სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავა ციხიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "რუსთავი 2 ის" შესახებ ციხიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და ახლობლებს! ეს თავზარდამცემი ტრაგედიაა!

არ ვაპირებ მარჩიელობას და ცხადია, ვერც დანამდვილებით შევძლებ რაიმე ვამტკიცო. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სამი შესაძლო სცენარიდან - თვითმკვლელობა, უბედური შემთხვევა და მკვლელობა - პირველი ყველაზე ნაკლებად სარწმუნოა. არადა გამოძიებამ (მთავრობასთან შეხმატკბილებულად) სწორედ ეს ვერსია შესთავაზა საზოგადოებას, როგორც ერთადერთი და უაპელაციო. უბედურ შემთხვევაზე მხოლოდ მწუხარე სპეკულაციაა შესაძლებელი. ჩემის აზრით ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია, შეკვეთილი მკვლელობით და მისი მკვლელობა უდაოდ უკავშირდება რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ ნახევრად ფარულად მიმდინარე წართმევის კამპანიას. დავალაგოთ ფაქტები და მოვლენები. რაც ყველასათვის ცნობილია: 1. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უდაოდ დაინტერესებულია რუსთავი 2-ზე კონტროლის აღებით. ეს დასტურდება მისი და მისი გუნდის არაერთი განცხადებით (უკანასკნელი იყო კახი კალაძის განცხადება რომ ტელევიზია მალე ,,კანონიერ მფლობელს” დაუბრუნებდა). 2. პროკურატურის მიერ დაწყებული “გამოძიება” რუსთავი 2 -ის გარშემო დიდი ხანია ფარულად მიმდინარეობს. ეს თავად პროკურატურამ აღიარა, როდესაც სააკაშვილის დაკითხვაზე დასაბარებლად საქმეების სია გამოაქვეყნა. ახლა ის რაც ყველამ არ იცის. საქმე შემდგომში მდგომარეობს - ბიძინა ივანიშვილი თვლის რომ რუსთავი 2 მისია და არა აწ განსვენებული კიწმარიშვილის, დვალის, აქიმიძის, ქიბერ ხალვაშის თუ ყარამანიშვილის. ის ამას თვლის ორი, მისთვის უდავო, ფაქტის გამო: 1) რომ მან 2004 წელს “აჩუქა” რუსთავი 2 -ს მის მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია მეცხრე არხი. (ტექნიკური აღჭურვილობით თუ არ აღემატებოდა არ ჩამოუვარდებოდა მაშინდელ რუსთავი2-ს) 2) მთვარი - რომ მაშინდელ მფლობელისთვის გადახდილი თანხა მას ეკუთვნოდა (ეს უკანასკნელი მისი რწმენაა, რადგან ის მაშინ საქართველოს სახელმწიფოს, მთავრობის სახით, ფინანსებით ეხმარებოდა. თუმცა მაშინ საქართველოს მთავრობას ეხმარებოდა undp, osgf (სოროსის ფონდი) და სხვები. ივანიშვილის ლოგიკას რომ მივყვეთ, 2004 წელს მთავრობის ყველა კონტრიბუტორს შეუძლია რუსთავი 2-ზე პრეტენზიის გამოთქმა - მაგრამ მისი ლოგიკა სხვა საკითხია - მას ასე სწამს. ამასთავანვე ივანიშვილს რუსთავი 2 გამარჯვებულის “ტრაფეი”-ად ანუ ნადავლად მიაჩნია. ის რომ ივანიშვილი თვლის, რომ რუსთავი 2-ში ფული უკვე გადახდილი აქვს და არ აპირებს ერთი და იგივე ნივთი ორჯერ იყიდოს მან რამდენჯერმე გაუმეორა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს სააკაშვილს, რაზედაც პასუხად მიიღო რომ ვერც ხვდება რაზე ელაპარაკებოდა. ეს ფაქტი და ივანიშვილის ეს განწყობა დამიდასტურა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე. ისიც ფაქტია, რომ დანარჩენ ორ მფლობელთან დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ივანიშვილის ხელქვეითებს “უკვე ყველაფერი დალაგებული” აქვთ. ამასობაში, იმისთვის რომ ეს საქმე “იუველირული სიზუსტით” წარიმართოს აუცილებელია სასამართლოზე სრული კონტროლი, რასაც ივანიშვილის გეგმით 2015 წლის თებერვლიდან გახდა შესაძლებელი, როცა ამჟამინდელ უზენაეს სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილს გასდის უფლებამოსილების ვადა. ამ საკითხზე სასამართლოსთან კომუნიკაციის ნაწილი ისევე როგორც ე.წ. გამოძიება აბარია დღევანდელ მთავარ პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს, რომელიც ამ თემაზე პირდაპირ აბარებს ანგარიშს ივანიშვილის “საყვარელ დეიდაშვილ” უჩა მამაცაშვილს. შესაბამისად ივანიშვილის გეგმა ნათელია. ის არ აპირებს რუსთავი 2 -ში შევარდნას როგორც პუტინი ომონით შევარდა нтв-ში (იმედის ანალოგია უადგილოა, რადგან იქ კონკრეტული წინაპირობები არსებობდა). ის აპირებს წავიდეს სასამართლოს გზით და პროცესებს სწორედ მაშინ დაამთავრებს, როცა სასამართლოზე კონტროლს აიღებს ანუ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ამ გეგმას ერთადერთი მუხრუჭი ჰქონდა და ეს იყო ეროსი კიწმარიშვილი, ეროსისთან მოლაპარაკება ივანიშვილს არ სურდა პიროვნული შეუთავსებლობის გამო, არნახულად დიდი თანხის გამო, რასაც ეროსი მას ტელევიზიაზე კონტროლს დაუფასებდა ან სულაც უარს ეტყოდა. რაც მთავარია ივანიშვილი თვლის, რომ მან თანხა ამ საქონელში უკვე გადაიხადა და ის ერთს და იმავე ნივთს ორჯერ არ ყიდულობს. ეროსი კიწმარიშვილის გარეშე ეს გეგმა ვერ მოვიდოდა მოქმედებაში, ხოლო ეროსისთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ამას არ და ვერ განახორციელებდა. დღეს ეროსი აღარაა ცოცხალი......... მრავალ წერტილი მრავლის მთქმელ დუმილს ნიშნავს. სწორედ ეს დუმილი მოიყვანს ქვეყანას სამწუხაროდ უფსკრულამდე. P.S ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტების ნამდვილობის დადასტურება ცხადია გამიჭირდება. მაგრამ ჩემი თანამდებობა და მდგომარეობა მაძლევდა საშუალებას ვყოფილიყავი ამა თუ იმ მოვლენის ეპიცენტრში და მქონოდა შესაბამისი ინფორმაცია. რასაც ვამბობ სრული სიმართლეა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ახლობლებს.

გიგი უგულავა აბუსერიძე-ტბელის ქ.11 #9 ბინადარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100