ვინ მოკლა ბერია?

ლავრენტი ბერიას მიმოწერა იოსებ სტალინთან

ლავრენტი ბერიას (1899-1953 წწ.) პიროვნება დღემდე მთლიანად ასოცირდება საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ ტრაგიკულ მოვლენებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნის 30-იან წლებში.

ლავრენტი ბერია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის დღემდე წარმოადგენს სახელმწიფო მოღვაწეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ მთელს საბჭოთა კავშირში უამრავი უდანაშაულო ადამიანი იქნა რეპრესირებული. ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის მეორე მხარე (საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილი სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის საგარეო და სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების რეფორმატორი და ხელმძღვანელი) საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.

ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის ასე ცალმხრივად (ე.ი. ტენდენციურად) წარმოჩენა პოლიტიკური დაკვეთის შედეგი იყო და იგი სრულიად გარკვეულ მიზანს ისახავდა. ასე რომ, საზოგადოების დამოკიდებულებას ლავრენტი
ბერიას პიროვნებისადმი, ცხადია გარკვეული საფუძველი აქვს და მას შემთხვევითობას ვერ მივაწერთ.

იოსებ სტალინის გარდაცვალების (1953 წ.) შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსული ნიკიტა ხრუშჩოვი (1953-1964 წწ.), ცხადია, გრძნობდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების ელიტა (ვიაჩესლავ მოლოტოვი, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი, კლიმენტ ვოროშილოვი,
გიორგი ჟუკოვი, ლავრენტი ბერია და სხვ.) მას განიხილავდა როგორც გარდამავალი პერიოდის პოლიტიკურ ლიდერს, რომლის მმართველობა მალე დასრულდებოდა.

მართალია, ნიკიტა ხრუშჩოვი ტიპიური მედროვე იყო, მაგრამ მან ისეთი თვისებები გამოამჟღავნა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, თვით იოსებ სტალინიც კი. ნიკიტა ხრუშჩოვმა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მხარდაჭერით ჯერ ყველაზე ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე _ ლავრენტი ბერია - ჩამოიშორა გზიდან, ხოლო შემდეგ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ თავისი მხარდამჭერებიც არ დაინდო და ხელისუფლებას ჩამოაცილა.

მართალია მედროვემ ერთმმართველობას მიაღწია, მაგრამ უზარმაზარი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირის მართვა მას არ შეეძლო. ნიკიტა ხრუშჩოვს ამისათვის აუცილებელი არც განათლება ჰქონდა და არც გამოცდილება. რაც
მთავარია, მას არ ჰქონდა ავტორიტეტი. იოსებ სტალინის სიცოცხლეში ნიკიტა ხრუშჩოვს სერიოზულ სახელმწიფო მოღვაწედ არავინ განიხილავდა. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების
თვალში ,,ჩვეულებრივი ვიდვიჟენცი“ არაფერს წარმოადგენდა, მას ჰაერივით ესაჭიროებოდა პოლიტიკური კაპიტალი.

მედროვის ალღომ ნიკიტა ხრუშჩოვს არც ამჯერად უმტყუნა. მან გადაწყვიტა (ან ვიღაცამ ჩააგონა) XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების თავისი მიზნებისათვის გამოყენება. ნიკიტა ხრუშჩოვმა კარგად იცოდა (ან დაარწმუნეს), რომ 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობით მრავალი მილიონი ადამიანის სიმპათიას დაიმსახურებდა, დიდ პოლიტიკურ კაპიტალს დააგროვებდა (30-იან წლებში მსჯავრდებული უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ სპეცბანაკებსა და გადასახლების ადგილებში იმყოფებოდა). ცხადია, 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობა გარკვეულ საფრთხესთანაც იყო დაკავშირებული:

I. XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობა, რეპრესიების ისტორიის გამომზიურება დიდ დარტყმას მიაყენებდა საბჭოთა სისტემას;

II. ნიკიტა ხრუშჩოვი, ისევე როგორც საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ცნობილი წარმომადგენლები, უშუალო მონაწილენი იყვნენ 30-იანი წლების რეპრესიებისა.


