სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე დაისვენეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე ქართველებმა 650 დოლარად

ირველად ფეისბუქზე ამომიხტა შემოთავაზება, სადაც მალდივების ულამაზესი ფოტო იდო და ეწერა ტექსტი: 1+1, ანუ ორი ბილეთი ერთის ფასად. ზუსტად ორ წუთში ფლაიდუბაის წარმომადგენლობას ვესაუბრებოდი და ვარკვევდი ფასებს, აღმოჩნდა, რომ თუ უახლოეს ერთ კვირაში შევიძენდი ბილეთს და მეწყვილესაც ვიპოვიდი – ბილეთი სულ რაღაც 360 დოლარი დამიჯდებოდა.

თან საუბარი იყო მალდივებზე, რომლებზეც ყველაზე მიუწვდომელ ოცნებაშიც კი ვერ ვიფიქრებდი, აქ დასვენება ხომ ყოველთვის 3000-4000 დოლართან ასოცირდებოდა, რომელსაც შემოსავლის ნებისმიერი ოდენობის შემთხვევაში – 1 კვირიან მოგზაურობაში პრინციპულად არ გადავიხდიდი. დაიწყო მეორე ეტაპი, დავპოსტე ფეისბუქზე და დავიწყე მეწყვილის ძებნა.

როცა გავიგე, რომ მალდივები „ჰანი მუნ“ რეზორთია და უცხო ხალხთან კომუნიკაცია ფაქტობრივად, თითქმის შეუძლებელია, გადავწყვიტე აქედანვე წავსულიყავი ჩემი „თავგადასავლებით“. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ფეისბუქის მეშვეობით 9 (ანუ ჩემიანად 10) პროგრესული, საინტერესო, პოზიტიური, აქტიური, მეგობრული და ყოვლად საუკეთესო ადამიანი შევარჩიე, სქესთა ბალანსიც დავიცავი (ნახევარს ნორმალურად არც ვიცნობდი)…

კუძულები აღმოჩნდა სასწაული! სამოთხეც კი ვერ წარმოგვედინა ასეთი: პატარა ქუჩები, ოქროსფერო ქვიშით დაფარული გზებით, ფოსფორიანი წყალი, რომელიც ღამით ანათებს, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბევრი პალმა და ჰამაკი, ყველაზე სუფთა, გამჭვირვალე წყალი, ოკეანეში მიმოფანტული პატარა, ოქროსფერი კუნძულები, საოცარი საკვები, თითქმის არცერთი მანქანა, ბარები ქვიშაში, ფეხებში რომ მსუბუქი ბრიზი გიბერავს და შიგადაშიგ წყალი რომ შემოგეპარება, მოკლედ სრული საოცრება, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ სანამ ცოცხალი ხართ, ანუ სიცოცხლეშივე მოხვდეთ სამოთხეში…!!!

ამას ემატება ათი საინტერესო, მხიარული ადამიანი და უამრავი აქტივობა: ცურვა წყალქვეშ, დელფინების მონახულება, კუნძულები, ექსკურსიები, მერე დამწვრობა და რიგები კრემის წასმაზე, ღამის გათენება, ცურვა დღისით, ღამით, უგემრიელესი ვახშამი ყოველ ღამეს, სეირნობა ულამაზეს ადგილებში, გართობა, სიცილი, ბევრი საინტერესო და აქტიური თამაში, ერთადერთი რაც გვაკლდა – იყო ალკოჰოლი, რომელიც არც იყიდება და შეტანაც სასტიკად აკრძალულია.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე, რაც ალბათ ყველას გაინტერესებთ: როგორ შეიძლება მსოფლიოს ერთერთ ულამაზეს და უძვირეს კურორტზე, გაატარო 5 დღე და 5000 დოლარის ნაცვლად, დაგიჯდეს 650 დოლარი ჯიბის ფულიანად, ამ ფასად ხომ ევროპაშიც ვერ წახვალ…

ჩაუსაფრდით აქციებს, 360 დოლარად მალდივები ძალიან კარგი ფასია, როცა ბილეთის ფასი საშუალოდ 1000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მომენტალური ყიდვაც შეგიძლიათ, რაკი ამ ქვეყანაში ვიზა არ გჭირდებათ და შესაბამისად, არაფერი გაფერხებთ;

შეაგროვეთ 8-10 ადამიანი, ეს რადიკალურად შეგიმცირებთ ფასებს, მაგ: ექსკურსიები კუნძულებზე 40 დოლარის ნაცვლად 10 დოლარი დაგიჯდებათ, დელფინებთან ცურვაც, ღამის თევზაობაც, კვებაც და ნებისმიერი შიდა ტრანსპორტირებაც;

იქირავეთ სასტუმრო კუნძულზე, რომელიც ახლოს არის 5 სთარ რეზორთთან, თქვენი სასტუმრო 25-30 დოლარი დაჯდება ღამით, ძალიან კომფორტული ნომრებით, ბარით, ა.შ. + დილის კვებით, ხოლო რეზორთებზე ექსკურსიის მეშვეობით ივლით;

