სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, საყდრისი დაცვის კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას წყვეტს

როგორც კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გადაწყვეტილება ეს ბოლო პერიოდში კომიტეტისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის მიკერებამ განაპირობა.

კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის განცხადებით, მათ მართლაც ჰქონდათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" კონსულტაციები, თუმცა ეს საყდრისის თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდებოდა მხოლოდ.

"ჩვენ ვართ საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაცია, აქედან გამომდინარე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებთ თანამშრომლობას და ვემიჯნებით ყველას. იყო გარკვეული აქტივობები, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო კომისია იქმნებოდა პარლამენტში და ჩვენ გარკვეული კონსულტაციები "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ირაკლი ალასანიას პარტიასთან გვქონდა. თუმცა ჩვენი დღევანდელი შეხედულება ასეთია. არის კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობები, იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ვიყოთ პარტიებთან და არ უნდა იყოს ეს საერთო ბრძოლა, საერთო ველზე არ უნდა ვიბრძოლოთ პარტიებთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით სამოქალაქო საზოგადოებად და ვრჩებით იმ პლატფორმაზე, რაზეც აქამდე ვიყავით. არცერთი პოლიტიკური ძალა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციებზე და აქტივობებზე აღარ გამოჩნდება და აღარ იქნებიან ისინი წარმოდგენილები. იმ შემთხვევაში თუ მოვლენ, მათ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთონ. ისე პოლიტიკურ ძალებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეუძლიათ დაიცვან საყდრისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა მამალაძემ.

თავის მხრივ, ნინო ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მომხრე თავად იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე საყდრისის დაცვის კომიტეტი ვინმეს საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა, კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ყველას გაემიჯნა.

"თავის დროზე მე ვიყავი მომხრე, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა გვქონოდა. საყდრისი როცა დაანგრიეს ჩვენ მარტონი აღმოვჩნდით, საზოგადოება ვერ გავააქტიურეთ ამ თემის გარშემო. მაპატიეთ, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებშიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ასე თუ ისე გული უნდა შესტკიოდეთ. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველას, ერთად დავმდგარიყავით, მაგრამ არავინ გვეხმაურებოდა. საყდრისის კომიტეტში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შევიკრიბეთ და იმის რომანტიზმი, რომ ყველა, პოლიტიკური პარტიებიც, საზოგადოებაც დავდგებოდით ერთ პოზიციაზე და საყდრისს გადავარჩენდით, ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში საპნის ბუშტივით გასკდა. აქედან გამომდინარე, როდესაც მივხვდით, რომ ყველაფერი ისე არაა და ჩვენ როგორც გამოუცდელი ადამიანები შეიძლებოდა ვყოფილიყავით ან გამოყენებული ან ჩვენგან შეუგნებლად ჩართულები რაღაც პროცესებში, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძის თქმით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და ყველა ჩინოვნიკსა და ექსპერტს ამხელენ, ვინც საყდრისის ნგრევაში მონაწილეობა მიიღო. კომიტეტი ასევე კომპანია "RMG ჯგუფის" მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისა და მუზეუმის შექმნის საკითხზეც აქტიურად იმუშავებს.

"ისინი, ვინც ცდილობენ საყდრისის საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანონ და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიებს დაუკავშირონ, ამას ან არაინფორმირებულობის გამო აკეთებენ ან ეს ყველაფერი გამიზნულად ხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ამით უფრო მეტი ზიანი მიადგება საყდრისს და უნდა გადაიფაროს ის დანაშაული, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა. სახელმწიფომ დაარღვია კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", უკანონო ბრძანების შედეგად დაანგრიეს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც არქეოლოგიურად ბოლომდე შესწავლილი არ იყო. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ყველა ის დანაშაული, რაც მოხდა საყდრისის წინააღმდეგ. ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლად", - განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100