სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიის შედეგები საქართველოში. ვინ აანაზღაურებს ზარალს?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, სტიქიამ აჭარის რეგიონს 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. მთავრობის სახლში გუშინ საღამოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე არჩილ ხაბაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზღვაში შტორმის და ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალზე ინფორმაცია ჟურნალისტებს წარუდგინა.

როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მთავრობა საგანგებო შტაბს ქმნის, რომელსაც თვითონ უხელმძღვენელებს.

"შტაბი იმუშავებს საგანგებო რეჟიმში და დროულად მოახდენს ზარალის დათვლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. შტაბის წევრები შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სტიქიური მოვლენის ეპიცენტრებს ადგილზევე მოინახულებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად მოახდენენ რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად არ გართულდება ფინანსური რესურსების მოძიება. აჭარის მთავრობის აპარატში ამუშავდა 24 საათიანი ცხელი ხაზი 27 20 01, რომელზეც მოსახლეობას შეეძლება დარეკვა და ინფორმაციის დატოვება იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე ზარალი მიადგება. ასევე, დაზარალებულ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცხელი ხაზის 112-ის სერვისითაც", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მან ზარალის შესახებ არსებული მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააზიანა 43 საცხოვრებელი სახლის სახურავი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 9 სახლის სახურავი მთლიანად და 93 სახლის სახურავი ნაწილობრივ. შტორმმა დააზიანა ზღვისპირა ზოლი ქობულეთსა და ბათუმში. ქობულეთში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. დატბორილია ზღვისპირა ქუჩები. ქობულეთის გარკვეულ ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს დღეებში მოხდება დაზიანების აღდგენა. ხაბაძის თქმით, სავარაუდოდ, დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აჭარის რეგიონს მოინახულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში სტიქიური მოვლენების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საგანგებო შტაბს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში შედიან ასევე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები.

როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გუშინ საღამოს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, კურიერი PS-ში განაცხადა, ზარალს მოსახლეობას საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლდება და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100