სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცმოძრაობის კომენტარი სკანდალურ ვიდეოზე

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"რაც შეეხება კონკრეტულად დაკავების ბრძანებას, ეს იყო ადეკვატური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები და მძიმედ შეიარაღებულები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადეკვატური ქმედება ძალოვანების მიერ იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ის იძახის, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვანების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა", - განაცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, მან დაადასტურა, რომ ვიდეომასალაში საუბარია მუხროვანის სპეცოპერაციის სამზადისზე და აღნიშნულის შესახებ გარკვეული დეტალები განმარტა.

"მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც ჰქონდა მიზნად 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით და პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ცნობილ სისხლიან მოვლენებში კიდევ ერთხელ ჩახრჩობა. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, ბატონები კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი შევარდნაძის მმართველობის დროსაც. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეძლო, განსხვავებით შევარდნაძის პერიოდიდან, ერთი დღის მანძილზე ამ სიტუაციის ამოწურვა ისე, რომ ადგილზე არ ყოფილა არა თუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი. შემდგომში რამდენიმე კვირის განმავლობაში ძებნის ოპერაცია გაგრძელდა და დასრულდა დაკავების ოპერაციით ცხვარიჭამია-თბილისის გზაზე, სადაც ამ ადამიანებმა გასწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა და შესაბამისად, დაკავების ოპერაციის დროს ერთ-ერთი მათგანი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იქნა დაჭრილი, მას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ოპერაცია და დღეს არა თუ ცოცხალია, არამედ დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც გმირი, ისე გაათავისუფლა და მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი", - განმარტა უმცირესობის წევრმა.

აღნიშნულ კონტექსტში, თარგამაძე ფიქრობს, რომ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ "გამოსაძიებელი არაფერია".

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100