სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

სამშობლოდან მკვლელის სახელით გაძევებული დედოფალ მარიამის ბურუსით მოცული ტრაგედია

„მაგათ ჰგონიათ რომ იმით დამამცირეს რომ ფეხით გადამატარეს ზამთრის გზა თბილისიდან ვოსტოკამდე. ან ახლა მიჭრს რუსეთს გაყინულ მონასტერში ტყვეობა. არა, მე მხოლოდ იმიტომ ვიტანჯები რომ მოკლიბული ვარ ჩემს მიწას, ჰაერს, წინაპრების საფლავებს და ჩემს სვეტიცხოველს.“ - წერდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი, მარიამ ციციშვილი ბაგრატიონი, ქალი რომლის ტრაგედიაც ერთ-ერთია ბოლომდე დაუზუსტებელ ისტორიულ ფაქტებს შორის.

მოგეხსენებათ XIX საუკუნის დამდეგს საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარის მეთაურის გენერალ ლაზარევის მკვლელობა 1803 წელს და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები. მკვლელობა იმთავითვე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლეს, დედოფალ მარიამს დაბრალდა.

ამ ამბის მოკლე ისტორია ასეთია:

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და აღმოსავლეთ საქართველოში რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე, მხარის მმართველობას ქვეყნიდან სამეფო სახლის წევრთა გაყვანისა და რუსეთში გამგზავრების სასწრაფო ამოცანა დაუსახეს.

პეტერბურგში მიიჩნევდნენ, რომ ბაგრატიონების სამშობლოში ყოფნა ქართველ ხალხში სახელმწიფოებრიობის განახლების წყურვილს ასაზრდოებდა. ვიდრე სამეფო ოჯახის მრავალრიცხოვანი შთამომავლობა საქართველოში ეგულებოდა, რუსთხელმწიფე თავს მშვიდად ვერ იგრძნობდა. მით უმეტეს, რომ უკვე 1802 წლის კახეთის თავადთა გამოსვლამ აშკარა გახადა: ბაგრატიონები დაკარგული მეფობის დაბრუნებასა და თავიანთი დინასტიის აღდგენას ესწრაფოდნენ.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავარმართებლად დანიშნულ გენერალ ციციანოვს მიეთითა, თუ ტახტის მაძიებელ ბატონიშვილებს სამშობლოდან ნებაყოფლობით ვერ გაისტუმრებდა, ძალაც გამოეყენებინა.

როგორც ბატონიშვილებმა, ისე დარეჯან და მარიამ დედოფლებმა რუსეთში გამგზავრებაზე გადაჭრით განაცხადეს უარი.

ძალა რუსთა ხელში იყო: 1803 წლის 19 თებერვალს დავით და ვახტანგ ბატონიშვილები საგანგებო ზედამხედველისა და სამხედრო რაზმის თანხლებით რუსეთის გზას გაუყენეს.

ხელისუფლებამ ყურად არ იღო გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამის აღიარებაც, რომ არც მას და არც მის შვილებს ტახტზე პრეტენზია აღარ გააჩნიათ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში დარჩენის ნებართვას ითხოვდნენ. იმპერატორი შეუვალი აღმოჩნდა. რუსული წყაროების თანახმად, ციციანოვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ მარიამი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისიდან გასვლას და ფშავ-ხევსურეთში გახიზვნას აპირებდა. ამ გარემოებას უფრო დაუჩქარებია მთავარმართებლის გადაწყვეტილება, თუნდაც ძალდატანებით, დედოფალი დაუყოვნებლივ გაეგზავნა რუსეთში.

1803 წლის 19 აპრილს, ციციანოვის ბრძანებით, გენერალმა ლაზარევმა ალყა შემოარტყა მარიამის სახლს და დავალების შესრულებას ისე უხეშად შეეცადა, რომ განრისხებული დედოფლის (ზოგიერთი ცნობით, მისი მხლებლის, თავად ნიკოლოზ ხიმშიაშვილის) ხანჯლის მსხვერპლი გახდა.

ლაზარევის მკვლელობაში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, დამნაშავედ თავადაც მსუბუქად დაჭრილი მარიამი მიიჩნიეს.

დედოფალი, როგორც ბოროტმოქმედი, ისე გადაასახლეს.

იგი ჯერ ვორონეჟში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ ბელგოროდის დედათა მონასტერში მიუჩინეს ბინა, სადაც 8 წელი პატიმრობაში გაატარა.

გენერალ ლაზარევის მკვლელობის ფაქტი სპეციალურად არ გამოუძიებიათ. დიდხანს ძალაში იყო პ. ციციანოვის დასკვნა, რომ მკვლელობა დედოფალმა მარიამმა ჩაიდინა. ამ შეხედულებას იზიარებდა საქართველოს მომდევნო მთავარმართებელი გენერალი გუდოვიჩიც.

რუსეთის საიმპერიო ხელისუფლება ლაზარევის მკვლელობით კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დაინტერესდა 1818 წელს, თუმცა მაშინაც დამატებით არაფერი გამოუძიებიათ და დასჯერდნენ მთავარმართებლის - გენერალ ერმოლოვის ინფორმაციას, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებდა ციციანოვის თვალსაზრისს. ასე, რომ მარიამ დედოფალს შერჩა მკვლელის სახელი. თუმცა პლატონ იოსელიანი თვით დედოფალ მარიამის მონათხრობზე დაყრდნობით, მიიჩნევდა რომ ლაზარევი დედოფლის მხლებელმა თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლა, რომელიც სასახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა და ახალციხეში გადაიხვეწა.

1811 წელს იმპერატორმა, როგორც იქნა, შეისმინა მარიამისა და მისი შვილების მრავალგზის თხოვნა და ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალს მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის ნება დართო.

მარიამს მოსკოვში მატერიალურად არ უჭირდა, მაგრამ სიცოცხლეში სამშობლოში დაბრუნებას ვერა და ვერ ეღირსა. იგი 1850 წელს გარდაიცვალა. ნიკოლოზ I-ის განკარგულებით, დედოფლის ცხედარი მცხეთაში ჩამოასვენეს და დიდი პატივით მეუღლის, გიორგი XII-ის გვერდით დაკრძალეს.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100