სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ფიქრობს ხალხი, ივანიშვილის იდეაზე სიგარეტის გაძვირებასთან დაკავშირებით?

მას შემდეგ რაც ქვეყნის პრემიერმა სიგარეტის გაძვირების აუცილებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ეს თემა საზოგადოების გარკვეული ნაწილის განხივლის საგანი გახდა. პრემიერის აზრით თამბაქოს ფასის ზრდა, მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაეხმარება, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. დღეს droni.ge-მ სცადა გაერკვია რას ფიქრობს ხალხი სიგარეტის გაძვირების იდეაზე.

თამო (21 წლის, სტუდენტი) არა არ უნდა გააძვირონ სიგარეტი.

მელი (22 წლის, სტუდენტი) აუ მე ვფიქრობ კი, სიძვირემ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მწეველთა რიცხვი და უფულოთათვის მიუწვდომელი გახადოს იგი.

ლევანი (26 წლის) არა არ უნდა მოემატოს ეს არა არის სწორი მიდგომა ამ საკითხისადმი.

დიანა (37 წლის, ექთანი) ძალიან ცუდია როცა ქვეყანაში რამე ძვირდება. მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მთავრობის მიერ სიგარეტის გაძვირებამ მეეჭვება ხელი შეუწყოს მაწევართა რიცხვის შემცირებას, თუმცა ვნახოთ რა შედეგები მოყვება.

გენადი (40 წლის) მემგონი უნდა მოიმატოს, ძალიან ცუდი კია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ყველა ეწევა და რომ გაძვირდება და საყიდელი ფულ არ ექნებათ აღარ მოწევენ.

მზია (40წლის, დიასახლისი) არა არ უნდა მოიმატოს. ნებისყოფა, რომ მქონდეს აქამდე დავანებებდი თავს. სიგარეტის ფასის ზრდა კი არა, ნებისყოფაა მთავარი. თორე დღეს თუ ვერა ხვალ მექნება ფული და ვიყიდი.

დათო (18 წლის, სტუდენტი) მე პირადად არა მწეველი ვარ და სიგარეტი ადამიანს სიცოცხლეს უსწრაფებს, ჯანმრთელობას უზიანებს. კარგი იქნება თუ თავს დაანებებენ მოწევას და ფასს გაუზრდიან.

სოფო ( 55წლის, ძიძა) რა აზრი აქვს? ვინც მწეველია ის მაინც მოწევს.

თომა (65 წლის, გარემოვაჭრე) რა თქმა უნდა, უნდა მოიმატოს, ბევრს საშვალება არ ექნება და ვერ იყიდის. მაგრამ ჩემი აზრით მღვდლებმა უნდა მოუწოდოს მათ, რომ მოწევას თავი დაანებონ. ნამდვილი მორწმუნე სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს. კარგი იქნება თუ სპეციალურ სატელევიზიო გადაცემებს გააკეთებენ და ხალხს მოუწოდებენ სიგარეტის წევას თავი დაანებონ.

ნინო (25 წლის, ტელეწამყვანი) იცი რა ზოგადად მწეველებს ვერ უშველით ვერც სიგარეტის ფასი და ვერც ვერაფერი. ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურია მოწევს თუ არა. როცა ვეწეოდი ფასი სულ არ მაინტერესებდა უბრალოდ ვყიდულობდი. როცა გინდა ადამიანს რამე, იმას გააკეთებ. მეტი არაფერი. ჩემი აზრით დიდი უაზრობაა ფასის მომატება.

ნინო (45 წლის, ძიძა) ალბათ ხელს შეუწყობს მწეველთა რიცხვის შემცირებას.

ეთერი (67წლის, პენსიონერი) საერთოდ უნდა მოისპოს სიგარეტი. გაძვირებას რა აზრი აქვს? მაინც ვალებს დაიდებენ და იყიდიან.

ენვერი (66 წლის, პენსიონერი) ხო ძაან ისეთი კითხვაა ჩემთვის, რომ არ ვეწევი რა გითხრათ. გაძვირება რას მოიტანს? ალბათ მწევლები შეეცდებიან მაინც იყიდონ.

ლელა (36 წლის, გამყიდველი) პრინციპში უნდა გაძვირდეს ერთი მხრივ, რომ ბავშვებმა ვერ იყიდონ. მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დონეს გავითვალისწინებთ არ უნდა გაძვირდეს, ისედაც იაფფასიან სიგარეტს ყიდულობენ. რა გითხრა? პოზიცია არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

მზია (42 წლის, კონდიტერი) ვინც ეწევა ის ამინც მოწევს რამდენის არ უნდა ღირდეს. ჯობია არ გაძვირდეს.

რამაზი (62 წლის, ტაქსისტი) არ უნდა გაძვირდეს. რატომ უნდა გაძვირდეს? ეს არაფერს მოიტანს. სხვა ბევრი რამეა ძვირი და ხალხი იკლებს და მაინც სიგარეტს ყიდულობს. ეხლა გაძვირება შეუშლით ხელს?

ბონდო (65წლის, ტაქსისტი) უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ არ ვიყიდოთ და არ მოვწიოთ.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა პასუხის გაცემას თავი აარიდა, რადგან სიგარეტის შესაძლო გაძვირებაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100