„ილუზიონი“ და ყველაზე სასურველი „ილუზიონისტი“ - ოთარ სეფიაშვილი (ვიდეო)

უკვე თითქმის თვრამეტი წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყიდიდან ნამდვილი ფურორი მოახდინა ქართულ და არამარტო ქართულ ტელესივრცეში. ოთარ სეფიაშვილის „ილუზიონი“ მაშინდელ დროში პოპულარობით ჩრდილავდა არამარტო მონათესავე ჟანრის გადაცემებს (თუმცა, მსგავსი გადაცემა არც იყო), არამედ ისეთ მთავარ გადაცემებსაც, როგორიც იყო „მოამბე“, საქართველოში და „ვრემია“ სსრკ-ს მასშტაბით, ხოლო ოთარ სეფიაშვილი კი ის ადამიანი გახლდათ, რომლის რეიტინგი იმ დროს არაფრით იყო ნებისმიერ პოპულარულ პოლიტიკოსზე ან მსახიობზე ნაკლები:

მშვიდი, კეთილი ღიმილითა და ოდნავ მორიდებულად მოსაუბრე „ილუზიონის“ წამყვანი ტელემაყურებელთა კერპად იყო ქცეული.

პირველად ილუზიონი ეთერში 1981 წლის 1 იანვარს გავიდა. თუ პირადი დამოკიდებულების აღწერით ძალიან არ გადაგღლით, გეტყვით, რომ მაშინ 9 წლისა გახლდით, მაგრამ საახალწლო არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული, ჩამსავე თანატოლებთან ერთად (უფროსკლასელებისგან არც იყო გასაკვირი) არა ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის აფეთქებების დეტალებს, არამედ „ილუზიონის“ დაბადებას განვიხილავდი...

ხმაურით „დაბადებულ“ გადაცემას სკანდალები თან სდევდა. როგორც ოთარ სეფიაშვილი იხსენებს, გადაცემის დახურვა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური ტელევიზია საპროტესტო წერილებმა აიკლეს, გადაცემა „ილუზიონი“ მუდამ ბრუნდებოდა.

„თბილისში ერთი ტაქსისტი ქალი იყო, როცა მის მანქანაში ჩავჯექი და მიცნო, სიგარეტის კოლოფი მომაწოდა - დამიწერე, რომ ჩემს მანქანაში იჯექიო“, - სიცილით იხსენებს იმ წლებს ოთარ სეფიაშვილი, რომელიც ნიუ-იორკში „ქრონიკამ“ და ბექა ელბაქიძემ 2009 წელს მოინახულეს.

კომენტარი