სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ick.ge: დედოფლისწყაროში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

დედოფლისწყაროს რაიონში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა. ბავშვებმა სკოლაში სწავლა შეწყვიტეს. არასრულწლოვნების მშობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ მათ შვილებს ერთმანეთი უყვართ და დაოჯახებას დათანხმდნენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 14 წლის ასაკში კანონი ქორწინებას საერთოდ არ ცნობს.

ამის მიუხედავად, კახეთში მაღალია ადრეულ ასაკში დაოჯახების რიცხვი. ამ მიზეზით ხშირია სკოლის მიტოვების ფაქტები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში.

საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება,რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეულ ასაკში დაოჯახებაა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი 30 წამში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დააფიქსირა ადრეულ ასაკში დაოჯახების მიზნით იძულებით გათხოვების რამდენიმე შემთხვევა, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია.

ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები 15 წლის გოგონა ამბობს, რომ გზიდან მოიტაცეს, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში არასრულწლოვანი აღწერს, რომ 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა, „ეს აუცილებელი წინაპირობაა, ჩემთან რომ დარჩე და არ მიჩივლოო“. გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ. პროკურატურამ გოგონას გამტაცებლები მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ამ ბავშვზე ძალადობის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სტატია გამოაქვეყნა.

ასევე, ლაგოდეხის რაიონში, 16 წლის გოგონა მამამ 45 წლის მამაკაცზე 10 ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა.

არის შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ.

2014 წლის 18 მარტს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 16 წლის გოგონამ თავი იმის გამო მოიკლა, რომ არ დაეთანხმა მამის გადაწყვეტილებას მის გათხოვებასთან დაკავშირებით და ვერც წინააღმდეგობის გაწევა შეძლო.

ყარაჯალის სკოლის დირექტორის ელზა აშიროვას ინფორმაციით, ზუსტად იგივე მიზეზით, სოფელში თვითმკვლელობა 2013 წელსაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი თანასოფლელ მამაკაცზე გაეთხოვებინათ. გოგონა, რომელიც მე–10 კლასის მოსწავლე იყო, გათხოვებაზე უარს ამბობდა.

2012 წელს ყარაჯალას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მე–8 კლასის მოსწავლის გადარჩენა შეძლეს. 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. გოგონას შეყვარებული ჰყავდა, მშობლებს კი მისი გათხოვება სხვა, ეკონომიურად შეძლებულ მამაკაცზე უნდოდათ.

თვითმკვლელობამდე მიყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დასჯადი დანაშაულია და 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, მოცემულ ფაქტებზე პროკურატურას არცერთი მშობელი არ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სპეციალისტების შეფასებით, ადრეულ ასაკში დაოჯახება როცა იგი უკავშირდება განათლების მიღების შეწყვეტას და პროფესიის არ მიღებას, მთელ რიგ პრობლემებს ქმნის ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რადგან ეს გოგონები მოკლებული არიან დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100