სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სვანეთი დაიცლება იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდა

ახალ გამოწვევებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გაბედულად ხვდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მიმდინარე პროექტებთან ერთად, ახალსაც გეგმავს და ამ მხრივ მისი პოზიცია საკმაოდ მყარი და პრინციპულია.

ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა უწყებისთვის ხუდონჰესის მშენებლობაა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პროექტმა ეკონომიკური სექტორიდან პოლიტიკის რანგში გადაინაცვლა.

რას მოუტანს ქვეყანას ხუდონჰესის მშენებლობა? რას დავკარგავთ, თუ ჰესი არ აშენდება? შესაძლებელია თუ არა მცირე ჰესებით „ხუდონჰესის“ ჩანაცვლება და საერთოდ, რატომ უნდა აშენდეს ხუდონი? ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ დეპუტატებს გიორგი ვოლსკის, დავით დარჩიაშვილს და ლევან ბერძენიშვილს

გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

„მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა ვიცი, რომ ენერგეტიკის განვითარება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. უნდა აშენდეს თუ არა ხუდონი, ან რამდენად ენერგოდამოუკიდებელს გახდის ქვეყანას, ამის თქმა კონკრეტულად გამიჭირდება. დაველოდები იმ კვალიფიციური სპეციალისტების საბოლოო დასკვნებს, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე და კონკრეტულ პოზიციას ამის შემდეგ დავაფიქსირებ. რაც შეეხება არჩევანს, სახელმწიფო თუ ერთი სოფლის ინტერესები - ვფიქრობ სასწორის ორი მხარე არ უნდა იყოს. სოფლის ინტერესებიც და სახელმწიფოს ინტერესებიც ერთ მხარეს უნდა იყოს, რა იქნება მეორე მხარეს, ეს უკვე სხვა საკითხია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს ინტერესი უნდა ემთხვეოდეს სოფლის ინტერესს და პირიქით.“

ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

„ამ საკითხში არ ვარ კვალიფიციური. ამიტომ რაიმეს თქმა ჩემი მხრიდან მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. როგორც მოქალაქე, ვფიქრობ რომ არცერთი ჰესი არ არის ეკოლოგიურად სასარგებლო, მაგრამ ეკონომიკურად მათი არსებობა აუცილებელია. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან საკითხში ჩახედული არ ვარ.“

დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

„სვანეთი დაიცლება იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდა, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის მოთხოვნილებაა კომფორტში ცხოვრება. მთაში, გაჭირვებულ პირობებში, თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად უჭირს ცხოვრება. ან მთაში უნდა შეიცვალოს ცხოვრების პირობები, ან ის ხალხი წავა ისედაც. ეს არის ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა და ტურიზმის და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც ამისთვისაა საჭირო. ხუდონჰესი ეროვნული მასშტაბის პროექტია, რომელიც მხოლოდ სვანეთს კი არა, მთელს საქართველოს ჭირდება. ზოგადად, მთის დაცლა-არდაცლა იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რომ ადამიანები შუა საუკუნეების პირობებში ამყოფო და შენ თვითონ ვაკეში ცხოვრობდე. ქვეყანა თანაბრად უნდა განავითარო მთელი მისი ტერიტორიის მასშტაბით.

ამ საკითხზე ალბათ უფრო დარგის სპეციალისტები უნდა საუბრობდნენ და არა პოლიტიკოსები. ჩემი პოზიცია ის არის, რომ გარემოს დაცვის თემის სპეკულაციით ქვეყნის განვითარებას წერტილი არ უნდა დავუსვათ, თორემ მერე აღარც გარემო იქნება და აღარც ქვეყანა. მაგრამ დეტალურად რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ეს უნდა ვკითხოთ სპეციალისტებს, თანამედროვე ცოდნის ადამიანებს. მე პოლიტიკურ სპეკულაციებში ვერ შევალ, თითქოს ერთი მხრივ ეს ქვეყნის დაღუპვაა და მეორე მხრივ არაფერი არ არის. არც ერთია და არც მეორე. ფაქტია რომ ქვეყანას სჭირდება ენერგია, მაგრამ უნდა აშენდეს თუ არა, ან რას მოუტანს ქვეყანას ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100