ადაარან პრესტიჟ ვადოო – ეს არის კურორტი, სადაც ღამე 1200-1400 დოლარიდან იწყება, ჩვენ შევედით 68 დოლარად, სადაც ისეთი კვება შედიოდა, მხოლოდ კვება ღირს ამდენი, იგივე საქართველოშიც რომ მიირთვა, პლუს შეზლონგები, პირსახოცები, ქოლგა და ყველა აქტივობის გამოყენება. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამ კუნძულზე ვერ იძინებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სად დაიძინებ…

რეზორთზე ერთხელ წასვლაც საკმარისია, რაკი არსებობს გართობის კიდევ სხვა უამრავი საშუალება:

ღამის თევზაობა – შუა ოკეანეში, ჯერ დელფინებთან ცურავ, მერე გაძლევენ ანკესებს და თევზაობ, ყოველ 5 წუთში იჭერ სხვადასხვა ფერის და ზომის თევზებს, მერე გისუფთავებენ და წვავთ გრილზე, შენი ნადავლი შენვე გადმოგეცემა უფასოდ, ხოლო ეს ყველაფერი 15 დოლარი ჯდება.

White sands – ეს არის პატარა კუნძულები შუაგულ ოკეანეში, 40-50 კვ.მ. სადაც დგახარ და გარშემო ყველა მხარეს თვალუწვდენელი ოკეანეა. ამავე დღეს შეგიძლია გამოიყენოთ სნორქლინგი, მოგცენ სათვალე, ლასტები, სასუნთქი, ჩახვიდე წყალში და დატკბე ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი! – ესეც 15 დოლარამდე ჯდება, ნახევარ დღეზე მეტი და კვება და სასმელიც შედის (აქაც 10 კაციანი გუნდის მიზეზით, ისე სამჯერ ძვირია). დღის მეორე ნახევარში კუნძული მთლიანად წყლით იფარება და ქრება, დილით ისევ ცოცხლდება და ასე, უსასრულოდ…

ექსკურსია 5 ვარსკვლავიან რეზორთზე, სადაც მთელ დღეს ატარებ, რაც უკვე აღვწერე, საღამოს კიდევ პატარა ზვიგენები მოდიან ბარის ქვემოთ, წყალში და აჭმევ. საოცარ მოძრაობებს აკეთებენ, თან ბევრნი არიან და ლამაზები…

პიკნიკ აილენდი – კუნძული დიდი ტყით, ბევრი ხით და გარშემო ოკეანე, აი ეგზოტიკურ ფილმებში რომ გინახავთ ისეთია, თავი ველური გგონია და სულ სხვა სამყაროში, აქ მოხვედრაც კვებიანად და დღის გატარება 10 ადამიანზე 15-20 დოლარი გამოდის.

და კიდევ, გაგაოცებთ ქალების “არ არსებობა”, ყველგან კაცები მუშაობენ და მალდიველ ქალს მხოლოდ აქაიქ თუ შეხვდებით. დედაქალაქი – მალეც თევზის სუნით ყარს და უღარიბესია, თუმცა მაინც განსხვავებული და ეგზოტიკური. აი კუნძულზე გადასვლისთანავე კი – სრული შოკი იქნება.

გთავაზობთ ხარჯთაღრიცხვასაც, ჩვენ შევირბინეთ დუბაიშიც, თუმცა ამჯერად მალდივების ფასებს დაგითვლით მხოლოდ:

360$ – ფრენა, 4+15$, ანუ 20$, სასტუმრო 105$ დილის კვებით. პირველი დღე – ღამის თევზაობა 15$, კუნძულების მონახულება კვებიანად 10$, 5 სთარ კურორტზე ექსკურსია და მთელი დღის გატარება 68 დოლარი, კვება დღეში 10$, სულ 40$ (ოლ ინქლუზივია, რასაც გინდა აიღებ და იხდი ათ დოლარს, დაწყებული შენს თვალწინ მომზადებული სპაგეტიც, ზღვის უგემრიელესი პროდუქტებით, ქათმით და თევზით გრილზე, დესერტით, ა.შ.)

ჯამში: 360+20+105+15+10+68+40=618, დაამატეთ გაუთვალისწინებელი ხარჯი (სუვენირები, ნაყინი, ა.შ.) 32 დოლარიც და გამოვიდა 650 დოლარი, ისე, რომ არაფერს მოიკლებთ.

მოკლედ, ჩვენ გირჩევთ დაგეგმოთ ეს მოგზაურობა დღესვე და გაატაროთ დაუვიწყარი დრო მალდივებზე, ეს ნამდვილად ღირს, 650-ც და ორჯერ მეტიც!

გაითვალისწინეთ, რომ საგზურები, რომლებსაც ისმენთ რეკლამაში, მაგ: 700 დოლარად – არის მხოლოდ ფრენა და სატუმრო, მეორე 700 დოლარი გიჯდებათ ჯიბის ფული, ამ შემთხვევაში 650 ლარში ყველაფერია მოქცეული, ხოლო მხოლოდსაგზური 480 დოლარი ჯდება, თუ მეტს არაფერს გააკეთებთ ადგილზე, რაც თითქმის შეუძლებელია.

წარმატება მისურვებია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100