სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ სცემდნენ ხმას „სოსოია და ხატია“ ფილმის გადაღებისას და რატომ არ შედგა წყვილის სიყვარული?

-ცა ლურჯია, ხატია.

- ლურჯი როგორია?

- ლურჯი ლამაზია...

- მე როგორი ვარ, სოსოია?

- შენ ძალიან ლამაზი ხარ

ყველას ახსოვს ხატია ამ ქვეყნად მხოლოდ მზეს და თავის სოსოიას ხედავდა, სოსოიაც ყველას ახსოვს. გელა ჭიჭინაძე კი ამ ერთი როლით გახდა პოპულარული, ხალხს თავი სოსოიათი დაამახსოვრა და შეაყვარა…

გია ფერაძესთან მეგობრობდა გელა ჭიჭინაძე, გიამ პიონერთა სასახლეში დრამატულ წრეში მიიყვანა. მთავარი როლი მისცეს, მერე რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მარჯანიშვილის თეატრში მიიწვია – „ჯარისკაცის ქვრივში“ ზურიას თამაშობდა – დოდო ჭიჭინაძის სცენური შვილი იყო წელიწადზე მეტხანს და აი, მის კარზე კინომაც დააკაკუნა.

სკოლაში ლანა ღოღობერიძის ასისტენტი მივიდა, „სოსოიას“ ეძებდა – „მე ვხედავ მზისთვის“. ასისტენტს გელაზე მიასწავლეს – არტისტობსო. 15 წლის გელა კინოსტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, უღეს და უღეს სინჯები, ხან რა გრიმს უკეთებდნენ, ხან რა გრიმს, ხან რას აცმევდნენ, ხან რას, ხან რის გაკეთებას ავალებდნენ, ხან რისას, ისიც გულმოდგინედ აკეთებდა – კინოში მოხვედრის დიდი სურვილით. 2 თვე არაფერი იცოდა, მერე დაურეკეს და უთხრეს დამტკიცებული ხარ როლზეო.

ბრახ, გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და… და დაატყვევა ეკრანული „მამიდის“ – ლია ელიავას სილამაზემ. ფილმში მთელი ქართული კინოს ელიტა იყო დაკავებული – სესილია თაყაიშვილი, თენგიზ არჩვაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, კაკო კვანტალიანი, ელენე ყიფშიძე, დუდუხანა წეროძე, სანდრო ჟორჟოლიანი, გოგი გეგეჭკორი… გადასაღებ მოედანზე აღარავის არც მსახიობებს, რეჟისორს და აღარც თავად გელას აღარ ახსოვდათ რომ გელა ერქვა, ყველა სოსოიას ეძახდა. პირველად არაყიც გადასაღებ მოედანზე „ახუხინეს“ – თევზაობის სცენას სოხუმთან იღებდნენ, წყალი გაყინული იყო და პატარა ბიჭს სციოდა, თენგიზ არჩვაძის და „სოსოსიას რუსის“ – რუსი მსახიობ გლებ სტრიჟენოვის მოთხოვნით გელას არაყი დაალევინეს…

რაც შეეხება ხატიას როლის შემსრულებელ ლეილა ყიფიანს, ის ჯერ კიდევ სინჯებისას გაიცნო და დანახვისთანავე შეუყვარდა გელას, ახალციხეში გადაღებების დროს სიყვარულიც აუხსნა, ლეილამ სიტყვა ბანზე აუგდო – სიცილში „გაუტარა“… ნახევარი ფილმი ისე გადაიღეს „სოსოია“ და „ხატია“ ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ… მხოლოდ მოსკოვის ფესტივალზე, ფილმის პრემიერის დროს შერიგდნენ…

„სოსოიას“ მერეც იწვევდნენ ფილმებში, მაგრამ უარს ამბობდა – სოსოიად დარჩა და აღარც მსახიობობა გააგრძელა – სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მთელი ახალგაზრდობა თბილისის ხატვას შეალია…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100