სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი სკოლები დააზიანა სტიქიამ?

სტიქიის შედეგად დაზარალებული სკოლების შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

საქართველოს მასშტაბით სტიქიამ 20 საჯარო სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები. სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქარის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 734 მოსწავლე სწავლობს და შესაბამისად, შენობაც საკმაოდ დიდია. გუშინდელმა ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავის ნახევარი ახადა. თუმცა, სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა, არის შუქი და გათბობა. ერთადერთ საფრთხეს შენობას წვიმა შეუქმნის.

ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა ოზურგეთში დაზიანდა. სკოლები დაზიანდა რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რათა სწრაფად აღმოიფხვრას სტიქიის შედეგები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება. აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, ხოლო შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100