სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრანგული გამოცემა ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებზე“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტთა სომხური და ქართული ჯგუფი საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდება. მიზეზი ერთია: ასლან უდოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ჯერ მისი დისკრედიტირება, ხოლო შემდეგ, თუ საჭირო გახდა - თავიდან მოშორება.

რელიგიურ, ეთნიკურ თუ პოლიტიკურ ნიადაგზე „კანონიერი ქურდების“ გაერთიანების შემთხვევა კრიმინალურ სამყაროში ახალი ამბავი არ არის. არც ჯგუფებს შორის დაპირისპირება ყოფილა ცოტა. მაგრამ ის, რაც ახლა იწყება, შესაძლოა, ყველაზე სისხლისმღვრელი, სასტიკი და დაძაბული დაპირისპირება აღმოჩნდეს „კანონიერი ქურდის“ სტატუსის არსებობის განმავლობაში.

როგორც მოსკოვში, ასევე ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ბოლო დროს მომხდარი კრიმინალური თავდასხმები სხვადასხვა რანგის ავტორიტეტებზე სწორედ ამ „დიდი ომის“ დასაწყისის მომასწავებელია. ერთმანეთს „დედ ჰასანისა“ და ტარიელ ონიანის მომხრეები უპირისპირდებიან.

ამ დროისთვის ორივე ბანაკი საკუთარ „პირად შემადგენლობას“ აძლიერებს. „დედ ჰასანმა“ „კანონიერ ქურდად“ კიდევ ხუთი პირი აკურთხა, მაგრამ დაპირისპირებულმა მხარემ უკვე „მონათლული“ ქურდების ბიოგრაფიული შეუსაბამობები აღმოაჩინა და, ყველაფერთან ერთად, „დედ ჰასანი“ ქურდული, დაუწერელი კანონების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

უკვე გავრცელებული ინფორმაციით, „კანონიერი ქურდების“ რიგებს მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალის „მაყურებელი“ – „ცირკაჩი“, ბელორუსის „მაყურებელი“ საშა კუშნერი, წარმოშობით ჩეჩენი, ვინმე გელანი, დაღესტნელი შამილი და სომეხი ეროვნების არმენი შეემატნენ.

„კანონიერ ქურდთა“ ძველი პლეადა კარგა ხანია, „დედ ჰასანს“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ იგი ქურდულ საქმიანობას კომერციასთან ათავსებს, რაც დაუშვებელია. წესით და რიგით, ე.წ. რამკიანებმა მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებით უნდა იცხოვრონ და არანაირი შეხება სახელმწიფოსთან არ უნდა ჰქონდეთ, ხოლო მაშინ, როცა „ქურდი“ მომგებიან ბიზნესში ერთვება, იგი ავტომატურად ხდება გადამხდელი და ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს, საიდანაც თანხა, შესაძლოა, სწორედ კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტის გასაძლიერებლად გამოიყენონ.

როცა ქართულ–სომხური „კანონიერთა“ ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ „დედ ჰასანი“ 5 ახალი „ქურდის“ მონათვლას, იგივე კურთხევას აპირებდა, ისინი კანდიდატებს დახოცვით დაემუქრნენ. ამის მიუხედავად, კურთხევის რიტუალი მაინც შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატუსშეძენილებმაც და „დედ ჰასანმაც“ გამოწვევა მიიღეს.

ქურდული სამყაროს კულუარებში კარგად ჩახედული პირების განმარტებით, შეუძლებელია, დაწყებული დაპირისპირება დიდ სისხლისღვრაში არ გადაიზარდოს. ქართულ–სომხურ დაჯგუფებაში „დედ ჰასანის“ თანაბარი ავტორიტეტის ერთი კრიმინალია – ტარიელ ონიანი, რომელიც ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით ათწლიან სასჯელს იხდის.

სასწორის ორივე მხარეს თანაბარი წონის პინებია, სროლა დასწრებაზეა და ეს დასწრება უკვე დაწყებულია. ტარიელ ონიანი, თავის მარჯვენა ხელთან, მერაბ სუხუმსკისთან ერთად, კარგა ხანია, ჰასანს უპირიპირდება. მიზეზი ძველი, ნაცნობი და გაცვეთილია: გავლენის სფეროები.

