემახსენებელს“ ქირაობთ ბანკისგან. როცა გირეკავენ და გახსენებენ, ეს მათი კეთილი ნებაა მხოლოდ, სხვა მხრივ – კონტრაქტში გიწერიათ სესხის გადახდის თარიღიც და გრაფიკიც, შესაბამისად, კეთილი ინებეთ და დაიმახსოვრეთ, პირველ რიგში ისევ თქვენს ინტერესებში შედის სესხის დროული დაფარვა.

ჰო და, ჩემო ძვირფასო, ბანკს გადამტერებულო საზოგადოებავ, რომ არა ბანკი, მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ– თქვენ მოგიწევდათ ლოდინი, თანხის შეგროვება წლების მანძილზე, რომ ბინა გეყიდათ, პარალელურად ქირაში თანხების გადაყრა, როცა დღესვე გაქვთ ამის შანსი და ის, რასაც ქირაში იხდიდით, შეგიძლიათ სესხის ყოველთვიურ ფეიმენთში გადაიხადოთ და თან ბანკის მადლიერი იყოთ. არსებობს კიდევ სხვა მრავალი მაგალითი და მიუხედავად ამისა, ისევ ბანკია დამნაშავე, მძარცველი და გადასაწვავი ორგანიზაცია? მინიმუმ, ის მაინც გაარკვიეთ, რამდენი ადამიანი მუშაობს თითოეულ ბანკში და ამის შემდეგ გააკეთეთ კომენტარი, ან ბანკების როლზე წაიკითხეთ რამე სტატია, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის.

ყველაზე მეტად უმადურობა და უსამართლობა მაღიზიანებს, ვისურვებდი, პირველ რიგში ყველამ ჩვენს თავში ვეძებოთ პრობლემების სათავე და ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, რომ სხვისი დადანაშაულება ჩვენივე შემქნილ პრობლემაში – გამოსავალი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100