მედროვემ გამოსავალი ი პოვა. თავის გამოსვლებში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე (1956 წ.) წაკითხულ მოხსენებაში, 30-იანი წლების რეპრესიები საბჭოთა სისტემის ბუნებრივ გამოვლენად კი არ წარმოაჩინა, არამედ ერთი ადამიანის – იოსებ სტალინის ნებად, რომლის მარჯვენა ხელსაც ლავრენტი ბერია წარმოადგენდა. სკკპ XX ყრილობის შემდეგ უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა შეუდგა ამ სიცრუის დასაბუთებას.

საბოლოოდ, ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოთა სისტემის ავტორიტეტის გადარჩენა ვერ შეძლო. ცხადია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საქმეში მეტნაკლებად ჩახედულ არც ერთ მეცნიერსა და პოლიტიკოსს არ დაუჯერებია, რომ მხოლოდ ორი ადამიანის სინდისზე იყო წარმოუდგენელი მასშტაბის რეპრესიები. არავის ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ რეპრესიები საბჭოთა სისტემის არსიდან გამომდინარეობდა და იგი აუცილებელი იყო დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებისათვის.

სამაგიეროდ, ნიკიტა ხრუშჩოვის ,,აღმოჩენით“ კმაყოფილი და გახარებული დარჩა მილიონობით საბჭოთა მოქალაქე, რომელთაც პირადად იწვნიეს რეპრესიების სუსხი, კმაყოფილნი იყვნენ რეპრესირებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.

საბჭოთა პროპაგანდას მიზნის მიღწევას უადვილებდა ის, რომ საბჭოთა მოქალაქეებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების თაობაზე. ამ მოვლენის ამსახველი საარქივო და სხვა ხასიათის მასალა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ეს საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას საშუალებას აძლევდა ნებისმიერი მოვლენა ისე წარმოედგინა, როგორც სურდა.

მოვიყვანთ ერთ მაგალითს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით 30-იანი წლების რეპრესიებს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (შეიქმნა 1934 წლის 10 ივლისს) და ორი სახალხო კომისარი ჰენრიხ იაგოდა (10.VII.1934 _ 26.IX.1936) და ნიკოლაი ეჟოვი (26.IX.1936 – 25.XI.1938). მასობრივი რეპრესიები დაიწყო 1934 წლის დეკემბერში და ძირითადად დასრულდა 1938 წლის გაზაფხულზე. ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა 1938 წლის 25 ნოემბერს, ე.ი. იმ დროს, როცა რეპრესიები ძირითადად დასრულებული იყო.

საბჭოთა პროპაგანდამ შესძლო ის, რომ თითქმის სრულიად მიიჩქმალა ჰენრიხ იაგოდასა და ნიკოლაი ეჟოვის როლი რეპრესიებში და ყველაფერი ლავრენტი ბერიას გადააბრალა. ,,ქართული დუეტი“ (იოსებ სტალინი – ლავრენტი
ბერია) ნიკიტა ხრუშჩოვისათვის პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მომგებიანი იყო. მალე საბჭოთა პროპაგანდის სამსახურში ჩადგა საბჭოთა
ისტორიოგრაფია, საბჭოთა მწერლობა, საბჭოთა კინო...

თავისთავად, XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დაგმობა მისასალმებელი მოვლენა იყო. ამასთან ერთად ძალზე ცუდი იყო ის, რომ ბევრი რამ მიიჩქმალა. ჩვენ ამჯერად რამდენიმე მომენტზე გავამახვილებთ ყურადღებას:

I. სრულიად მიიჩქმალა ის ფაქტი, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით 1934 წლიდან მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. 1938 წლის იანვრიდან ნიკიტა ხრუშჩოვი მასობრივ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა უკრაინაში.

II. არავის ,,გახსენებია“, რომ მასობრივი რეპრესიების გატარებაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ცნობილი წარმომადგენლები: ვიაჩესლავ მოლოტოვი, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი, ლაზარ კაგანოვიჩი, ანასტას მიქოიანი, სემიონ ბუდიონი, კლიმენტ ვოროშილოვი და სხვ.