რუსი სამართალდამცველები საკმაოდ შეშფოთებულნი არიან კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებზე გახშირებული თავდასხმებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ უამრავი მკვლელობა მოხდა:

2010 წლის 16 სექტემბერს უცნობმა პირებმა, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მუცელში დაჭრეს ასლან უსოიანი იგივე "დედ ჰასანი". იმავე წლის 10 მაისს საბერძნეთში მალხაზ კიტია (მაჰონია) მოკლეს. 2010 წლის 18 მარტს საფრანგეთში მესამე მცდელობის შემდეგ ტარიელ ონიანის ერთ–ერთი უახლოესი მომხრე, ცნობილი "კანონიერი ქურდი" ვლადიმერ ჯანაშია (ლადო) მოკლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ლადო იყოს თანამონაწილე "დედ ჰასანის" უახლოეს მომხრეზე - ვიაჩესლავ ივანკოვზე (იაპონჩიკი) მომხდარი თავდასხმისა, რომელიც მოსკოვში 2009 წლის 28 ივლისს დაჭრეს და რომელიც მიღებული ჭრილობებისაგან იმავე წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

2009 წლის 2 ნოემბერს კი უცნობმა პირმა მოსკოვში შაბთაი კალმანოვიჩი მოკლა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მკვლელობა "იაპონჩიკზე" თავდასხმაზე შურისძიების გამო მისმა მომხრეებმა ჩაიდინეს, ვინაიდან კალმანოვიჩი ასევე სახელდებოდა "იაპონჩიკზე" მომხდარი თავდასხმის თანამონაწილედ. ამას გარდა, ასევე არსებობს ვერსია, რომ "იაპონჩიკზე" თავდასხმა ტარიელ ონიანის (ტარო) კლანის წევრებმა განახორციელეს, თუმცა თავად ონიანი ამას უარყოფს.

„რუსებმა ლაჟვარდოვანი სანაპირო ბრძოლის ველად აქციეს“, – წერს ფრანგული გამოცემა Nice-Matin და აღნიშნავს, რომ "კანონიერი ქურდები" ძალიან ფეთქებადნი არიან და მათ "ომის მთელი კულტურა" გააჩნიათ.

"ესპანეთიდან თავისი პლაცდარმის საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გადატანის შემდეგ ამ ქართულმა, სომხურმა, ბულგარულმა და ჩეჩნურმა მაფიამ აქ ფესვები ღრმად გაიდგა. მართალია, ეს დაჯგუფებები ნარკოტიკებით არ ვაჭრობენ, მაგრამ მათ "ანგარიშზე" მძიმე დანაშაულებების 20 % მოდის. ისინი სპეციალიზირდებიან ქურდობებზე, შეკვეთით ავტომობილების გატაცებებზე და მსხვილ ძარცვებზე", – წერს გამოცემა.

გამოცემა 2010 წელს ჩატარებულ ერთობლივ სპეცოპერაცია „იავას“ იხსენებს, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად 65 „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.

"თუმცა, ახლა უკვე ეს მშვიდობა შესაძლოა კვლავ დაირღვეს. ამას ხელს უწყობს განსაკუთრებული ქურდული მენტალიტეტიც, რომლის თანახმადაც კრიმინალური ავტოროიტეტი არ უნდა ლეგალიზდეს და კანონმორჩილ მდიდრად არ უნდა გადაიქცეს. "კანონიერი ქურდები" ხომ თვალსაჩინო ფუფუნებისათვის არ ქურდობენ, მსხვილ ბანდიტურ სამყაროში შებიჯებით ისინი სიმდიდრის სიძულვილის აღთქმას დებენ. ეს კი მათ კიდევ უფრო მოუხელთებლებად და საშიშებად აქცევს. მსხვილი ბანდიტიზმი ასეთი მაფიოზებისათვის - ეს პრაქტიკულად იდეოლოგიაა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ უღალატებს, ღალატი ხომ კალაშნიკოვის ავტომატის ჯერით ისჯება", – წერს ფრანგული გამოცემა.

ყველაფერი მიანიშნებს, რომ მოსკოვში დაწყებული დაპირისპირება და თავდასხმები მასშტაბურად იზრდება. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს და დიდი კრიმინალური ომის სუნი უკვე ევროპასაც სწვდება. „დედ ჰასანი“ ჯანმრთელობაშერყეული, მაგრამ ფეხზე მყარად მდგარია, ონიანი ციხეში ზის, მაგრამ ეს მისთვის ისეთია, დავალებებს სახლიდან იძლეოდეს. ორი მონსტრის გვერდით სხვადასხვა წონისა და ავტორიტეტის ე.წ. „ქურდები“, ე.წ. „კაი ბიჭები“, ე.წ. „მაყურებლები“ და ე.წ. „არიფები“ დგანან...

წყარო: http://www.nicematin.com/article/cote-dazur/les-mafias-de-lest-reglent-leurs-comptes-sur-la-cote

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100