თუ ჩვენი ბუნების გადარჩენა გვინდა ხუდონი აუცილებლად უნდა აშენდეს

ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებასა თუ მედიაში განსაკუთრებული აჟიოტაჟია ატეხილი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში საკმაოდ ცნობილ პროექტთან – ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოების და სპეციალისტების გარკვეული ნაწილი პროექტს საკმაოდ დადებით აფასებს და თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის ხსენებულ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, გარემოსდამცველების მცირე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სვანეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. თუმცა, პროექტის შესახებ მოსაზრებები ერთგვაროვანია, რომ ხუდონის მშენებლობა საქართველოს ენერგეტიკის საბაზისო პროექტია.

მარად ციცქიშვილი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი: თუ ჩვენი ბუნების გადარჩენა გვინდა ხუდონი აუცილებლად უნდა აშენდეს. ჩვენი ენერგეტიკა დღეს დამოკიდებულია ტყეებზე. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ შეშას უკავია მეტი წილი, ვიდრე ჰიდრორესურსებს. გარდა იმისა, რომ შეშის ენერგეტიკით შორს ვერ წავალთ, 5–6 წელიწადში ტყის მასივების განადგურების რეალური საფრთხე შეიქმნება. რა თქმა უნდა, ხუდონის მშენებლობისას აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ მხარეზე. ჩვენ მოსახლეობა უნდა დავაინტერესოთ, რათა მშენებლობა მათთვის მისაღები იყოს.

გოგი თოფაძე, დეპუტატი: არ ვარ ენერგეტიკის ექსპერტი და კატეგორიულად იმის თქმა, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი, არ შემიძლია. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იგეგმება დამატებითი საწარმოების და ქარხნების გახსნა, რასაც ელექტროენერგია სჭირდება, ჰესის აშენება უნდა მოხდეს. სხვა ქვეყანაზე ენერგოდამოკიდებულება არ არის კარგი, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოშოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ქვეყანა უფრო მეტად გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და აშენდეს უფრო მეტი ჰესი.

ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში: ხედონჰესი, ეს არის ის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ეს ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. ხუდონჰესი გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას. ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი ენერგეტიკის გარეშე ვერ განვითარდება. იმისათვის, რომ სამეწარმეო ბიზნესმა იმუშავოს და განვითარდეს, აუცილებელია ენერგია და იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც გაგვაჩნია. რაც შეეხება ხუდონჰესის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და სიტუაციის გამწვავებას, ვგულისხმობ მოსახლეობის პოზიციას, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანებს მთავრობამ დასაბუთებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოუტანს ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყანას, არ მიაწოდა. კარგი იქნება, თუ ხალხის ინფორმირებულობა ამ მხრივ გაიზრდება.

კომენტარი