გიორგი კეკელიძე: გავლილი და გასავლელი

2012 წლის 5 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა გიორგი კეკელიძე. გიორგის პირადად ვიცნობ, მაგრამ ჩემზე არანაკლებ კარგად იცნობს საქართველოს წიგნიერი ნაწილი: გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წელს გურიაში, ქალაქ ოზურგეთში. 2001-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2010 წლიდან გიორგი კეკელიძე არის დოქტორანტი საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს კლასიკური ლიტერატურის თემაზე, 2006 წ. დააფუძნა ლიტერატურული ჟურნალ ლ’ილ-ი, 2006—2008 წლებში მუშაობდა რუსთავის № 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2008 წ. გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“. 2009წ. ,,ოდებისთვის” დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემია „საბათი“, 2009წ. მიიღო ბარათაშვილის პრემია, სატელევიზიო გადაცემა ,,წითელი ზონის” პროდიუსერია 2010 წლიდან. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ლიტერატურული პორტალი ლიბ.ჯი, რასაც ყველაზე მეტად უფასებს ალბათ ქართველი მკითხველი გიორგი კეკელიძეს. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერამანულ, ფრანგულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ამის გარდა კიდევ ბევრ პროექტს ხელმძღვანელობს გიორგი, თან ძალიან წარმატებულად და ნამდვილად არ გამკვირვებია, როდესაც ყველაზე დიდ წიგნთსაცავს ჩაუყენეს სათავეში. ჩემი პირადი ურთიერთობა გიორგისთან დაახლოებით სამ წელს მოითვლის. ჩემი სკოლის მოსწავლეები ლიბ.ჯის უგზავნიდნენ რევაზ ინანიშვილისა თუ სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებს და ამატებდნენ ელექტრონულ საცავს. ამას შემდეგ მოჰყვა დამწყები და ნაკლებად ცნობილი მწერლების ნაწარმოებების დამატება ჩემი თხოვნით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ლიბჯგუფს უარი ეთქვა ჩემგან რეკომენდირებული შემოქმედის ნაწარმოებების განთავსებაზე, მართალია, ზოგჯერ იგვიანებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური მხარის გაუმართაობით აიხსნებოდა.

გიორგი აპირებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა ტრადიციულად გაგრძელდეს: გამდიდრდეს და დაცულ იქნას ეროვნული ბიბლიოთეკა. ნოვაციური თვალსაზრისით აპრილის შუა რიცხვებიდან მოსალოდნელია ელექტრონული ბაზის გამდიდრება, ძველი კადრების შენარჩუნება და გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. გიორგი ამის გარდა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პერიოდიკასა და ბიბლიოთეკის ,,სამუზეუმო ელფერის” შეცვლას. სამწუხაროდ, ეროვნული ბიბლიოთეკა აქამდე ნაკლებად ერეოდა ლიტერატურულ საქმიანობებში. ახალი წიგნების პრეზენტაცია ძირითადად ხდება თითქმის ყველგან, სადაც კი მოსახერხებელი იქნება ავტორისათვის... ამჯერად კი ეს პროცედურა უმეტესად ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება, ასე აპირებს ბიბლიოთეკის ახალი მესვეური.

როცა გიორგის ახალი თანამდებობის შესახებ შევიტყვე, გავიფიქრე, რომ აუცილებლად ბრალად დასდებდნენ, აქაოდა ხელისუფლების გუნდრუკის მკმეველი არის ან კიდევ რაღაც კიდევ მეტ ფანტაზიას მისცემდნენ გასაქანს. ერთმა ელექტრონულმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც ისეთი მარაზმული კომენტარები მიაყოლა მკითხველმა, რომ ბუნებრივად დავსვი კითხვა: ნუთუ ამ ადამიანებს არასდროს სმენიათ გიორგის შესახებ? თურმე ეროვნულ ბიბლიოთეკას არ შეიძლება ახალგაზრდა ხელმძღვანელობდეს, არ უნდა კითხულობდეს ლექციებს ,,თავისუფალ უნივერსიტეტში” და ასე შემდეგ.

ჩემთვის გიორგი კეკელიძე არასდროს ყოფილა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, ის ჩემთვის ,,გურიის პარადოქსის”(და არა მარტო ამ ნაწარმოების) ავტორია და ყველაზე დიდი ელექტრონული ბიბლიოთეკის შემოქმედი.

ყველა ჩვენგანმა ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდა ადამიანს, რათა ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული საქმე ბოლომდე და კარგად გააკეთოს. დამერწმუნეთ, გიორგისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მსოფლიოში ყველა ფინანსური ორგანიზაციის აქტივები და ახალი თანამდებობა მისთვის მხოლოდ დიდი მოვალეობაა. მჯერა, რომ ამ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს!

კომენტარი