სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ იტყუებიან საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა "იუნესკოსგან" მათ მიერ გაგზავნილ კორესპონდენციაზე საპასუხო წერილი მიიღეს. კომიტეტის წევრებმა ამ საკითხთთან დაკავშირებულ ბრიფინგიც გამართეს და აცხადებდნენ, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია თავის წერილში ამბობს, რომ საყდრისი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაა და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სათანადო ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ პრობლემას. აქვე საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ ბოდიში მოეხადა ქართველი ხალხისთვის და დაუყოვნებლივ აღედგინა ძეგლის სტატუსი.

საინფორმაციო გამოშვება "მოამბისთვის" მიცემულ კომენტარში ირაკლი მამალაძე "იუნესკოდან" მიღებულ წერილზე სიტყვა-სიტყვით აცხადებს: "პირდაპირ, აი ამ განცხადებაში, თეთრით შავზე წერია, რომ საყდრისი არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამას ვეღარავინ ვეღარ გაექცევა და დროა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს და სასწრაფოდ აღუდგინოს ძეგლს სტატუსი."

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "იუნესკოსგან" ამ საკითხთთან დაკავშირებით წერილი რამდენიმე სახელმწიფო უწყებამაც მიიღო, მათ შორის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუნესკოში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. "იუნესკოსგან" გამოგზავნილი წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჯაროვა, რომლის შინაარსი სრულიად არ ემთხვევა საყდრისის მცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი: "ეს ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კულტურის სამინისტრომ, ხოლო შემდგომში სააგენტომ "იუნესკოსგან" მიიღო წერილი, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ეკატერინე სირაძე-დელონეს მიწერა. ამ წერილის შინაარსი სიტყვა-სიტყვით ასეთია: "იუნესკომ მიიღო წერილი არსამთავრობო ორგანიზაციების სოციალური კომიტეტიდან, რომელიც ეხება საყდრისის გადარჩენას და უკავშირდება საყდრისის ოქროს საბადოს. თან ერთვის წინამდებარე წერილს. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეროვნულ დონეზე დაცვის თაობაზე 1972- რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულ ორგანოებს ვთავაზობთ უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. ვსარგებლობთ რა შემთხვევით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიჩინეთ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის დანერგვის პროცესში და გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურება".

თუმცა, დღეს ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ მათ არ უთქვამთ არაფერი საყდრისის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლობაზე: "ჩვენს გაგზავნილ წერილზე "იუნესკოში" ძალიან ღირსეული პასუხი მივიღეთ, რომელმაც ძალიან გააღიაზიანა, როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე "არემჯი". წერილში პრიდაპირ წერია, რომ მადლობას გვიხდიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. ჩვენ არ გვითქვამს, რომ "იუნესკომ" ამ წერილით საყდრისი აღიარა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ასეთ სისულელეს როგორ ვიტყოდით, როცა კულტურის სამინისტრომ ჩამოართვა ძეგლის სტატუსი. მაგდენი არ ვიცით, რომ ქვეყანა თუ ჩამოართმევს ძეგლის სტატუსს, "იუნესკოს" რა უფლება აქვს, რომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს? ეს მთელ რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული.

არანაირი ინტერპრეტაცია არ ყოფილა, ჩვენ ვთქვით ის, რაც ეწერა წერილში, სხვა ვინ როგორ გაიგო არ ვიცი. ჩვენ საზოგადოებას გავაგებინეთ, რომ "იუნესკო" მოუწოდებს ნიკოლოზ ანთიძის უწყებას ანუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომ ის ვალდებულია მიიღოს ზომები კონვენციიდან გამომდინარე რომლის ხელმომწერი საქართველოა. "იუნესკო" მადლობას გვიხდის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის და ეს წერილი არ უნდა წაგვეკითხა? კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მისცა ამ წერილს არასწორი ინტერპეტაცია, თითქოს ჩვენ არ ვიცით, რომ საყდრისს ძეგლის სტატუსი არ აქვს, რათა ეს ამბავი შემდეგ ეს სათავისოდ გამოეყენებინათ. პირამიდებს რომ არ ვიცავ საქართველოში, განა მაგდენი არ ვიცი?" _ აცხადებს ირაკლი მამალაძე.

ფაქტია, "მოამბისთვის" მიცემულ კომენტარში ირაკლი მამალაძე საპირისპიროს ამტკიცებს და საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100