ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალთან ოჯახის წევრებთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდა.
"ზუსტად 25 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან. ეს დღე იქცა ქართველი ხალხის თავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის ერთგვარ სიმბოლოდ. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია, რომ პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ამ ბრძოლას თავი შესწირეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, სწორედ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა განაპირობა 2 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
"ამიტომ მე მოვედი, რომ პატივი მივაგო ამ ადამიანების ხსოვნას", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა სულების მოსახსენებლად 9 აპრილის მემორიალთან უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი აღავლინა.

კომენტარი