III. არც ის ,,გახსენებია“ ვინმეს, რომ ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წწ.) დროს საბჭოთა კავშირის
საგარეო დაზვერვა და კონტრდაზვერვა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქარხნები. ლავრენტი ბერია 1944 წლის 3 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირში ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოს,
ხოლო 1945 წლის 20 აგვისტოდან - ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს (ატომური ბომბი გამოცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).

საბჭოთა პროპაგანდისტულმა მანქანამ ,,მოახერხა“ ის, რომ ლავრენტი ბერიას სახელი ამოეშალა საბჭოთა კავშირის ისტორიიდან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისთვის მხოლოდ ჯალათის სტატუსი მიენიჭებინა. ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ვერავინ გაამართლებს ლავრენტი ბერიას როგორც 1934-1938 წლებში საქართველოში მიმდინარე არნახული რეპრესიების მონაწილეს, ვერავინ შესძლებს დაფაროს მისი წვლილი XX საუკუნის 40-50-იანი წლების რეპრესიებში. მიუხედავად ამისა, უსამართლობა იქნებოდა, დაგვევიწყებინა ყველაფერი, ხაზი გადაგვესვა ყველაფრისათვის, რაც ლავრენტი ბერიას, როგორც გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს გაუკეთებია.

ლავრენტი ბერიას (1899-1953) პიროვნება დღემდე მთლიანად ასოცირდება საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ ტრაგიკულ მოვლენებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნის 30-იან წლებში. ლავრენტი ბერია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის დღემდე წარმოადგენს სახელმწიფო
მოღვაწეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ მთელს საბჭოთა კავშირში უამრავი უდანაშაულო ადამიანი იქნა რეპრესირებული.

ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის მეორე მხარე (საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, საბჭოთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილი სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის საგარეო და სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების რეფორმატორი და ხელმძღვანელი) საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.

ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის ასე ცალმხრივად (ე.ი ტენდენციურად) წარმოჩენა პოლიტიკური დაკვეთის შედეგი იყო და იგი სრულიად გარკვეულ მიზანს ისახავდა.

1921 წლიდან, ძალოვან სტრუქტურებში მოღვაწეობის შემდეგ, 1931 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია გახდა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო 1938 წლის აგვისტომდე. 1932 წლის ოქტომბრიდან
1937 წლის აპრილამდე ლავრენტი ბერია იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი.

საქართველოში მიმდინარე რეპრესიებში ლავრენტი ბერიას მონაწილეობა სადღეისოდ ისე თუ ასე შესწავლილია. ამასთან ერთად თითქმის არაფერი ვიცით ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის სხვა სფეროებზე, არაფერი ვიცით
ლავრენტი ბერიას, როგორც საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური ლიდერის შესახებ, მის წვლილზე იმ ეკონომიკური, სოციალურ და კულტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, რასაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნის 30-იან წლებში.

ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს ლავრენტი ბერიას მიერ თბილისიდან მოსკოვში იოსებ სტალინისათვის გაგზავნილ მოხსენებებსა და ტელეგრამებს. ამ დოკუმენტების ანალიზი მკითხველს დაეხმარება, როგორც ზოგადად XX საუკუნის 30-იანი წლების ეპოქის, ისე კონკრეტულად ლავრენტი ბერიას პიროვნების შეცნობაში.

სახელმწიფო მოღვაწის შეფასება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც მის შესახებ ყველაფერი ცნობილი გახდება, ყველა სახის მასალა გამოქვეყნდება. ლავრენტი ბერიას შესახებ კი ჩვენ დღეს ძალიან ცოტა რამ ვიცით. დოკუმენტები დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, (III), ფონდი 14, აღწერა 11, საქმე # 152 და წარმოადგენს მოსკოვში გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს (მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტის მეორე პირებს).

ბერიას ბიოგრაფიის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი მკვლევართათვის და, ცხადია, მკითხველთათვის ცნობილი არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ბევრი სიყალბე და ტენდენციური დასკვნები. სწორედ ამიტომ გვსურს, მკითხველს მივაწოდოთ ფაქტობრივი მასალა ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიიდან.

ლავრენტი პავლეს ძე ბერია დაიბადა 1899 წლის 29 მარტს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგის სოფელ მერხეულში, გლეხის ოჯახში.

