სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამიშებს - უცნაურ სექტანტებს, აშშ-ის ციხეში სპეციალური ფორმები შეუკერეს

აშშ-ის კენტუკის შტატში ცნობილი სექტის, ამიშების წარმომადგენლები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი მიდგომით - ცივილიზაციის მონაპოვრის კატეგორიული უარყოფით, ციხეში ჩასვეს. მათი დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ ამიშები უარს ამბობდნენ პოლიციის მითითების შესრულებაზე - აღეჭურვათ თავიანთი საზიდრები სპეციალური მანათობელი ნიშნებით. ეს ნიშნები ყველა სახის ტრანსპორტზე აუცილებლად უნდა იყოს დამაგრებული, როგორც გაფრთხილება სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც სიბნელეში გადაადგილდება. მსგავსი კანონი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც მოქმედებს და მისი უგულებელყოფა ისჯება.

მამაკაცი-ამიშები პოლიციამ შტატში მანამდეც დააკავა. მიზეზი ისევ ზემოთხსენებული კანონის უგულებელყოფა იყო. ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ მართლმსაჯულებამ მაინც გადაწყვიტა 9 ამიშას დაკავება და ისინი ციხეში 10-10 დღით ჩასვა, თანაც, ფულადი ჯარიმაც დააკისრა - მაქსიმუმ, 600 დოლარის ოდენობით.

სექტანტებს ციხეში ახალი პრობლემა შეექმნათ: ამჯერად მათ უარი თქვეს პატიმართა ნარინჯისფერი სამოსის ტარებაზე და მიზეზად ის დაასახელეს, რომ რწმენა უკრძალავთ „მყვირალა ფერის“ ტანსაცმლის ტარებას. ამიშები ცივილიზაციის ყველა მონაპოვარს უარყოფენ: მანქანას, მობილურს, კომპიუტერს, მეტროს და საპარს მოწყობილობებსაც კი. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში აშშ-ის იმ ციხის ადმინისტრაციამ, სადაც ამიშებს 10 დღე უნდა დაეყოთ, შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და მათთვის სპეციალური ფორმა შეაკერინა, რომელიც მუქი ფერისაა.

ამიშები აშშ-ის სხვადასხვა შტატში, კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობენ და ეს დასახლებები დახურულია დანაჩენი სამყაროსთვის. მათ თავიანთი კანონები აქვთ და ქვეყანას, სახელმწიფოს, როგორც ასეთს, არ აღიარებენ: როგორც ამერიკული პრესა წერს, ბარაკ ობამაზეც კი არაფერი სმენიათ.

ამ ადამიანებს კატეგორიულად ეკრძალებათ ფოტოგრაფირება, ხოლო რაც შეეხება მათ სიძულვილს მანქანებისადმი, ამასაც ადვილად ხსნიან: მათი აზრით, ნებისმიერი მანქანა აჩქარებს ცხოვრებას, ეს კი დაუშვებელია. სწორედ ამ მიზეზით ამიშებს ველოსიპედებითა და მოტოციკლებით გადაადგილებაც ეკრძალებათ, განსაკუთრებით კი თვითმფრინავებს უფრთხიან.

მათთვის დასაშვები გადაადგილების ერთადერთი საშუალება ცხენშებმული საზიდარია. ამიშები ცხენების დახმარებით ამუშავებენ მიწას და სწორედ ცხენიანი საზიდრებით მიდიან „საზღვარგარეთ“ - ასე უწოდებენ მეზობელი ამიშების დასახლებას, თუნდაც იგი მათ დასახლებასთან ძალიან ახლოს მდებარეობდეს. ჩქაროსნულ გზატკეცილებზე მათი გადაადგილების დროს თითქმის მთელი მოძრაობა ფერხდება: ყველაზე სულსწრაფი მძღოლებიც კი მოთმინებით ელიან, როდის გადაუხვევს ამიშას საზიდარი რომელიმე დასახლებისკენ. აშშ-ში სპეციალურად ამიშებისთვის საგზაო ნიშანიც კი შეიმუშავეს, რომელიც ყველა მძღოლს ამცნობს, რომ მოთმინებით უნდა აღიჭურვონ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100