სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვივატ, კუბა!“-„ვავა, ცხაკაია!“ - ფიდელ კასტრო დღეს 85 წლის გახდა

კუბის რევოლუციის ლიდერს და ამ ქვეყნის უცვლელ მმართველს, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ფიდელ კასტროს დღეს 85 წელი შეუსრულდა. მართალია, ამჟამად ფიდელი ქვეყნის მმართველობის სათავეში არ მოიაზრება, მაგრამ მმართველობა კასტროს ოჯახიდან შორს არ წასულა - კუბის ლიდერი ფიდელის უმცროსი ძმა, რაულ კასტროა.

რასაკვირველია, არაფრისმომცემი, შეიძლება ითქვა, მომაბეზრებელიც იქნება ფიდელ კასტროს ბიოგრაფიაზე და იმაზე საუბარი, როგორ გაიკვლია მან გზა პოლიტიკური მწვერვალისკენ. ამიტომ, მხოლოდ იმას გაგაცნობთ, როგორ აპირებენ „თავისუფალ კუნძულზე“ კომენდანტეს დაბადების დღის აღნიშვნას, მერე კი საქართველოში ფიდელ კასტროს ყოფნასთან დაკავშირებულ ერთ, ანეკდოტად ქცეულ ისტორიას გაგახსენებთ.

რა თქმა უნდა, ფიდელ კასტროს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჰავანაში და არამარტო ამ ქალაქში, უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. მთავარ ღონისძიებად სამსაათიანი სერენადა ითვლება, რომელიც ჰავანაში 9 ქვეყნიდან მოწვეულმა არტისტებმა უნდა შეასრულონ. „ერთგულების სერენადა“ (Serenata a la fidelidad), ასე ჰქვია ამ სამსაათიან გამოსვლას და იგი მთლიანად ფიდელ კასტროს ეძღვნება. მისი შესრულება თბილისის დროით დილის 5 საათზე იყო დაგეგმილი, ასე რომ, ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგრო უსმენენ ამ წუთებში გულაჩუყებული კუბელები და საიუბილეო საღამოზე მიწვეული სტუმრები ლამაზ ჰანგებსა და სიტყვებს. სერენადის ტრანსლაცია კუბის ტელევიზიით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება ქვეყნებს, კუბაში ჩავიდნენ არგენტინის, ბულგარეთის, ჩილეს, ეკვადორის, პარაგვაის, პერუს, ვენესუელისა და ურუგვაის წარმომადგენლები.

თავად ფიდელ კასტრო ამ ღონისძიებებს არ ესწრება. იგი მხოლოდ სერენადის დასაწყისში გამოჩნდა, შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, ხელი დაუქნია და ცოტა ხანს მცველებით გარშემორტყმული იჯდა, მერე კი თავყრილობა დატოვა, ფიდელის გამოჩენას, რა გასაკვირია და - მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

სწორედ ასე შეხვდნენ ფიდელ კასტროს გაქანებული კომუნიზმის მშენებლობისას, როცა ის საქართველოში ყოფნის დროს დედაქალაქიდან ცახკაიაშიც იყო ჩასული. ეს ამბავი ანეკდოტადაა ცნობილი, არადა, სენაკში რომ იკითხოთ, უხუცესები დღესაც დაგიდასტურებენ, რომ ფიდელი იქ მართლაც იყო ჩასული და შემდეგ ანეკდოტად გავრცელებული ცნობილი ფრაზა სენაკელმა გლეხმა მართლაც მისი ვიზიტის დროს წარმოთქვა. რა თქმა უნდა, მაშინ სენაკს სენაკი კი არა, ცხაკაია ერქვა და კუბის რევოლუციის ლიდერს საქართველოს ამ პატარა, კოპწია ქალაქში კარგად ცნობილი მეგრული სამზარეულოთი და ცხარე-ცხარე კერძებით დახვდნენ.

კუბელ ფიდელს ცხარე კერძებით, მეგრელებიც კი, აბა რას გააკვირვებდნენ, მაგრამ კომანდანტეს შებოლილი ყველი განსაკუთრებით მოწონებია და დაინტერესებულა, როგორ კეთდებაო. რა თქმა უნდა, რეცეპტი აუხსნიათ და ფიდელი საკმაოდაც დაღონებულა, როცა უთხრეს, რომ ჯერ სულგუნი მზადდება სპეციფიკურად და მერე აქედან შებოლილი ყველის მიღებაც საკმაოდ სპეციფიკური ამბავია, კუბაში ეს ვერ მოხერხდებაო. ყველის ამომყვანის და დამამზადებლის საქართველოდან წაყვანაზეც უფიქრია, მაგრამ ბოლოს მაინც იმაზე შეჯერებულან, რომ ფიდელ კასტროსთვის ბევრი შებოლილი ყველი გაეტანებინათ კუბაში.

მაშინ ხომ თქმა და ჰქმნა ერთი იყო და კომუნისტ ჩინოვნიკებს სოფლებში სასწრაფოდ დაუგზავნიათ „უაზები“ - მოსახლეობისგან ორი ღამის განმავლობაში აუარებელი შებოლილი ყველი იყიდეს თურმე და ზოგიერთს გაყიდვა სულაც არ უნდოდა, მაგრამ აიძულეს. შებოლილი სულგუნით დატვირთული მანქანები მეორე დილით, გამთენიისას გაიგზავნა თბილისის აეროპორტისკენ, ხოლო სენაკის რაიკომის შენობის წინ კომუნისტების მიერ მოყვანილ და საკუთარი ნებით მისულ მოსახლეობას მანქანაში ჩაჯდომამდე ფიდელ კასტრომ ხელი აუწია, გაუღიმა და დაიძახა: „ვივატ, კუბა!“ სწორედ მაშინ ჩაულაპარაკებია შებოლილი ყველის გარეშე დარჩენილ ერთ-ერთ გლეხს, რომელმაც კარგად იცოდა წინაღამის ამბები რაიონში: „ვავა, ცხაკაია!..“

და ბოლოს, კიდევ ერთი თემა, რომელიც შეიძლება გავიხსენოთ საქართველოსთან ფიდელ კასტროს კავშირთან მიმართებაში, ეს მისი, ჩვენთვის შეურაცხმყოფელი პოზიციაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ფიდელ კასტრომ თავის წიგნში „კომანდანტეს ფიქრები“ ამ ომთან დაკავშირებითაც დაწერა თავისი აზრი და იქ შავით თეთრზე წერია, რომ ქართველები რუს სამხედროებს დაესხნენ თავს და ეს არ მოხდებოდა, რომ არა ჯორჯ ბუშის დავალება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100