განათლება ლავრენტი ბერიამ ბაქოში მიიღო - 1919 წელს დაასრულა ბაქოს საშუალო მექანიკურ-სამშენებლო სასწავლებელი. სწავლობდა ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია.

1917 წლის მარტში ლავრენტი ბერია შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) რიგებში, 1917 წლის ივნისიდან დეკემბრამდე მსახურობდა რუსეთის კავკასიის არმიაში ტექნიკოს-პრაქტიკანტად.

1918 წლის იანვარში, კავკასიის ფრონტზე განლაგებულმა რუსეთის არმიამ საქართველოს ოკუპაციის წარუმატებელი ცდის შემდეგ, ბაქოსაკენ დაიხია. გახრწნილი და დემორალიზებული არმია საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა
ხელმძღვანელობამ (ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი და სხვ.) ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით გამოიყენეს.

1918 წლის აპრილში შეიქმნა ე.წ. ბაქოს კომუნა. 1918-1920 წლებში ლავრენტი ბერია ბაქოში მუშაობდა, ჯერ ბაქოს დეპუტატთა საბჭოს სამდივნოში, ხოლო
ბაქოს კომუნის განადგურების შემდეგ (1918 წლის სექტემბერი) ბაქოს ერთ-ერთ ქარხანაში კანტორის მოხელედ, ხოლო შემდეგ ბაქოს საბაჟოზე.

1920 წლის აპრილში საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიპყრო. 1920 წლის აპრილ-მაისში ლავრენტი ბერია იყო საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოსთან არსებული კავკასიის
ფრონტის სარეგისტრაციო განყოფილების რწმუნებული.

XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ ლავრენტი ბერია საგანგებო დავალებით არალეგალურად გაგზავნა საქართველოში. 1920 წლის ივნისში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7
მაისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის საფუძველზე საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სერგეი კიროვმა ლავრენტი ბერიას გათავისუფლება მოითხოვა.

ლავრენტი ბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გაასახლეს. აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, 1920 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ლავრენტი ბერია მუშაობდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის საქმეთა
მმართველად.

1920 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია დაინიშნა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად. მის მოვალეობას შეადგენდა ბაქოში ბურჟუაზიის ექსპროპრიაციის განხორციელება და ქალაქის მუშათა
საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება.

1921-1922 წლებში ლავრენტი ბერია იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის საიდუმლო პოლიტიკური ნაწილის უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ უფროსი, ბოლოს კი აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა საქართველოშიც წარმატებული გამოდგა.

1922-1924 წლებში იგი იყო ჯერ საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი, ხოლო შემდეგ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმის გამოძიება. მალე ლავრენტი ბერია ისევ დააწინაურეს. 1924-1927 წლებში ლავრენტი ბერია იყო

ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის საიდუმლო-პოლიტიკური ნაწილის უფროსი.

მოსკოვში სათანადოდ დააფასეს ლავრენტი ბერიას ერთგულება და პროფესიონალიზმი. მალე იგი კვლავ დააწინაურეს. 1926 წლის დეკემბერში ლავრენტი ბერია დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური
სამმართველოს უფროსად და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

1931 წლის მარტიდან ნოემბრამდე ლავრენტი ბერია იყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი და ამიერკავკასიის ფედერაციაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი. იოსებ სტალინის ნების თანახმად ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა პარტიულ ორგანოებში გაგრძელდა.

1931 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 1938 წლის აგვისტომდე დაჰყო (ამ პერიოდში ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო).

1931 წლის ნოემბერში ლავრენტი ბერია აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად, ამ თანამდებობაზე მან 1937 წლის აპრილამდე დაჰყო.

1938 წელს პოლიტიკურ ოპოზიციასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულმა იოსებ სტალინმა მისი ფავორიტი მოსკოვში გადაიყვანა. 1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა
სახალხო კომისრის - ნიკოლაი ეჟოვის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იმავდროულად, 1938 წლის 29 სექტემბერს, ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი.

1938 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა, იმავდროულად შეინარჩუნა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 1938 წლის 17 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად თბილისიდან გადაყვანილი მისივე ფავორიტი ვსევოლოდ მერკულოვი დანიშნა.

