სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პრეზიდენტი ხალხს თუ არ გვისმენს, გვებადება ლეგიტიმური შეკითხვა, ვის უსმენს?“

კომპანია „არემჯის“ თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა ორჯერ სცადეს, გიორგი მარგველაშვილმა მათი მოსმენა არც დღეს ისურვა.

„დღეს კომპანია „არემჯის“ 8-კაციანი საინიციატივო ჯგუფი ჩამოვედით თბილისში, რათა შევხვედროდით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ის სატკივარი გვეთქვა, რომელიც ამდენი ხანია, გვაწუხებს.

უკვე რამდენიმე თვეა, გვსურს გავესაუბროთ პრეზიდენტს და პირადად მოვუყვეთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დაბა კაზრეთს და მთლიანად ბოლნისის რაიონს აწუხებს ბოლო რამდენიმე წელიწადია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორეჯერ ვიმყოფებოდით მის რეზიდენციასთან და ვითხოვდით ელემენტარულ შეხვედრას, მან არც დღეს ინება ჩვენი მიღება და მოსმენა. არ შეგვხვდა 1000 კაცს, არ შეგვხვდა არც 8 კაცს, მაშინ როდესაც უპრობლემოდ და პირადად ხვდება იმ გრანტიჭამია არასამთავრობოებს, რომლებმაც მას ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდეს, ის უარს აცხადებს მშრომელ ხალხთან შეხვედრაზე, რათა მოისმინოს მეორე მხარის პოზიციაც.

კერძოდ, გვაინტერესებს ხალხის არჩეულ, ჩვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს თუ მართლა აინტერესებს რაში მდგომარეობს ყაჩაღიანის უბნის ე.წ. საყდრისის პრობლემა? პრეზიდენტი ხალხს თუ არ გვისმენს, გვებადება ლეგიტიმური შეკითხვა, ვის უსმენს? „ნაციონალებს“? „თავისუფალ დემოკრატებს“? ნაყოფიას მიერ დაფინანსებულ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტს“? გრანტიჭამია არასამთავრობოებს კახა კოჟორიძის მეთაურობით? თუ იმ ე.წ. არქეოლოგების ჯგუფს ვინმე შტოლნერის მეთაურობით, რომლებიც 9 წლის განმავლობაში თხრიდნენ ე.წ. ბორცვს და მიღებული აქვთ მილიონობით დაფინანსება? თუ უნდა გვისმენდეს ჩვენ მშრომელ ხალხს?

გამოდის, რომ მას არ აინტერესებს მშრომელი ხალხის აზრი და მხოლოდ ცალმხრივად უსმენს და მხარს უჭერს იმ ვიწრო ჯგუფების ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკისათვის ძირგამომთხრელ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში სოციალური აფეთქების მოწყობა და ქვეყნის პარალიზებაა.

ჩვენ გული გვწყდება, რომ გიორგი მარგველაშვილი აღმოჩნდა არა ხალხის, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრების პრეზიდენტი, რომელიც გამოკეტილია ნაციონალურ სასახლეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100