სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა რამიშვილი - ხელისბიჭობიდან პროჭორვილელობამდე...

საქართველოში „ყველაზე დამოუკიდებელ“ ჟურნალისტს, შალვა რამიშვილს ახალი პატრონი და მამა–მარჩენალი გამოუჩნდა. „ბიძინაჩემი“ – ასეთი, სიყვარულით აღსავსე ერთსიტყვიანი ფეისბუქ-სტატუსით გამოხატა ცნობილმა პირუთვნელმა კაცმა თავისი დამოკიდებულება ახალი მეპატრონისადმი.

შალვასთვის ახლა ბიძინაა მისი, თორემ თავისი პომპეზური ბიოგრაფიის მიხვეულ–მოხვეულ ლაბირინთებში, კიდევ უამრავ პერსონას გადააწყდებით, მძიმე ქისებით და ბევრი, ბევრი, ფულით, რომელიც ერთადერთი კონკრეტული საგანია ამ ტრიალ ქვეყანაზე, რითაც შალვას მოხიბვლა და მისი ყურმოჭრილი ერთგულების ყიდვა შეიძლება. შალვა მართალს აბსტრაქციები არ უყვარს. ის პრაგმატიკოსი კაცია და პატრონებისგან აღებული ყოველი კაპიკიც, სახლის რემონტისა თუ სხვა წმინდა მატერალური საჭიროებებისათვის, სულ გროშებში აქვს გათვლილ–გაწერილი.

გუშინ, ივანიშვილის პრესკონფერენციაზეც ფრთაშესხმული მიიჭრა. ვინ–ვინ და შალვამ კარგად იცის ფულის ფასი. თუმცა, ამჯერად მცირედ გაუგებრობაშია მოხვედრილი. ამ დროისათვის, ერთი ბატონის მონება რაღაც არ გამოსდის. ცხოვრების ამ ეტაპზე შალვას რამდენიმე, ერთმანეთისგან ზომით, ფორმით და შინაარსით სრულიად განსხვავებული პატრონი ჰყავს.

ერთი მხრივ, ტელეკომპანია „მაესტროს“ შეფები, მაკა ასათიანის რუსეთუმე, მოსკოველი მეუღლის, კოტე გოგელიას წინამძღოლობით, ხოლო მეორე მხრივ, შალვას ძველი დოსტები, ქართველი ხალხის უმადურობით გულდაჩაგრული ძმები გრეჩიხები და ვეებერთელა ერასტი… ამ ჭრელა–ჭრულა კონგლომერატს კი, ახლა ჭორვილელი მესიაც დაერთო. მოკლედ, შალვას ცხოვრებაში განუმეორებელი კონტრასტების და მრავალფეროვნების დრო დადგა.

გახსოვთ ალბათ, ციხიდან გამოსულმა შალვამ საკუთარი ადგილი ვერსად იპოვა. საპყრობილედან ის მთების გადადგმით და ლამის ეპოქალური მნიშვნელობის ახალი რევოლუციით იმუქრებოდა. გულუბრყვილონიც ელოდნენ, რომ ამირანივით ჯაჭვებაწყვეტილი გმირი თავისუფლების მინიჭებისთანავე ისეთებს ჩაიდენდა, რომ მოკვდავთ განაკვირვებდა.

თუმცა, „დარდუბალას“ ავტორმა, ციხის ზღურბლს გადმობიჯებისთანავე, მსუყე ხელფასის იმედით, არც აცია, არც აცხელა, თავი ერთ–ერთ ტელეკომპანიაში დურთა, რომელსაც მისი ოპოზიციონერი ამფსონები „პროსახელისუფლებოს“ უწოდებენ და ამქარი და ფან–კლუბი პირდაღებული მშრალზე დატოვა.

თუმცა, შალვას მაშინ არ გაუმართლა. ციხისშემდგომმა შემოქმედებითმა კრიზისმა თავისი გაიტანა და უმუშევრად დარჩენილს თავის რჩენისათვის ახალი გზები ხომ უნდა ეძებნა. უიღბლოების მფარველ კეთილშობილ რაინდებს რა დალევს და ყოფილმა ტუსაღმაც „მაესტროში“ ჰპოვა ბინა და ტკბილი ლუკმა. ასე გადაიქცა დიდი ცინიკოსი და მიზანთროპი შალვა რამიშვილი „უბრალო ხალხის“ მხარეს მდგომ ქუჩაში მორბენალ, მართალ „ოპოზიციონერად“, რომელიც დედამიწაზე დევებსა და ბოროტ სულებს ებრძვის, რომელზეც ჭორვილელმა თქვა - ხელისბიჭივით დაარბენინებენო...

გადაცემამ, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ პრაქტიკანტი სტუდენტის დონესაც ვერ ქაჩავს, შალვას სულზე მოუსწრო და გადაარჩინა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს კი, უეცრად, ჭორვილადან სანტა–კლაუსი მოევლინა, რომელმაც ქართველი ჟურნალისტების ყიდვაზე ტენდერი გამოცხადა და მადამომატებული შალვაც, რასაკვირველია, უმალ იქ გაჩნდა, სადაც მისი საყვარელი საქმიანობა, გაცხოველებული აღებ–მიცემობა მიმდინარეობს, ისე რომ ყიდვის შეთავაზებაზე გაპროტესტება, კოლეგებისგან განსხვავებით, გულშიაც არ გაუვლია. ხომ ვთქვით, შალვა პრაგმატიზმით უბადლო ნიჭით არის დაჯილდოვებული.

წლები გავიდა და შესაძლოა სახლ–კარის რემონტი მოძველდა, ჰოდა, ამჯერად, შალვა კმაყოფილია, მას კიდევ ერთხელ უჩნდება შანსი, ყველას დაუმტკიცოს საკუთარი გერგილიანობა. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მთაწმინდის სასახლის გრძელ რიგში ადგილი უკვე მყარად დაიჯავშნა... ამქვეყნიური სიკეთის მოხვეჭის იმედით აღვსილი, ახალ ბოსს და მფარველს, უფრო სწორად, მის საბანკო ანგარიშებს, განუზომელი მოწიწიწებით შესცქერის და მილიარდერის სქელი ჯიბიდან საკუთარ წილს მთელი მოუთმენლობით ელოდება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100