იოსებ სტალინის დავალებით ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში დიდი წმენდა ჩაატარა. ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა დაახლოებით ნახევარმა თანამდებობა დატოვა,
მათი ნაწილი მსჯავრდებულ იქნა. გადაისინჯა წინა წლებში მსჯავრდებულთა საქმეები. 1939 წელს გადასახლების ადგილებიდან დააბრუნეს ,,უსაფუძვლოდ მსჯავრდებული“ 223,6 ათასი ადამიანი, კოლონიებიდან - 103,8 ათასი ადამიანი.

1938 წლის მარტში ლავრენტი ბერია აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს (1952 წლიდან პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატად. (პოლიტბიუროს წევრი გახდა 1946 წლის მარტში). იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიას ხელში დიდ ძალაუფლებას უყრიდა თავს.

1941 წლის 3 თებერვალს, ისე რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა არ დაუტოვებია, ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე. ამავე დროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემადგენლობიდან გამოყოფილ იქნა სახელმწიფო
უშიშროების მთავარი სამმართველო და იგი დამოუკიდებელ კომისარიატად - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატად გარდაიქმნა.

1941 წლის ივლისში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი კვლავ გაერთიანდა ერთ კომისარიატად - შინაგან საქმეთა
სახალხო კომისარიატად, სახალხო კომისრის თანამდებობა ლავრენტი ბერიამ შეინარჩუნა.

1943 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს კვლავ გამოეყო სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის 30 ივნისს, შეიქმნა საგანგებო ორგანო - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თავმჯდომარე იოსებ სტალინი), რომლის წევრიც ლავრენტი ბერია იყო.

1944 წლის მაისიდან ლავრენტი ბერია დაინიშნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მან 1944 წლის სექტემბრამდე დაჰყო. როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, ლავრანტი ბერია კონტროლს უწევდა სამხედრო მრეწველობას (არტილერიის,
ნაღმმტყორცნების, საავიაციო მოტორების, თვითმფრინავებისა და სხვ.) წარმოებას.

1941-1945 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატსა და სახელმწოფო უშიშროების სახალხო კომისარიატში ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა შემდეგი

სტრუქტურული ერთეულები:

1. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
პირველი სამმართველო (საგარეო დაზვერვა);

2. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
მეორე სამმართველო (კონტრდაზვერვა);

3. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
მესამე სამმართველო (საიდუმლო _ პოლიტიკური);

4. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
მეცხრე სამმართველო (ურანის დაზვერვა,
მოპოვება და გადამუშავება);

5. სახელმწიფო უშიშროების სახალხო
კომისარიატის პირველი სამმართველო (საგარეო
დაზვერვა);

6. სახელმწიფო უშიშროების სახალხო
კომისარიატის მეორე სამმართველო
(კონტრდაზვერვა);

7. სახელმწიფო უშიშროების სახალხო
კომისარიატის მესამე სამმართველო (სამხედრო
კონტრდაზვერვა);

8. სახელმწიფო უშიშროების სახალხო
კომისარიატის მეოთხე სამმართველო (ტერორი და
დივერსია მტრის ზურგში);

1944 წლის 3 დეკემბერს ლავრენტი ბერიას დაევალა ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა. 1945 წლის 25 აგვისტოდან 1953 წლის მარტამდე იგი სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოსთან) არსებულ ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს. (ატომური ბომბი გამოსცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).

1945 წლის 9 ივლისს ლავრენტი ბერიას მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება, ხოლო 1949 წელს სტალინური პრემია გადასცეს. 1945 წლის 29 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ დატოვა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა
სახალხო კომისრის თანამდებობა და მთელ დროს ახმარდა სახალხო კომისართა საბჭოში (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოში) მოღვაწეობას, ასევე ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელობას.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობის (1952 წ.) შემდეგ იოსებ სტალინმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმთან შექმნა ,,ხელმძღვანელი ხუთეული“, რომლის წევრიც ლავრენტი ბერია იყო.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953 წლის 5 მარტი) ლავრენტი ბერიამ პოზიციები შეინარჩუნა. იგი იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ამავე დროს სათავეში ედგა 1953 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო
უშიშროების სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ სამინისტროს - საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ახალი პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოიკვეთა. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდა სამეული - ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშჩოვი. პირველი დღიდანვე მათ შორის ფარული ბრძოლა დაიწყო.

