სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „არემჯი“ 20 აპრილს გაზეთ „მთელ კვირა ში“ (რეზონანსი) გამოქვეყნებულ სტატიას - „საყდრისის აფეთქებით ხუთი უძველესი ეკლესია დაზიანდა“ ეხმაურება.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სტატიაში გახმოვანებული უსაფუძვლო, არაკომპეტენტური და გაზვიადებული ბრალდებები ნაწილია იმ ნეგატიური კამპანიისა, რომელიც „არემჯი“ ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად კომპანიის დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ისახავს.

მიმდინარე წლის 14 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც კომპანიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, წერია, რომ მონიტორინგის შედეგად ორსაყდრების ეკლესიებზე შეინიშნება მხოლოდ ძველი, უმნიშვნელო ბზარები, რომლებიც ტაძრებს, ყაჩაღიანის #1 უბანზე კომპანია „არემჯის“ მიერ კანონიერი სამუშაოების დაწყებამდე უკვე ჰქონდა. ამონარიდი წერილიდან:

„სააგენტოს სპეციალისტების მიერ ა/წ 21 იანვარს განხორციელდა ორსაყდრების ეკლესიების მონიტორინგი და დადგინდა, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაზე შეინიშნება ძველი, უმნიშვნელო ბზარები, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის შენობის მდგომარეობას“.

წერილში საუბარია ძველ,უმნიშვნელო ბზარებზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამთო-მოპოვებით სამუშაოებთან. ამას ადასტურებენ სააგენტოს ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია და არ არიან საგაზეთო სტატიაში მოყვანილი რესპოდენტების მსგავსი არაპროფესიონალები.

ასევე მნიშვნელოვანია , რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად პროგრესირებადია და რამდენად ახდენს გავლენას გარემო ფაქტორები არსებულ ბზარებზე, სააგენტოს მიერ ღვთისმშობლის და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე მოეწყო ყალაურები (ბზარების პროგრესირების ინდიკატორი).

წერილში ვკითხულობთ:

„სააგენტოს მიერ მუდმივად ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, არსებული მდგომარეობით ბზარებზე ცვლილებები არ აღინიშნება...“

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამუშაოები არ უქმნის საფრთხეს ახლო-მახლო მდებარე კულტურულ მემკვიდრეობას. ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუდმივად ახორციელებენ მკაცრ მოტიტორინგს.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავსი სენსიტიური სახის ინფორმაციის გავრცელებას, თავი შეიკაონ ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100