სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლივუდი, როგორც საშიში ქართული იარაღი

რუსულმა პრესამ, ბუნებრივია, ყურადღებას აქცევს „აგვისტოს 5 დღის“ თბილისურ პრემიერას, თუმცა, ეს ყურადღება, როგორც მოსალოდნელიც იყო, უმეტესწილად „შხამიანია“ ხოლმე.

რუსმა ჟურნალისტებმა „აგვისტოს 5 დღის“ გადაღების იდეა, დაფინანსება და მისთვის საბოლოო სახის მიცემა პრეზიდენტ სააკაშვილის დაუოკებელ სურვილად მონათლეს, რომელსაც, მათი თქმით, სურვილი სტანჯავდა, ჰოლივუდიც გამოეყენებინა რუსეთთან გაჩაღებულ საინფორმაციო ომში. რასაკვირველია, „აგვისტოს 5 დღის“ პარალელურად მხოლოდ რამდენიმე გამოცემამ ახსენა 2009 წელს გამოსული „ოლიმპიუს ინფერნო“, რომლის სცენარის დაწერაში, ლამის, ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა.

„სლონ.რუ“–მ გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „ჰოლივუდი, როგორც საშიში ქართული იარაღი“, სადაც აღწერილია თბილისური პრემიერის დეტალები, მოსახლეობის განწყობა და თავად ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს წერილიდან:

„სპეციალურად პრემიერისთვის თბილისში ჩაფრინდნენ რეჟისორი რენი ჰარლინი და მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი, ენდი გარსია, რომლებსაც „ხურდად“ ამერიკელი კონგრესმენების მთელი დუჟინი მოჰყვა. მაგრამ შოუს ორგანიზატორებმა ეს არასაკმარისად მიიჩნიეს და თვით შერონ სტოუნიც მოიწვიეს. მართალია, იგი არც ფილმში მონაწილეობს და ადრე არც საქართველოში ყოფილა, მაგრამ აბა რა ელიტარული ღონისძიებაა, თუკი მასში ნამდვილი ლედი – მეჯლისის დედოფალი არ მიიღებს მონაწილეობას? რენი ჰარლინის გელფრენდი – ერიკა, რომელიც რჩეულთან ერთად პოზირებდა, ამ როლისთვის ნამდვილად არ გამოდგებოდა“.

„საპრემიერო ჩვენების დროს თბილისი ერთი დღით კანად გადაიქცა. წითელი ხალიჩა კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ასეულობით ჟურნალისტი, ვიპ–პერსონების ჩავლა ელეგანტურ საღამოს კაბებსა და კოსტიუმებში, პოლიციელების კორდონით შემოსაზღვრული ხალხი... პრემიერის შემდეგ – „ხუთვარსკვლავიანი“ ბანკეტი ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ბიზნესმენებს სამიდან ხუთი ათას დოლარამდე დაუჯდათ. მილიონნახევარი შეგროვდა ფონდში, საიდანაც შემოსავალი გადაირიცხა 2008 წლის აგვიტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებს...“

„ვერ იტყვი, რომ რენი ჰარლინს არ უცდია მიღებული ნორმების დაცვა. ყოველ შემთხვევაში, ფილმში ჩადენილი ყველა სასტიკი და მხეცური ქმედებების ჩამდენებად არამხოლოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეები, არამედ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაქირავებულები არიან გამოყვანილნი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობასთან ანგარიშსწორებისთვის აიყვანეს. მაგრამ ამ დონის პოლიტკორექტულობის მიუხედავად, რეჟისორის ჭეშმარიტი დამოკიდებულება მჟღავნდება ეპიზოდში, როცა მოხდარის კომენტირებისას, ერთ–ერთი გმირი აგრესორ ქვეყანასთან მიმართებაში ამბობს სიტყვებს: „ბებერი, უკბილო ბოზანდარა, რომელიც მაინც მწარედ იკბინება...“

„რენი ჰარლინმა „კარიერაში უმთავრესი ნამუშევარი“ დაარქვა ამ ფილმს, თუმცა არც მას და არც დანარჩენებს, ალბათ, არც აქვთ იმედი, რომ ეს ფილმი სერიოზულ აღიარებას ან შემოსავალს მოუტანთ. ამის მიხედავად, ჰარლინი ტელეკამერების თვალწინ თბილისის აეროპორტში პირქვე დაემხო და ქართულ მიწას აკოცა, პრესკონფერენციაზე კი, ფინეთსა და საქართველოს შორის პარალელის გავლების დროს, იტირა კიდეც...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100