ლავრენტი ბერიას ინიციატივით 1953 წლის 9 მაისს გამოცხადდა ამნისტია, რომლის ძალითაც სასჯელაღსრულების ადგილებიდან გათავისუფლდა 1,2 მილიონი ადამიანი, შეწყდა რამდენიმე გახმაურებული საქმის (მაგალითად, ,,ექიმთა საქმის“, ,,მეგრელთა საქმის“) ძიება, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა დაახლოებით 400 ათასი ადამიანის მიმართ.
ლავრენტი ბერია მოითხოვდა სამხედრო ხარჯების შემცირებას, ზოგიერთი ძვირადღირებული პროექტის (მაგალითად, თურქმენეთის მთავარი არხის, ვოლგა - ბალტიის არხის და სხვ.) დაფინანსების შეწყვეტას.

ლავრენტი ბერიას დაჟინებული მოთხოვნით საბჭოთა მხარე დათანხმდა კორეაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას. იგი ცდილობდა იუგოსლავიასთან ურთიერთობის მოგვარებას, წინააღმდეგი იყო
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და მოითხოვდა გერმანიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას.

ყოველივე ეს ,,ცივი ომის“ თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა. ლავრენტი ბერიას პოლიტიკური კურსი ძალზე პოპულარული გახდებოდა, რაც ხელს არ აძლევდათ გიორგი მალენკოვსა და ნიკიტა ხრუშჩოვს, ასევე საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სხვა წარმომადგენლებს
ვიაჩესლავ მოლოტოვს, ნიკოლაი ბულგანინს, ლაზარ კაგანოვიჩს, კლიმენტ ვოროშილოვს, გიორგი ჟუკოვს და სხვ.

საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ კრემლში ქართველთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო. 54 წლის ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის
სათავეში მოსვლა მათთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. ,,ვიდვიჟენცები“ კარგად გრძნობდნენ, რომ ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება მათი კარიერის დასასრულს ნიშნავდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა შეძლო გიორგი მალენკოვის მიმხრობა, მას მხარს უჭერდნენ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის
ცნობილი წარმომადგნენლები (ლაზარ კაგანოვიჩი, ნიკოლაი ბულგანინი, გიორგი ჟუკოვი და სხვ.).

ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ 1953 წლის ივნისში მოეწყო შეთქმულება. შეთქმულებისა და ლავრენტი ბერიას მკვლელობის დეტალები დღემდე ცნობილი არ არის.

არსებობს რამოდენიმე ვერსია:

I. ლავრენტი ბერიას თვითმფრინავი ბერლინიდან მოსკოვისაკენ ფრენისას ჰაერშივე გაანადგურეს.

II. ლავრენტი ბერია დააპატიმრეს მოსკოვში თვითმფრინავის დაშვებისთანავე და იქვე დახვრიტეს.

III. ლავრენტი ბერია მოკლეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ;

IV. ლავრენტი ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს მოსკოვში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს.

ოთხი ვერსიიდან პირველი, მეორე და მესამე საყურადღებოა და დამატებით კვლევა-ძიებას იმსახურებს. რაც შეეხება მეოთხე ვერსიას, (დაპატიმრება, გასამართლება და ექვსი თვის შემდეგ დახვრეტა) იმდენად უსუსურია, რომ იგი, ჩვენი აზრით, სერიოზული მსჯელობის საგნად არ შეიძლება იქცეს.

ლავრენტი ბერიას მეუღლე – ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი (1905-1991 წწ.), კ.ა. ტიმირიაზევის სახ. სოფლის მეურნეობის აკადემიის მეცნიერი თანამშრომელი, 1953 წლის ივლისში დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს.

ვაჟი - სერგო ბერია (დაიბადა 1925 წელს) მოგვიანებით იძულებული გახდა დედის გვარზე გადასულიყო. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს ნომერ 1 საკონსტრუქტორო ბიუროში. სერგო ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იკვლევდა მამის მკვლელობის ისტორიას.

2000 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის თაობაზე

ჟურნალი "საარქივო მოამბე"


კომენტარი