სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროსი კიწმარიშვილი "დურუ ხუნჭუას" შეგინებას აღარ დაელოდა

ქართულმა მარგინალურმა ოპოზიციამ ქვების მოგროვების ჟამი დაასრულა და ქვების სროლის ჟამი დაუდგა. მოგროვილი ქვები თავდაპირველად არა ხელისუფლებას, არამედ ერთმანეთს დაუშინეს. ქვების სროლის პროცესის დაწყებაში პირველობა „ქართულმა პარტიამ“ არავის დაუთმო.

„ქართული პარტიის“ პირველი სამიზნე „ალიანსი“ აღმოჩნდა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ბრალდებები „ალიანსიდან“ წასულმა სოზარ სუბარმა (ერთ დროს სუბელიანმა) გაახმაურა. მან ეს ტელეკომპანია „კავკასიაში“, დავით აქუბარდიას მედიატორობით, დავით უსუფაშვილთან პირისპირ მჯდარმა გააკეთა, როცა განაცხადა, რომ ალასანია და ლავროვი მიუნხენში არა შემთხვევით, არამედ წინასწარ დაგეგმილად შეხვდნენ და „ალიანსის“ რუსული ფულით დაფინანსებაზე ისაუბრეს. ამ ბრალდების პასუხად სუბარმა უსუფაშვილისგან „ნაძირალასა“ და „შუა ბრძოლის ველიდან გაქცეულის“ ტიტული მიიღო.

ოქრუაშვილის კომპანიაში შემუშავებული ბრალდებების საპასუხოდ „ალიანსს“ განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ამბობენ, ჩათვალეს, რომ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა ჩადგნენ, ისე კი ამ ბრალდებას „აბსურდული და სასაცილო“ უწოდეს და მიანიშნეს, რომ დემოკრატიის სახელით არ შეიძლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ებრძოლო. უსუფაშვილის ამ განცხადებით „ალიანსმა“ გააშარჟა კიდეც „ქართული პარტიის“ მიერ დიღომში დაგეგმილი აქცია, სადაც ისინი აშშ–ის საელჩოს დამუნათებას აპირებენ. „თუკი მთელ მსოფლიოში დემოკრატიის ნიმუშად აღიარებულ სახელმწიფოს უპირისპირდებით და, პარალელურად, რევოლუციას აანონსებთ, ჩნდება კითხვა, ვინ უნდა აღიაროს თქვენს მიერ მოწყობილი რევოლუცია? ვინ რჩება?“ – იკითხა უსუფაშვილმა და როცა სოზარ სუბარი მაშინვე ჩაეკითხა: „ვინ?“ უსუფაშვილმა დამარცვლით უპასუხა: „რუ–სე–თი!“

მაშ ასე: „ქართულმა პარტიამ“ და „ალიანსმა“ ბრალდებები გაცვალეს. რომელი გაერთიანების იმიჯისთვის აღმოჩნდება უარესი ეს ბრალდებები, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ამ ეტაპზე კი ორი პოლიტიკური სუბიექტის დაპირისპირებამ ოპოზიცია ჯერ დააბნია, მერე კი სამ ნაწილად გაჰყო: ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი დაპირისპირება არავისთვის არაა სასარგებლო და უნდა შეწყდეს, მეორე ნაწილს გულში უხარია, რომ ეს ორი პოლიტგაერთიანება ერთმანეთს „დაეჯახა“, მესამე ნაწილი კი რომელიმე მხარის ბრალდებებს ეთანხმება რუსეთთან ალიანსის თაობაზე.

ასე მაგალითად, „პრაიმ–ტაიმის“ კლუბში გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ ქვა არა, მაგრამ კენჭი კი ესროლა „ალიანსსა“ და მის ლიდერს, როცა განაცხადა, რომ ისეთ პოლიტიკურ ფიგურებს, როგორიც სერგეი ლავროვია, დერეფანში შემთხვევით არ ხვდებიან, თუმცა, მან თავი შეიკავა რაიმე სახის ბრალდებებისგან ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სულ რამდენიმე საათის წინ ქვების სროლა განახლდა. ამჯერად ისინი ეროსი კიწმარიშვილმა მოიმარაგა და, ჯოტია ცაავას შეგინებას აღარ დალოდებია, ისე გადააგდო „ქრისტიან–დემოკრატების“ ბოსტანში: ყოფილმა მედიამაგნატმა და დიპლომატმა განაცხადა, რომ ქრისტიან–დემოკრატებმა „ქართული პარტიის“ რიგებში კუდ–ის ფარული აგენტების შეგზავნა დაიწყეს. პირველ მაგალითად გურჯაანის რეგიონალური ოპოზიციის მენეჯერი დაასახელეს, რომელსაც, კიწმარიშვილის მტკიცებით, კავშირი ჰქონდა კუდ–ის აგენტთან.

ქრისტიან–დემოკრატები, ჯერჯერობით, ამ ბრალდებას არ გამოხმაურებიან – სავარაუდოდ, ქვებს აგროვებენ, რომ საღამოს ტელეეთერიდან „ისროლონ“.

ნათქვამი რომ შევაჯამოთ, გამოვა, რომ ბოლო დღეებში, ფაქტობრივად, ყველა მარგინალური პარტია ქვების მოგროვების პროცესში იყო. ორი დღის წინ ერთ–ერთმა სროლა დაიწყო და მას სხვებიც აჰყვნენ. ჯერჯერობით ქვები არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციური პარტიების ბაღ–ვენახსა თუ ბოსტანში ცვივა.

ეს პროცესი საოცრად წააგავს ერთ–ერთ სცენას გარდაქმნისდროინდელი ეპოქის დროს ჩატარებული თბილისური „კა–ვე–ენ“–იდან, როცა მომხდარი ჩხუბის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამომძიებელი საქართველოს ერთ–ერთი კუთხიდან, სამეგრელოდან ჩამოყვანილ გლეხს ეკითხება, რა და როგორ მოხდაო, ის კი პასუხობს: „იგინებმა მაგინებს რომ აგინეს და აგინებმა მაგინებს რომ აგინეს – მე დავრჩი ნაგინები, ბატონი გამომძიებელი!“

ვინ იქნება შემდეგი?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100