სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყუილს (და მოძრაობა „არას“) მოკლე ფეხები აქვს...

მოძრაობა „არას“ წევრ-გამხმოვანებელი, ლევან ჩიტაძე „ვირტუალურ“ მეზობლებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შს მინისტრი ლოტკინზე ფეშენებელურ ვილას იშენებს. მართალია, ჩიტაძეს ჯერ სიტყვით, მოგვიანებით კი (როდესაც მან მითიური ვილის მეზობლად მცხოვრებ ასაკიან კაცს, ნოდარ გიუნაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა) გიუნაშვილმა ლამის ალიყურ-ალიყურით აუხსნა, რომ ამ ვილის მეპატრონე მხატვარი მამუკა კაკაბაძეა, მაგრამ ჩიტაძე რისი ჩიტი იქნებოდა, მრავალსართულიანი და მრავალეპითეტიანი შეგონება შეესმინა... „დრონი.ჯი“ „არას“ ჩიტაძეს ესაუბრა...

„დრონი.ჯი“: თქვენ გამოაქვეყნეთ ფოტომასალა, სადაც მშენებარე სახლია ასახული და ირწმუნებით, რომ ეს ვილა ქვეყნის შს მინისტრს ეკუთვნის. რა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებთ ამ ინფორმაციას?

ლევან ჩიტაძე: ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ ადგილობრივებიდან, თვითმხილველებისგან და გვაქვს ზუსტი ინფორმცია, რომ ეს არის მინისტრის სახლი. ეს მუშებმაც დაგვიდასტურეს.

- გაქვთ ამ ე.წ. „დადასტურების“ ვიდეო ან აუდიო მასალა? ეს ინფომაცია საჯარო რეესტრში გადაამოწმეთ?

- არა.

- მხოლოდ ვირტუალური მეზობლების ნათქვამზე ამტკიცებთ, რომ ეს სახლი ნამდვილად ქართველ მაღალჩინოსანს ეკუთვნით?

- ეს სახლი სადაც მდებარეობს, არ არსებობს ქუჩა. ეს არის ივერთუბნის დასახლება. ქუჩის გარეშე საჯარო რეესტრი არ გვაძლევს ინფორმაციას უძრავი ქონების მფლობელის შესახებ.

- თუმცა, სახელწოდება ივერთუბანი, უკვე კონკრეტულ მისამართს გულისხმობს... რატომ დაიზარეთ საჯარო რეესტრში მისვლა? იმიტომ ხომ არა რომ ამ შემთხვევაში გამართლდებოდა ანდაზა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს?

- მე ამ ინფორმაციას არ მომცემდნენ. გგონიათ, რეესტრში მეტყოდნენ, ეს ვილები ვის სახელზეა გაფორმებული?

- გამოდის, რომ ცრუ ინფორმაციას აწვდით საზოგადოებას. ამტკიცებთ, რომ მეზობლების ჩვენების საფუძველზე გაქვთ ეს ინფორმაცია. ეთერში გასულ სიუჟეტში კი არცერთი მეზობელი არ ადასტურებს ამ ფაქტს. მხოლოდ ერთი ადგილობრივის კომენტარია, რომელიც კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ ეს ვილა შინაგან საქმეთა მინისტრისაა...

- ოფიციალური დოკუმენტები არცერთ მაღალჩინოსანს არ აქვს, რომ მათ ეკუთვნით რომელიმე ქონება. გარდა ამისა, მხატვარი მამუკა კაკაბაძე არ არსებობს.

- ჩვენთან საუბარში, მშენებარე ვილის გვერდით მცხოვრები მოქალაქე, ნოდარ გიუნაშვილი ამბობს, რომ მამუკა კაკაბაძე არის მისი კურსელი. მან არქიტექტორებთან კონსულტაციით, თავად დააპროექტა ეს ვილა. ამჟამად კაკაბაძე გერმანიაში იმყოფებაო...

- ჩემთვის არასანდოა მაგ პიროვნების ინფორმაცია, ბევრი მიზეზის გამო.

- მეზობლებმა თქვენ პირადად გითხრეს, რომ მათ იქ მისული შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნახავთ (ეს ტელეკომპანია მაესტროს სიუჟეტშიც კარგად ჩანდა). თუმცა, თქვენ მაინც ცდილობთ დაარწმუნოთ საზოგადოება თქვენი ვირტუალური „ინფორმატორის“ არსებობაში, მაშინ, როდესაც ამ ვილის მეპატრონის რეალური მეზობლები ტყუილში გადანაშაულებენ...

- პირადი საუბრების საფუძველზე მივიღე მე ეს ინფორმაცია. ერთადერთი საშუალება, დავამტკიცოთ, რომ ეს ვილები მათია, ხელისუფლების შეცვლაა.

- რა ამბიციური გეგმები გქონიათ... ამისთვის მოიფიქრეთ ასეთი „ხრიკი“? რატომ აირჩიეთ ამ ინფორმაციის გასაჟღერებლად ტელეკომპანია ,,მაესტრო’’? არავისთვის დასამალი აღარ არის, რომ ამ ტელევიზიით „ქართული პარტია“ თავის ინტერესებს გამოხატავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათ თქვენ გამოგიყენეს, როგორც საშუალება, აქციების წინ, ხალხის მოსაზიდად, რათა პროტესტის გრძნობა გაღვივდეს საზოგადოებაში?

- არანაირად არ ვთვლით ასე. არავის არ გამოვუყენებივარ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100