სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა!!!“ - გურამ რჩეულიშვილი (ვიდეო)

,,მთებში დავდივარ, - ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ. როგორც დედა იტყვის ,,სტუდენტის სახე არ მაქვს". ღვინოს ვსვამ - ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ - ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?”-

ძნელი არ არის ამ ფრაზაში ამოიცნოთ ის, ვინც უკვე ნახევარი საუკუნეა ჩვენს გვერდით არაა. სამაგიეროდ, ძნელია იმის წარმოდგენა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი 77 წლის ასაკში, რადგან ვის, თუ არა მას აქვს უფლება, თქვას: „მე ახლაც 26 წლისა ვარ...“.

დიახ, გურამ რჩეულიშვილი დღეს 77 წლის გახდებოდა. მისი, დროის თვალსაზრისით არცთუ დიდი შემოქმედება, ყველაზე ჭეშმარიტს ხდის ფრაზას რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება და რომ სიცოცხლე ღვთიური მისიაა.

მომიტევეთ, თუკი სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისთვისაც გურამ რჩეულიშვილი მხოლოდ კარგი მწერალი არ არის. ღირსება, სამართლიანობა, მამაკაცურობა, განსაკუთრებულობა და, რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია, ჰუმანურობა დღემდე ამ პიროვნებასთან ასოცირდება. თითქოს სამყაროს კანონია, რომ გამორჩეული ადამიანები დიდხანს არ რჩებიან ჩვენს გვერდით – მგონია, რომ უბრალოდ, ვერ ძლებენ.

ხელოვანებს თუ ვერწმუნებით -,,წერდე, გიყვარდეს და ფიქრობდე - ეს უკვე ავი ბედისწერაა !!!“

მაშინ , როცა წერამ აიტანა (პირაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც), თვითონაც ამბობდა:

"სხვა საქმე , რომ მქონდეს , არადროს არაფერს არ დავწერდი.

ღმერთო, რა დავაშავე , რომ წერა დამაწყებინე!

წერა! - თქვენ არ იცით, ეს ნამდვილი წყევლაა...
ო, ზღვაო, რამდენი საწერი მაქვს...და ზღვა, ძალა....
სიყვარულს ვერ ვუძლებ და ვიწვები..."

ამბობენ, ადამიანს, რომელსაც მთის დაუოკებელი სიყვარული აქვს და მუდმივად კლდეებში სახეტიალოდ მიიწევს, განსაკუთრებული ფიქრი და გრძნობა აქვსო, მდუმარეები ხდებიან, ყუჩობენ, ბევრს ფიქრობენ და ცოტას საუბრობენო, მერე მაგალითებად მთათუშები , ხევსურები , მოხევეები და სვანები მოჰყავთ, და ფაქტობრივად, წყალგაუმტარი არგუმენტიც სახეზეა. რჩეულისშვილის შემოქმედებაზე და პიროვნებაზეც ნათელია მთის გავლენა. მასზე დაწერილ მოგონებებში, მისი ჩაცმულობის აღწერისას მეგობრები ყოველთის უსვამენ ხაზს ერთ დეტალს, რომ გურამს მუდამ მაღალყელიანი ,,ბათინკები“ ეცვა, ეს იყო ის, რაც თბილისშიც მთასთან აკავშირებდა.

ლაკონური სიტყვა შემოქმედებაში, მისი ბუნების ყველაზე ნათელი გამოხატვაა. მინიატურები, სადაც რამდენიმე წინადადებაში ყველაფერია ნათქვამი და თანაც სულისშემძვრელად. აი, ორიოდე მათგანი :

მუსტანგები

გადამხმარი ბალახი თითქოს შრიალებდა. იქით, ძალიან იქით, გამოფიტული თიხის გორები იდგა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
გორის ძირი სველი იყო. შეუმჩნევლად ჟონავდა წყალი. მუსტანგები ენით ლოკავდნენ სველ მიწას. მიწა იყო თიხის. იზილებოდა და ილიპებოდა ნალოკი. აქ-იქ დაუნალავი ჩლიქების კვალი რჩებოდა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისაგან სტეპი.
მუსტანგები იდგნენნ და ენით ლოკავდნენ სველ მიწას.
შორიდან, სტეპის სიღრმიდან, ფლოქვების ხმა ისმოდა. ცხენებზე კაცები ისხდნენ: ერთზე მეგზური, მეორეზე ფოტორეპორტიორი. მუსტანგებს ესმოდათ ფლოქვების ხმა, ან არ ესმოდათ. იდგნენ, ლოკავდნენ. მერე იდგნენ და არ ლოკავდნენ.
მხედრებმა გორა იფარეს; ფოტორეპორტიორი დაქვეითდა. ფეხით მიეპარა და „ჩხაკ“ - გადაიღო, კიდევ „ჩხაკ“ და გადაიღო. მუსტანგები იდგნენ. მერე შეკრთნენ. ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
... კონკურსზე საუკეთესო სურათის წარდგენისათვის ვიღაც ფოტორეპორტიორმა პირველი პრემია მიიღო:
სურათზე დამფრთხალი მუსტანგები იდგნენ გამოფიტული თიხის ფორების ძირში და ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა.

