სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საყვარელი მამაკაცისა და შვილის სიკვდილით გამოწვეული სევდა: ტკივილით სავსე ედიტ პიაფი

პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ.“

ტკივილითა და დარდით სავსე ცხოვრება, საყვარელი შვილისა და მამაკაცის დაღუპვით გამოწვეული სევდა, თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა და უდიდესი ტრიუმფი სასცენო კარიერაში.... ეს ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის, ცხოვრებაა.. ცხოვრება რომელიც 1915 წლის 19 დეკემბრის ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს დაიწო, როდესაც პარიზის ბნელ და ბინძურ ქუჩაში, იქ, სადაც მხოლოდ მაწანწალები დადიოდნენ, ერთმა ქალმა იმშობიარა. დაიბადა გოგონა. დედა, ალბათ, ბავშვს ქუჩაშივე მიაგდებდა , რომ არა დროულად გამოჩენილი პოლიციელები. ქალი იძულებული გახდა, ჩვილი თავისთან წაეყვანა. ეს ქალი ცირკის მსახიობი, ანეტა მაიარი, ედიტის დედა გახლდათ.
მამა იმ დროს პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ იყო წასული. ლუი გასონი ომიდან დროებით რომ დაბრუნდა და გაიგო, ცოლმა გოგონა გასაზრდელად თავის მშობლებს მიუყვანა, მაშინვე მიაკითხა შვილს და წამოიყვანა. მალე აღმოაჩინეს, რომ გოგონა ბრმა იყო. ექიმებთან მიიყვანეს, მათ კი დაასკვნეს, რომ გოგონა ჩვილობაში თავის ტრავმა მიიღო ან ძლიერი ინფექცია გადაიტანა და სწორედ ამის გამო დაბრმავდა. მაშინ ბებიამ იგი ერთ სამლოცველოში მიიყვანა, რომელსაც ხალხი გაუგონარ სასწაულებს მიაწერდა... და მართლაც მოხდა სასწაული. მოლოცვის შემდეგ, გოგონას თვალის ჩინი დაუბრუნდა. 8 წლამდე მასზე ბებია ზრუნავდა, მოგვიანებით, პატარა ედიტი მამამ ისევ პარიზში წაიყვანა. 15 წლამდე პიაფი ქუჩის სანახაობებში მონაწილეობდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მომღერალი კაბარეში არ მიიწვიეს.
კაბარეში ედიტ პიაფმა ლუი დიუპონომი გაიცნო, რომელსაც ცოლად გაჰყვა. შეეძინათ გოგონა, მარსელი. ლუი ცოლის ხარჯზე ცხოვრობდა და ედიტმა გადაწყვიტა, დაშორებოდა. ქმარმა, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან, ედიტი შეურიგდებოდა, გოგონა თავისთან წაიყვანა. ორი თვის შემდეგ, ედიტმა გაიგო, რომ ბავშვი ცუდად იყო. მიაკითხა მას და საავადმყოფოში დააწვინა. იმ დროს, მთელს ევროპაში, "ისპანკა" მძვინვარებდა, რომელმაც მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ედიტი თავის გოგონას ერთი წუთითაც არ მოშორებია. თვითონაც დაავადდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ედიტი კი გადარჩა.. ედიტს მარსელის გარდა, შვილი აღარ შეძენია.
უსახსროდ დარჩენილს იმის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ შვილი დაესაფლავებინა და კვლავ ქუჩაში გავიდა. ამჯერად არა სასიმღეროდ ... ერთმა კაცმა, რომელმაც ქალთან ღამის გატარება მოისურვა, ჰკითხა თუ რატომ გახდა მეძავი, ედიტმა უპასუხა: მე მეძავი არა ვარ. ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, ფული მჭირდება, რათა შვილი დავასაფლავო... უცნობმა მამაკაცმა ფული მისცა, ისე, რომ სამაგიეროდ არაფერი მოუთხოვია.

ამის შემდეგ, ედიტმა კარიერაში ბევრ წარმატებას მიაღწია. მომღერალი ჯერ ცნობილმა პროდიუსერმა, ლუი ლეპლემ, აღმოაჩინა, შემდეგ კი რეიმონ ასომ, სწორედ მან დაარქვა მომღერალს ედიტ პიაფი. რაიმონმა იგი სახელგანთქმულ "მიუზიკ-ჰოლ ABC"-ში მიიყვანა, სადაც ედიტი საფრანგეთის უდიდეს მომღერლად აღიარეს.

რაც შეეხება ედიტ პიაფის დიდ სიყვარულს, მომღერალს არაერთი გატაცება და რომანი ჰქონია, მაგრამ ის ერთი სულ სხვა და განუმეორებელი იყო. მითი იმის შესახებ, რომ ასეთი სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის, რომანის დასაწყისშივე გაჩნდა.

საფრანგეთში ედიტ პიაფსა და მარსელ სერდანს დღემდე რომანტიკულ წყვილად მიიჩნევენ. ლეგენდარული მომღერალი მას შემთხვევით, სულ სხვა ქვეყანაში შეხვდა. ყველგან, სადაც ედიტი და მარსელი იყვნენ, იქვე ჩნდებოდა ჟურნალისტებისა და პაპარაცების ჯგუფი. პრესა აჭრელებული იყო მათი ფოტოებით. ედიტი მარსელზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, თუმცა გარეგნულად ეს შეუმჩნეველი იყო. მითქმა-მოთქმის შემდეგ, მარსელ სერდანმა გადაწყვიტა, სიმართლე სახალხოდ ეთქვა.
მე და ედიტი საყვარლები ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ცოლად კი იმიტომ ვერ მომყავს, რომ მე უკვე მყავს ცოლიც და შვილებიც. - ამბობდა მარსელ სერდანი.

ამ აღიარებამ შოკში ჩააგდო მთელი საფრანგეთი. ამის შემდეგ, მათ შესახებ "სენსაციური" წერილი აღარ გამოქვეყნებულა. პრესა კიდევ ერთხელ მაშინ აჭრელდა, როდესაც სახელოვანი მოკრივე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ედიტს სიცოცხლე აღარ უნდოდა. რომ არა ერთგული მეგობრები, უსათუოდ თავს მოიკლავდა. ისევ სიმღერამ იხსნა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართა საღამო, რომელიც მარსელს მიუძღვნა.

ედიტ პიაფის ბოლო სასცენო გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა. დარბაზი ისე აღაფრთოვანა პიაფის ცხოვრებამ, რომ ხუთი წუთის განმავლობაში, ოვაციები არ შეწყვეტილა. სწორედ ამ დროს, მომღერალი ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა, რის შემდეგაც ფართო საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. 1963 წლის 11 ოქტომბერს ედიტ პიაფი გარდაიცვალა.

პერ ლაშეზის სასაფლაოზე 40 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი, ბევრი ცრემლსაც ვერ იკავებდა, ედიტის ბოლო განსასვენებელი მთლიანად ყვავილებმა დფარა.

ედიტ პაიფს თაყვანისმცემლები საჩუქრებით ხშირად ანებივრებდნენ, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე, მისთვის ყველაზე ძვირფასი მარსელ სერდანის ნაჩუქარი, ერთი პატარა, ლამაზი თაიგული იყო წარწერით: "ქალს, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ!" მართალია, თაიგული დაჭკნა, მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებულ მომღერალს იგი სიკვდილამდე არ მოუშორებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100