პირველი თოვლი

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.
შიოდა.
ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.
შიოდა.
რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.
ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.
შიოდა.
უცებ იგრძნო რაღაც.
ტკივილი? - არა.
რაღაც და გათავდა.
ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:
- მამა, ფეხები მომეყინა, - თქვა ბიჭმა.
- ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, - დაამშვიდა მამამ.

სვანეთში ასულს კი, იმ სულისშემხუთავი სილამაზის ცქერისას ძნელია არ გაგახსენდეს ,,დევების ცეკვა“. უშგული - ადგილი საიდანაც თითქოს ერთხელ უკვე მოსმენილი ,,რიჰჰას“ ჰანგები მოდის, მერე ხვდები, რომ ეს კი არ მოგისმენია, უბრალოდ ნოველა წაგიკითხავს სვანეთზე:

,, ... ...შეუმჩნევლად კარგავს ალი თავის ძალას, წითელი მთვარე თეთრი ხდება, ტრიალებს ძალაგამოლეული ბოლო ძმა ცეცხლის გარშემო, მერე ეცემა და უკვე დამწვარი თავისი ძმების ნაკვერჩხლებში იწვის.
კივილით გარბის გარეთ პატარძალი, არბის კოშკის კიბეებზე, ვარდება, დგება, არბის ისევ და, თეთრ კაბაში გამოწყობილი, დგას მის თავზე; უკანასკნელ ღრუბელს იცილებს თეთნულდი და შიშველი, თავისუფალი თეთრი ზმანებისგან, რომელიც უკვე დაივიწყა, დგას შავ ლოდიანებს შორის.
ეს არის უდიდესი, წმინდა სიჩუმის წამი მზის ამოსვლის წინ.
ამ დროს ვერაფერზე ვერ ფიქრობს ღამენათევი პატარძალი.

.......

,,რიჰ-ააა! დიდება მარიამს უშგულისას,

შესაწირი გინდოდა ძლიერსა! (დევების ცეკვა)“

როგორც მეგობრები ჰყვებიან, ყველაზე მეტად თბილისში დაბრუნებულს უჭირდა, რადგან ქალაქში, განსხვავებული სული ტრიალებდა. უსამართლობა და ინტრიგა ყველაზე მეტად აღიზიანებდა. მასზე ერთი ისტორიაცაა შემონახული: გურამმა ხალხმრავალ ადგილას ლენინის ძეგლს რევოლვერი დამიზნებით ესროლა, რის გამოც დაიჭირეს კიდეც. როცა მისი ახსნა - განმარტების მოსასმენად მოემზადნენ , მან მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა : ,,მე სიჩუმეს ვესროლე“!

მას ყოველთვის ჰქონდა წინათგრძნობა ,რომ ახალგაზრდა გარდაიცვლებოდა, ამბობდა კიდეც , ასე თუ არ მოხდა, გული დამწყდებაო, ალბათ ამიტომაც არ დატოვა არცერთი კითხვა მისი პიროვნების შესახებ, ,,მე მომერია დიდი სურვილი“- ამ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში ყველაფერია ნათქვამი:

მე მომერია დიდი სურვილი

,,მე მომერია დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც
გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი
არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,
არც ჯიბგირი, არც გოღი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,
არც სომეხი, არც რუსი,
არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა
როგორც ერთობა კაცისა და ბუნების
ყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს
თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები
და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.
მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,
მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით
და მიყვარს ლენინი – რატომ არ ვიცი!?
მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით
და კაცი თავისი ნერვიული ხმით,
წინასწარმეტყველში მიყვარს
მისი კაცური ტანჯვა
და არა მისი წინასწარჭვრეტა.
კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.
მე ვიცი:
ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:
კაცის და მხეცის.
ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,
ერთიანი მსოფლიოს
პირველო პოეტო,
ჩემო სამშობლოვ, საქართველო,
მცხოვრებო ცხოვრებით
მთელი მსოფლიოსი.
დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,
ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,
გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,
მღერის შენზე, გრძნობებზე,
ომში ვაჟკაცობაზე,
სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე
და შექსპირი
იყვნენ ღირსი ქართველობის.
ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,
რატომ ტოვებ ჩრდილში
რუსთაველს და საქართველოს,
რატომ? რატომ? რატომ?!
ხომ არ გეშინია შენი თავის?!
აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100